ბრონქოექტაზიური დაავადება

ბრონქოექტაზიური დაავადება – ხასიათდება ცილინდრული ან პარკისებური გაფართოებების განვითარებით, რომლის ერთ – ერთი მნიშვნელოვანი გამოვლინებაა ფილტვისმიერი ინფექცია. ბრონქოექტაზები, უფრო ხშირად ვითარდებიან ქრონიკული ბრონქიტის ფონზე, განმეორებითი პნევმონიების შემდეგ. ისინი ჩვეულებრივ განლაგებულნი არიან ფილტვების ქვემო წილებში, უფრო ხშირად მარცხნივ. სიმპტომები. დამახასიათებელია დილის ხველა, ხშირად დიდი რაოდენობით ნახველის გამოყოფით. ნახველში შეიძლება აღინიშნებოდეს სისხლის მინარევი. ზოგჯერ დაავადება რთულდება მძიმე ფილტვისმიერი სისხლდენით. გამოკვლევისას ავადმყოფს აღენიშნება დოლის ჩხირისებრი თითები და საათის მინისებრი ფრჩხილები. გულმკერდი შესაძლებელია ვიზუალურად იყოს შეცვლილი ემფიზემის განვითარებასთან დაკავშირებით. მოსმენით აქა – იქ აღინიშნება მკვეთრი, წკრიალა, სველი ხიხინები. დაავადება მიმდინარეობს გამწვავებებით, რომლის დროსაც აღინიშნება ტემპერატურის მომატება და ინფექციურ – ანთებითი პროცესის სხვა გამოვლინებები (ედს – ის გაზრდა, ლეიკოციტოზი). დიაგნოზის დადასტურება ხდება ბრონქოგრაფიის მეშვეობით. დაავადება შესაძლებელია გართულდეს კახექსიის განვითარებით, ფილტვის დაჩირქებით, ამილოიდოზით.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი