ვარიკოზული წყლულები

ვარიკოზული წყლულები – (კანისა და ვენ. დაავ.) გავრცელებული დაავადება, რომელიც ხასიათდება კანის დეფექტით, უხშირესად ქვედა კიდურებზე, მყარი მიმდინარეობით, გაძნელებული შეხორცებით. ვითარდება ქვედა კიდურებზე ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების, თრომბოფლებიტის, ენდარტერიიტების, პერიფერიული ნერვების დაზიანებების ნიადაგზე აღმოცენებული ნეიროტროფული მოშლილობების შედეგად.

სიმპტომები. უხშირესად წყლულები განლაგებულია წვივის ქვედა მესამედის მედიალურ ზედაპირზე, ზოგჯერ უკავია წვივის ნახევარი ან მთლიანად მთელი წვივი (არსებობენ როგორც ერთეული, ასევე მრავლობითი წყლულები). ჩვეულებრივ ისინი მშრალია, თუმცა ზოგჯერ დაფარულია სველი მინისებური მკრთალი – ვარდისფერი ან ვარდისფერ – ქარვისფერი გრანულაციებით.

ტროფიკული წყლულებიდან გამოიყოფა ღია, წყლიანი ჟუჟღისებური, ხშირად მყრალი სუნის მქონე ჩირქი, რომელიც აღიზიანებს მიმდებარე ქსოვილებს. უმეტეს შემთხვევებში წყლულის ფსკერი დაფარულია ნეკროზული მასების მორუხო შრით, ზოგჯერ მომწვანო ელფერით; კიდეები თანაბარია ან არასწორი ფორმის, ბრტყელი, დამრეცი, ამოღრმავებულები, რბილი ან მკვრივი კონსისტენციის, დაკოჟრილი. წყლულის გარშემო კანი განლეულია, ატროფირებული, პიგმენტირებული, გააჩნია მოლურჯო – მოყავისფრო ფერი; ამასთან კანის მეზობელი უბნები, ქსოვილების სიღრმეში ნაწიბუროვანი ცვლილებების შედეგად, შეწეულები არიან ან მიმდებარე ქსოვილების შეშუპების და გაჯირჯვების შედეგად ამოწეულნი არიან წყლულს წევით. არც თუ იშვიათად გამოყოფილი შიგთავსებით გაღიზიანების გამო კანი წითლდება, განიცდის მაცერაციას და დაწყლულებას. სისხლის მიმოქცევის მოშლის შედეგად, ვარიკოზული წყლულის დროს, წვივების შეშუპება ისეთი ძლიერი და მკვეთრია, რომ მისი ხანგრძლივი დროის მანძილზე არსებობის შემთხვევაში გააჩნია სპილოვნების შესახედაობა.

წყლულის მიდამოში, აგრეთვე კანის მეზობელი უბნების გაღიზიანების შედეგად ვითარდება ზოგჯერ ძალიან ინტენსიური ქავილი, რომელიც ძნელად ექვემდებარება მკურნალობას. ტკივილს გააჩნია გამოხატულების სხვადასხვა ხარისხი.

კიდურების ვარიკოზული წყლულების ამოცნობა სირთულეს არ წარმოადგენს. დიფერენციალური დიაგნოზის დროს უნდა გამოვრიცხოთ სიფილისისა და ტუბერკულოზის ნიადაგზე განვითარებული წვივების წყლულები, აგრეთვე ტროფიკული წყლულები.

ბმულებიგვერდი ,,თურმანიძის ანტისეპტიკური მალამო”

გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი