პნევმოკონიოზები (pneumoconiosis) – ფილტვების პროფესიონალური დაავადება, რომელიც განპირობებულია მტვრის ხანგრძლივი შესუნთქვით და ხასიათდება დიფუზური ინტერსიტიციალური ფიბროზის განვითარებით; მიმდინარეობს ნელა, ქრონიკულად, პროგრესირებისაკენ ტენდენციით, რაც ხშირად იწვევს შრომისუნარიანობის დაკარგვას. განასხვავებენ პნევმოკონიოზების შემდეგ სახეებს: სილიკოზი და სილიკატოზები, მეტალოკონიოზები, კარბოკონიოზები, პნევმოკონიოზები შერეული მტვრით გამოწვეული, ორგანული მტვრით გამოწვეული პნევმოკონიოზები.
პნევმოკონიოზები – სილიკოზი წარმოადგენს ყველაზე უფრო გავრცელებულ და მძიმედ მიმდინარე პნევმოკონიოზს; ვითარდება მტვრის ხანგრძლივი შესუნთქვით, რომელიც შეიცავს სილიციუმის თავისუფალ ორჟანგს. ყველაზე უფრო ხშირად გვხვდება მაღაროელებში, სამსხმელო საამქროების მუშებში, და სხვ. წარმოადგენს ქრონიკულ დაავადებას, რომლის განვითარების სიმძიმე და ტემპი შესაძლოა იყოს სხვადასხვა და იმყოფება პირდაპირ დამოკიდებულებაში როგორც შესუნთქული მტვრის აგრესიულობასთან, ასევე მტვრის ფაქტორის ზემოქმედების ხანგრძლივობასთან და ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებთან.
პნევმოკონიოზები – სილიკოზი – პათოგენეზი. სასუნთქი გზების მოციმციმე ეპითელის თანდათანობითი ატროფია მკვეთრად აქვეითებს მტვრის ბუნებრივ გამოყოფას სუნთქვის ორგანოებიდან და ხელს უწყობს მის შეჩერებას ალვეოლებში. ფილტვების ინტერსტიციურ ქსოვილში ვითარდება პირველადი რეაქტიული სკლეროზი განუხრელად პროგრესირებადი მიმდინარეობით. განსაკუთრებული აგესიულობით ხასიათდება ნაწილაკები ზომით 1 – 2 მკმ, რომლებსაც უნარი აქვთ გააღწიონ ბრონქული ხის ღრმა განტოტებებში, აღწევენ ფილტვის პარენქიმასა და ჩერდებიან მასში. გარკვეულ როლს ასრულებს ფილტვის ქსოვილის მექანიკური, ასევე ტოქსიკურ – ქიმიური დაზიანება, მაგრამ მტვრის აქტიურობა დამოკიდებულია ძირითადად კრისტალურ სტრუქტურაზე და კრისტალების უნარზე მოახდინონ ცილების ადსორბირება, რაც უკავშირდება მათ ზედაპირზე SiOH – ის არსებობას. ეს განაპირობებს ფაგოციტების დიდი რაოდენობით დაღუპვას, ლიპოპროტეიდული ნივთიერებების გამოთავისუფლებითა (ანტიგენები) და ანტისხეულების წარმოქმნით, რომლებიც შედიან პრეციპიტაციის რეაქციაში, რაც საფუძვლად უდევს სილიკატური კვანძის ფორმირებას. ფიბროზული პროცესის პროგრესირება იწვევს სისხლმომარაგების დარღვევას, ლიმფოსტაზს, და შემაერთებელი ქსოვილის შემდგომ ზრდას. ეს ყველაფერი ანთებით და ატროფულ პროცესებთან ერთად ბრონქებში იწვევს ფილტვების ემფიზემის, ფილტვისმიერი გულისა და შინაგანი სუნთქვის უკმარისობის განვითარებას.
პნევმოკონიოზები – სილიკოზი – სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადება იწყება დიდი ხნის სტაჟის მქონე მუშებში მტვრის ზემოქმედების პირობებში. საწყისი კლინიკური სიმპტომატიკა ღარიბია: ქოშინი ფიზიკური დატვირთვის დროს, გაურკვეველი ხასიათის ტკივილი გულმკერდში, იშვიათი მშრალი ხველა. უშუალო გასინჯვით ხშირად პათოლოგია ვერ ვლინდება. თუმცა უკვე საწყის სტადიაში შესაძლოა გამოვლინდეს ემფიზემის ადრეული სიმპტომები, რომელიც ვითარდება უპირატესად გულმკერდის ქვედა ნაწილებში, პერკუსიით პერკუტორული ხმიანობა, ფილტვის კიდეების მოძრაობის და გულმკერდის ექსკურსიის შემცირება. ბრონქებში ცვლილებები ვლინდება მკვრივი სუნთქვით, ზოგჯერ მშრალი ხიხინებით. დაავადების გამოხატული ფორმების დროს ქოშინი ავადმყოფს აწუხებს მოსვენების დროსაც, ტკივილი გულმკერდში ძლიერდება, ვლინდება გულმკედზე ზეწოლის გრძნობა, ხველა ხდება მუდმივი და მიმდინარეობს ნახველის გამოყოფით, მატულობს პერკუტორული და აუსკულტაციური ცვლილებების გამოხატულება.
პნევმოკონიოზები – სილიკოზი – დიაგნოზის დადგენაში მთავარია რენტგენოლოგიური გამოკვლევა. თავდაპირველად აღინიშნება ფილტვის სურათის გაძლიერება და დეფორმაცია, აღინიშნება ღრუები, სილიკატური კვანძების ერთეული ჩრდილები, წილთაშუა პლევრის გასქელება; ცვლილებები, როგორც წესი სიმეტრულია, ზოგჯერ უფრო გამოხატულია მარჯვენა ფილტვში საშუალო და ქვედა ნაწილებში უპირატესი ლოკალიზაციით. შემდგომში მატულობს ბრონქული სურათის დეფორმაცია, წარმოიქმნება მრავალრიცხოვანი წვრილლაქოვანი არასწორი ფორმის ჩრდილები. პროცესის მესამე სტადიაში გადასვლისას ჩრდილები ერწყმის ერთმანეთს და წარმოქმნის მსხვილ სიმსივნურ კონგლომერატს, ზოგ შემთხვევაში ღრუების წარმოქმნით, ხშირად ტუბერკულოზთან შერწყმით; გამოხატულია ფილტვების ემფიზემის სურათი. კლინიკურ – რენტგენოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით გამოყოფენ სილიკოზის 3 ფორმას: კვანძოვანი, ინტერსტიციალური და სიმსივნური (კვანძური). სილიკოზის გართულებებია: ფილტვისმიერი გული, ფილტვ – გულის უკმარისობა, პნევმონია, ობსტრუქციული ბრონქიტი, ბრონქული ასთმა, იშვიათად ბრონქოექტაზიური დაავადება. სილიკოზი ხშირად რთულდება ტუბერკულოზით, რაც იწვევს დაავადების შერეულ ფორმას – სილიკოტუბერკულოზს. სილიკოზისა და ფილტვების ტუბერკულოზის დიფერენციალურ დიაგნოსტიკაში მნიშვნელოვანია სილიკოზის დროს ინტოქსიკაცია/”>ინტოქსიკაციის არარსეობობა, ჩივილების და ფიზიკალური სიმპტომების შედარებითი გამოხატულება, დამახასიათებელი რენტგენოლოგიური სურათი. სილიკოზის სიმსივნური ფორმა განსხვავდება ფილტვის კიბოსაგან ჩრდილების ნელი ევოლუციით და ავადმყოფის შედარებითი კარგი მდგომარეობით. სილიკოზისათვის დამახასიათებელია ასევე შინაგანი სუნთქვის მაჩვენებლების ცვლილებები; ფილტვების სასიცოცხლო ტევადობის, პნევმოტაქომეტრული მაჩვენებლებისა და მაქსიმალური ვენტილაციის შემცირება; მკურნალობა მიმართულია ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზაციისაკენ, პირველ რიგში ცილოვან ცვლაზე, რაციონალური კვების დახმარებით, ორგანიზმში ვიტამინების შეყვანით. ნაჩვენებია ამოსახველებელი პრეპარატები, ჟანგბადთერაპია, სუნთქვთი ვარჯიშები, სუნთქვის გაძნელებისას – ბრონქების გამაფართოებელი საშუალებები; ფილტვისმიერი გულის დეკომპენსაციის დროს – შარდმდენები და საგულე გლიკოზიდები.
პნევმოკონიოზები – სილიკატოზები განპირობებულია სილიკატმინერალების მტვრის შესუნთქვით, რომელიც შეიცავს სილიციუმის ორჟანგს. პნევმოკონიოზების ამ ჯგუფში შედის ასბესტოზი, ტალკოზი, ცემენტოზი და სხვ. სილიკატები ფართოდაა გავრცელებული ბუნებაში და გამოიყენება მრწეველობის სხვადასხვა დარგებში. სილიკატოზების დროს აღინიშნება უპირატესად ფიბროზის ინტერსტიციალური ფორმა. ასბესტოზი – სილიკატოზის ყველაზე ხშირი ფორმაა, რომელიც გამოწვეულია ასბესტის მტვრის შესუნთქვით. ასბესტოზის განვითარებაში გარკვეულ როლს ასრულებს, არა მხოლოდ მტვრის ქიმიური ზემოქმედება, არამედ ფილტვის ქსოვილის მექანიკური დაზიანება ასბესტის ბოჭკოებით. ვლინდება ქრონიკული ბრონქიტის სიმპტომოკომპლექსით, ფილტვების ემფიზემითა და პნევმოსკლეროზით. სკლეროზული პროცესი ვითარდება უპირატესად ბრონქების ირგვლივ ფილტვების ქვედა ნაწილებში ბრონქების, სისხლძარღვების ირგვლივ, ალვეოლარულ ძგიდეებში. როგორც წესი, ავადმყოფებს აწუხებთ ქოშინი და ხველა. ნახველში ზოგჯერ აღინიშნება ,,ასბესტის სხეულაკები”. დათვალიერებისას ვლინდება ე. წ. ასბესტური მეჭეჭები კიდურების კანზე. დაავადების ადრეულ სტადიებზე რენტგენოლოგიურად ვლინდება ფილტვის სურათის გაძლიერება, ფილტვის კარის გაფართოება და მათი ბაზალური ნაწილების გამჭირვალობის მომატება. ფიბროზის ფონზე შესაძლოა გამოვლინდეს წვრილი და მსხვილკვანძოვანი ჩრდილები. დაავადების დასაწყისში – სუბატროფიული ან ატროფიული რინოფარინგიტის ნიშნები, ზოგჯერ ლარინგიტის. ხშირად ვითარდება სუნთქვის უკმარისობა. შესაძლოა ახალწარმონაქმნის განვითარება პლევრაში, ბრონქებში, ფილტვებში ლოკალიზაციით.
პნევმოკონიოზები – ტალკოზი წარმოადგენს შედარებით კეთილთვისებიან სილიკატოზს, რომელიც გამოწვეულია ტალკის მტვრის ჩასუნთქვით. იშვიათად, ვიდრე ასბესტოზი, მიმდინარეობს ბრონქიტის სინდრომით, ნაკლებადაა მიდრეკილი პროგრესირებისაკენ. უფრო მძიმედ მიმდინარეობს ტალკოზი, გამოწვეული კოსმეტიკური პუდრით. მეტალოკონიოზები განპირობებულია ზოგიერთი მეტალის მტვრის ჩასუნთქვით.
შედარებით კეთილთვისებიანად მიმდინარეობს მეტალოკონიოზები, რომლისათვისაც დამახასიათებელია ფილტვებში რენტგენოკონტრასტული მტვრის დაგროვება, ზომიერი ფიბროზული რეაქციით. ალუმინოზისათვის დამახასიათებელია დიფუზური, უპირატესად ინტერსტიციული ფიბროზის არსებობა. ზოგიერთი მეტალოკონიოზების დროს სჭარბობს მტვრის ტოქსიური და ალერგიული ზემოქმედება მეორადი ფიბროზული რეაქციით, ზოგჯერ მძიმე პროგრესირებადი მიმდინარეობით. ბერიოლიოზი შესაძლოა გამოვლინდეს სხვადასხვა კლინიკური ფორმებით: მწვავე პნევმონიტი, დიფუზური ბრონქიოლიტი, ფილტვების გრანულომატოზი, დიფუზური პროგრესირებადი პნევმოსკლეროზი. კარბოკონიოზები განპირობებულია ნახშირბადის შემცველი მტვრის ზემოქმედებით (ნახშირი, გრაფიტი, ჭვარტლი) და ხასიათდება ფილტვების ზომიერად გამოხატული წვრილკეროვანი და ინტერსტიციალური ფიბროზით.
პნევმოკონიოზები – ანთრაკოზი – კარბოკონიოზი, განპირობებული ნახშირის მტვრის შესუნთქვით. ვითარდება მაღაროს მომუშავეებში დიდი ხნის სტაჟით (15 – 20 წელი). მიმდინარეობს კეთილთვსებიანად, ვიდრე სილიკოზი; ფილტვებში ფიბროზული პროცესი მიმდინარეობს დიფუზური სკლეროზისტიპით. ორგანული მტვრით გამოწვეული პნევმოკონიოზები შესაძლოა მივაკუთვნოთ პნევმოკონიოზებს პირობითად, ვინაიდან ისინი ყოველთვის მიმდინარებენ დიფუზურად, საბოლოოდ პნევმოფიბროზის განვითარებით. ხშირად ვითარდება ბრონქიტი ალერგიული კომპონენტით, რაც დამახასიათებელია მაგალითად, ბისინოზისათვის, რომელიც ვითარდება მცენარეული ბოჭკოების მტვრის შესუნთქვით. ფქვილის, მარცვლეულის, შაქრის ჭარხლის, პლასტმასის მტვრის შესუნთქვით შესაძლებელია დიფუზური ფილტვისმიერი ცვლილებები ანთებითი ან ალერგიული ხასიათის, ზომიერი ფიბროზული რეაქციით. ამავე ჯგუფს მიეკუთვნება ,,ფერმერის ფილტვი”, რომელიც შედეგია სხვადასხვა სასოფლო – სამეურნეო მტვრის ზემოქმედებისა.
ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება
- გაფრთხილება
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
პნევმოკონიოზი – (ბერძნ. pneumon – ფილტვები და konia – მტვერი), ქრონიკული დაავადება, რომელსაც იწვევს საწარმოო მტვრის ხანგრძლივად შესუნთქვა; ახასიათებს ფილტვებში მყარი ფიბროზული პროცესის განვითარება. გვხვდება სამთამადნო, ქვანახშირის, სამანქანათმშენებლო და მრეწვ. სხვა დარგის მუშებს შორის.