მენინგიტი

მენინგიტი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია 

მენინგიტი– (meningitis; ბერძ. Meninx, meningos + ტვინის გარსი + – itis;) თავის და ზურგის ტვინის გარსების ანთება; განასახვავებენ ლეპტომენინგიტს – ტვინის რბილი და ქსლისებრი გარსების ანთება, არაქნოიდიტს – ქსლისებრი გარსის ანთება, პაქიმენინგიტს – ტვინის მაგარი გარსის ანთება; თუმცა პრაქტიკაში ტერმინის ქვეშ ,,მენინგიტი” იგულისხმება უწინარეს ყოვლისა ლეპტომენინგიტი. მენინგიტი შესაძლოა განუვითარდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანს, თუმცა ყველაზე უფრო ხშირია ადრეული ასაკის ბავშვებში.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

დაავადების გამომწვევია სხვადასხვა ბაქტერიები, ვირუსები, რიკეტსიები, სოკოები. ანთებითი პროცესი ვრცელდება ტვინის რბილ, არაქნოიდულ და მათთან დაკავშირებული პარკუჭთა სისხლძარღვოვან წნულებზე; ირღვევა თავ-ზურგტვინის სითხის შეწოვა და ცირკულაცია, რაც იწვევს ქალაშიდა ჰიპერტენზიის განვითარებას. პროცესში შესაძლოა ჩაერთოს თავისა და ზურგის ტვინის ნივთიერება, ფესვები, ქალას ნერვები, ტვინის სისხლძარღვები.

პირველადი მენინგიტები მიმდინარეობენ როგორც დამოუკიდებელი დაავადებები, მეორადი – წარმოადგენს სომატური დაავადების გართულებას. მენინგიტებისათვის დამახასიათებელია მენინგეალური სინდრომი: თავის ტკივილი, ღებინება, კეფის კუნთების რიგიდობა, კერნიგისა და ბრუძინსკის სიმპტომები, ზოგადი ჰიპერესთეზია, მაღალი ტემპერატურა, თავ-ზურგტვინის სითხის ანთებითი ხასიათის ცვლილებები. სიმპტომების გამოხატულება ფართოდ ვარირებს დაავადების წარმოშობისა და ცალკეული სტადიის მიხედვით.

მენინგიტის დიაგნოზი ეყრდნობა კლინიკური სურათისა და თავ-ზურგტვინის სითხის შემადგენლობის თავისებურებებს, ასევე მისი ბაქტერიოლოგიური და ვირუსულოგიური გამოკვლევის მონაცემებს.

მენინგიტი – მენინგიზმი ტვინის გარსების გაღიზიანება ქსელქვეშა სივრცეში ინფექციის შეღწევის გარეშე (თავ-ზურგტვინის სითხის შემადგენლობა ნორმალურია); ხშირად აღინიშნება ზოგადი დაავადებების პიკის პერიოდში, მიმდინარე ინტოქსიკაციითა და მაღალი ტემპერატურით. თავ-ზურგტვინის სითხის შემადგენლობის მიხედვით მენინგიტები იყოფიან ჩირქოვან და სეროზულ მენინგიტებად. ჩირქოვანი მენინგიტები ხასიათდებიან თავ-ზურგტვინის სითხეში ნეიტროფილური პლეოციტოზით, რომელიც აღწევს 500 უჯრედს 1მლ3 – ში. ჩირქოვანი მენინგიტის გამომწვევებია: მენინგოკოკები, პნევმოკოკები, ჰემოფილური ჩხირი, სტრეპტოკოკები, ნაწლავის ჩხირი და სხვ.

მენინგოკოკური მენინგიტი  – იხ. მენინგოკოკური ინფექცია.

პნევოკოკური მენინგიტი

ავადდებიან უპირატესად ადრეული ასაკის ბავშვები ან 40 წელს გადაცილებული პირები. ინფექციის წყარო და ხელშემწყობი ფაქტორებია ქრონიკული ოტიტები და სინუსიტები, მასტოიდიტები, ქალას ტრავმები, ალკოჰოლიზმი, იმუნური დარღვევები.

პროდრომული სიმპტომები ვლინდება ზოგადი დაუძლურებისა და სუბფებრილური ტემპერატურის სახით. კანის მხრივ ცვლილებები (გამონაყარი) დამახასიათებელი არ არის, გარდა herpes labialis. კლინიკური სურათი ტიპიურია მძიმე ბაქტერიოლოგიური მენინგოენცეფალიტისათვის. დამახასიათებელია ცნობიერების ხანმოკლე გამოთიშვები, კრუნჩხვები და ქალას ნერვების დამბლა; საკმაოდ ტიპიურია თავ-ზურგტვინის სითხის მომწვანო ელფერი.

მკურნალობის გარეშე დაავადება ლეტალურად მთავრდება 4-5 დღეში, თუმცა ადკვატური მკურნალობის დროსაც კი ლეტალობა მაღალია (50%).

ტუბერკულოზური მენინგიტი

უმრავლეს შემთხვევაში ვითარდება ნელა, ვლინდება თავის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ უერთდება ღებინება, ადინამია. დაავადების მეორე კვირის დასაწყისში ვლინდება ქალას ნერვების დაზიანება, როგორც წესი, თვალის მამოძრავებელი და (ან) განმზიდავი; მე-2 კვირის ბოლოს წარმოიქმნება მენჯის ორგანოების ფუნქციის დარღვევები და გონების დაბინდვა. ტუბერკულოზური მენინგიტი შემთხვევათა ნახევარში ვითარდება აქტიური ტუბერკულოზური პროცესის ფონზე, ხშირად ფილტვების ჰემატოგენურ-დისემინირებული ტუბერკულოზიან ავადმყოფებში. ამჟამად დაავადება ერთნაირი სიხშირით აღინიშნება როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში.

ტუბერკულოზური მენინგიტი – პროგნოზი

 დროულად დაწყებული მკურნალობის დროს, რომელიც გრძელდება რამდენიმე თვის მანძილზე, კეთილსაიმედოა და როგორც წესი დგება სრული გამოჯანმრთელება. დაგვიანებული დიაგნოსტიკის დროს, განსაკუთრებით გონების დაბინდვის, ტვინის კეროვანი დაზიანებისა და ჰიდროცეფალიის დროს გამოსავალი არაკეთილსაიმედოა, გადარჩენილ ავადმყოფთა უმრავლესობაში რჩება რეზიდუალური სიმპტომატიკა.

ვირუსული (ასეპტიკური) მენინგიტები

გამომწვევები: კოკსაკის ვირუსი; სეროზული მენინგიტი შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ასევე ნებისმიერი სხვა სახის ნეიროტროპულ ვირუსთან, როდესაც ვირემიის პიკზე პროცესში ერთვება ტვინის გარსები. ეპიდემიური აფეთქების გარეშე ასეპტიკური მენინგიტის კლინიკურ სურათს, როგორც წესი, რაიმე სპეციფიკა არ გააჩნია.

დაავადება იწყება მწვავედ, ან ქვემწვავედ: ზომიერად მომატებული ტემპერატურის ფონზე ვლინდება თავის ტკივილი, ღებინება, ზოგადი დაუძლურება, კისრის კუნთების დაჭიმულობა და კერინგის სიმპტომი. ზოგადი ინტოქსიკაციის გამოხატული ნიშნები ჩვეულებრივ არ აღინიშნება; ხშირია ფარინგიტის მოვლენები; სისხლში ცვლილებები არ არის. თავ-ზურგტვინის სითხეში აღინიშნება ლიმფოციტული პლეოციტოზი

ცილის მცირედი მომატებით გლუკოზის ნორმალური შემცველობის დროს. ვირუსული მენინგიტების დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მენინგიტს (ან მენინგოენცეფალიტს), რომელიც წარმოიქმნება ეპიდემიური პაროტიტის დროს (შემთხვევათა 0,1%).

ნევროლოგიური სინდრომი ვითარდება დაავადების დაწყებიდან 3-6 დღეში. ზოგჯერ პაროტიტული მენინგიტი ღებულობს მძიმე მიმდინარეობას, თავის ტვინის დაზიანებით.

ავადმყოფთა უმრავლესობა ასეპტური მენინგიტით, ექვემდებარებიან ჰოსპიტალიზაციას ინფექციურ განყოფილებაში, ენტეროვირუსული ინფექციის მაღალი კონტაგიოზურობის გამო.

მენინგიტი .  ლალი დათეშიძის და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისაგან

რა არის მენინგიტი?
       ●   მენინგიტი – ტვინის გარსების ანთება, რომელიც გამოწვეულია ბაქტერიების, ვირუსების, რიკეტსიების ან სოკოების მოქმედებით
მენინგიტისთვის დამახასიათებელია მენინგეალური სინდრომი:
      ●   თავის ტკივილი;
      ●   ღებინება;
      ●  კეფის კუნთების რიგიდობა;
      ●  კერნიგისა და ბრუძინსკის სიმპტომები;
      ●   ზოგადი ჰიპერესთეზია;
      ●  მაღალი ტემპერატურა;
      ●  თავ-ზურგ-ტვინის სითხის ანთებითი ხასიათის ცვლილებები
მენინგიტის დიაგნოზი :
      ●  ეყრდნობა კლინიკური სურათისა და თავ-ზურგტვინის სითხის შემადგენლობის თავისებურებებს;
ასევე მისი ბაქტერიოლოგიური და ვირუსულოგიური გამოკვლევის მონაცემებს

დაინტერესდით და გსურთ მეტი გაიგოთ მენინგიტის შსახებ?
      ●  გაეცანით ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიას – https://www.medgeo.net/2009/07/28/%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%92%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%98/

#მენინგიტი #ტვინისგარსებისანთება #ბაქტერიულიმენინგიტი #მენინგოკოკურიმენინგიტი #პნევმოკოკურიმენინგიტი #ტუბერკულოზურიმენინგიტი #ვირუსულიმენინგიტი #მენინგიტისგამომწვევიმიზეზები #მენინგიტისმკურნალობა

გამოგვყევით სოც.ქსელებში , გაეცანით და ჩაერთეთ დიალოგებში 

https://www.facebook.com/Medgeo.Nett/photos/5057870387595078
https://twitter.com/medgeo_net/status/1518958224698974210?s=20&t=WHDbrM9srgbEAcyhdTrCTg
https://www.instagram.com/p/CcwlQhgoBx0/

ამონარიდები

 

თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიები:


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება