ბოტულიზმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბოტულიზმი – მოწამვლა ბოტულოტოქსინით, რომელიც გროვდება საკვებ პროდუქტებში; ხასიათდება ნერვული სისტემის დაზიანებით. ეტიოლოგია, პათოგენეზი. გამომწვევია ბოტულიზმის კლოსტრიდია – ანაერობი, რომელიც წარმოქმნის სპორებს და არის ძალიან ძლიერი ეგზოტოქსინი. არსებობს გამომწვევის 7 ანტიგენური ტიპი, რომელიმე ტიპის საწინააღმდეგო ანტიტოქსინი არ იცავს სხვა ტიპების ზემოქმედბეისაგან. ტოქსინი იშლება გაცხელებისას. სპორები უძლებენ დუღილს 5 საათამდე. საჭმლის მონელებელ ტრაქტში მოხვედრისას ბოტულოტოქსინი არ იშლება ფერმენტებით, შეიწოვება კუჭისა და ნაწლავების ლორწოვანიდან და ჰემატოგენურად ვრცელდება მთელს ორგანიზმში. ბოტულოტოქსინი არჩევითად აზიანებს ნერვული სისტემის ქოლინერგულ ნაწილებს. აცეტილქოლინის გამოყოფის შეწყვეტას ნერვულ სინაფსებში მოჰყვება კუნთების დამბლა. ხახის, ხორხის, სასუნთქი კუნთების დამბლა იწვევს ყლაპვისა და სუნთქვის დარღვევას, რაც ხელს უწყობს ასპირაციული პნევმონიის განვითარებას, განპირობებულს მეორადი მიკროფლორით. სიმპტომები, მიმდინარეობა. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება რამდენიმე საათიდან 2 – 5 დღემდე. გამოყოფენ შემდეგ სინდრომებს: პარალიზურს, გასტროინტენსტინურსა და ზოგადტოქსიკურს. ეს უკანასკნელი სუსტადაა გამოხატული. გასტროინტესტინური სინდრომი წარმოადგენს ბოტულიზმის საწყისი პერიოდის ყველაზე ხშირ გამოვლინებას. იგი ხასიათდება გულისრევით, ღებინებით, ფაღარათით და გრძედება რამდენიმე დღე. ნევროლოგიური სიმპტომატიკა ვითარდება გასტროინტენსტინური სინდრომის ფონზე. აღინიშნება საერთო სისუსტე, პირის ღრუს სიშრალე, მხედველობის დარღვევა. ობიექტურად ვლინდება გუგების გაფართოება, დუნე რეაქცია სინათლეზე, ანიზოკორია, თვალის მამოძრავებელი კუნთებიდან რომელიმეს უკმარისობა (დიპლოპიის დროს), ქუთუთოების დაწევა და მათი აწევის შეუძლებლობა (პტოზი), ნისტაგმი. არაიშვიათად აღინიშნება რბილის სასის დამბლა. ხორხის კუნთების დამბლა იწვევს ხმის ჩახლეჩასა და აფონიას. ირღვევა ყლაპვა ხახის კუნთების დამბლის გამო; ხშირია მიმიკური კუნთების პარეზები. შესაძლებელია საღეჭი კუნთების, კისრისა და ზედა კიდურების დამბლა. მძიმე შემთხვევებში სწრაფად ვითარდება სასუნთქი კუნთების უკმარისობა. მგრძნობელობის დარღვევა არ აღინიშნება. გონება მთლიანად შენარჩუნებულია; ცხელება არ აღინიშნება. მძიმე ფორმების დროს სიკვდილი დგება სუნთქვის დამბლიდან დაავადების მე – 3 – 5 დღემდე. გართულებებია – მწვავე პნევმონია, ტოქსიკური მიოკარდიტი, მიოზიტები, ნევრიტები, სეფსისი. დიაგნოზი ეფუძნება დამახასიათებელ კლინიკურ სიმპტომატიკას.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა