ალიმენტური დისტროფია

ალიმენტური დისტროფია alimentary dystrophy

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ალიმენტური დისტროფია – ხანგრძლივი დროის განმავლობაში კვების უკმარისობით გამოწვეული დაავადება, რომელიც ხასიათდება ზოგადი დაუძლურებით, ყველა სახის ნივთიერებათა ცვლის მოშლით, ორგანოებისა და ქსოვილების დისტროფიითა და მათი ფუნქციის დარღვევით.

ეტიოლოგია, პათოგენეზი. ორგანიზმში საკვები ნივთიერებების არასაკმარისი შეღწევა და მათი შეწოვა, რაც განპირობებულია როგორც ეგზოგენური ასევე ენდოგენური მიზეზებით (საყლაპავის სიმსივნური, ნაწიბუროვანი შევიწროება, ასევე პილორუსის; საჭმლის მონელების და შეწოვის უკმარისობის სინდრომი). გარკვეული მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ აბსოლუტურ, არამედ საკვების კალორიულობის შეფარდებით დაქვეითებასაც, საკვების რაციონის თვისებრივ ცვლილებებს, განსაკუთრებით კი ცილების, ცხიმების დეფიციტს; შეუცვლელი ამინომჟავების უკმარისობა, ცხიმოვანი მჟავეებისა და ვიტამინების (პირველ რიგში ცხიმში ხსნადის). კვების ხანგრძლივი უკმარისობისას ვითარდება ჰიპოპროტეინემია, სხვადასხვა ორგანოებისა და ქსოვილების დისტროფული ცვლილებები, ირღვევა მრავალი ორგანოს ფუნქცია, წარმოიქმნება პოლიგლადულური უკმარისობა. დისტროფიული ცვლილებები საჭმლის მომნელებელი ტრაქტის კედელში და საჭმლის მონელებელ ჯირკვლებში მიმდინარეობს მათი ფუნქციების პროგრესირებადი დარღვევებით და ორგანიზმში ცვლის პროცესების მოშლის გაღრმავებით.

სიმპტომები, მიმდინარეობა. გამოყოფენ ალიმენტური დისტროფიის 3 სტადიას. I სტადია ხასიათდება კვების დაქვეითებით, პოლაკურიით, გაძლიერებული მადით, წყურვილით, სუფრის მარილის მოთხოვნილების გაზრდით. ავადმყოფთა ზოგადი მდგომარეობა მკვეთრად არ ირღვევა. II სტადიაში გამოხატულ სიგამხდრესთან ერთად ზოგადი მდგომარეობა უარესდება, ვითარდება კუნთოვანი სისუსტე, კლებულობს შრომისუნარიანობა, ვლინდება ჰიპოპროტეინემიური შეშუპებები ფეხებზე, სხეულის ზომიერი ჰიპოთერმია. აღინიშნება გაძლიერებული მადა და წყურვილი, პოლი – და პოლაკიურია, დაწყებითი დისტროფული ცვლილებები სხვადასხვა ორგანოებში, ფსიქიკის შეცვლა. III სტადიისათვის დამახასიათებელია კახექსია, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის სრული გაქრობა, კუნთების ატროფია, მკვეთრი სისუსტე, აპათია, ფსიქიკის გამოხატული ცვლილებები, პარესთეზიები, პოლიჰიპოვიტამინოზი, გულის, თირკმელების უკმარისობის ნიშნები, ანემია, მტანჯველი შეკრულობები, ზოგჯერ ნაწოლები. შემდეგში ვითარდება გამოხატული ჰიპოთერმია, ჰიპოტენზია, აციდოზი, ბევრ შემთხვევაში ვითარდება შიმშილით გამოწვეული კომა ან დგება უეცარი სიკვდილი. დაავადების მიმდინარეობა სასწრაფო ზომების მიღების გარეშე პროგრესირებადია, თითქმის კომის განვითარებამდე. ალიმენტური დისტროფიის მესამე სტადიაში ავადმყოფის სიკვდილი დგება თანდათანობითი კვდომით, ან ე. წ. დაჩქარებული სიკვდილით (დღის განმავლობაში), ინფექციური დაავადების თანდართვით, ასევე უეცარი სიკვდილით, მცირედი ფიზიკური დატვირთვის მომენტშიც კი. გართულებები: ინფექციური დაავადების თანდართვა (პნევმონია, ტუბერკულოზი, ნაწლავური ინფექციები და სხვ.).

მკურნალობა. სრული ფიზიკური და ფსიქიკური სიმშვიდის დაცვა პირველ დღეებში, სრულყოფილი, ვიტამინებითა და ცილებით მდიდარი კვება დიეტის თანდათანობითი გაფართოებით. ამავე დროს ვენაში პლაზმის, ცილოვანი ჰიდროლიზატების, ვიტამინების შეყვანა. სიმპტომატური თერაპია: ბრძოლა აციდოზთან, გულისა და სისხლძარღვოვან უკმარისობასთან, შარდმდენი საშუალებები (გამოხატული შეშუპებების დროს), ანაბოლური სტეროიდული ჰორმონები; რეჟიმის თანდათანობითი გაფართოება, სამკურნალო ფიზკულტურა.

საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

2. ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ალიმენტური დისტროფია – დაავადება, რომელიც ვითარდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში საკვები ნივთიერებების არასაკმარისი მიღებით. ხასიათდება ზოგადი გამოფიტვით, ნივთიერებათა ცვლის მოშლით, ორგანოებისა და ქსოვილების დისტროფიითა და მათი ფუნქციების დარღვევებით.

.

 

 

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..