ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
თამბაქოს წევა – ყოფითი ნარკომანიის სახე. ევროპაში გავრცელდა XV საუკუნიდან, ამერიკიდან თამბაქოს შემოტანის შემდეგ (რუსეთში შემოიტანეს XVII საუკუნის დასაწყისში). თამბაქოს წევა თანდათანობით გავრცელდა მსოფლიოში და ყოფით მანკიერებად იქცა. დადგენილია თამბაქოს წევის პროცესში წარმოქმნილ ნივთიერებათა მავნე ზეგავლენა ორგანიზმშე. თამბაქოს კვამლის შესუნთქვისას ზიანდება კბილის მინანქარი, რაც კარიესის გაჩენას იწვევს, ხშირად ჩნდება სტომატიტი და გინგივიტი. ვეგეტატიურ ნერვულ სისტემაზე ნიკოტინის ქრონიკული მოქმედების შედეგად ვითარდება ვეგეტატიური დარღვევები – ძლიერდება კუჭის სეკრეცია, მკვეთრად მატულობს კუჭის წვენის მჟავიანობა, ვითარდება გასტრიტი, წყლულოვანი დაავადება, კუჭის შეკრულობა ან მოშლილობა, ძლიერდება ნერწყვის გამოყოფა (რაც ხელს უწყობს კბილის ქვის გაჩენას). ნიკოტინის მოქმედების შედეგად ვიწროვდება სისხლძარღვები, მათ კედლებში წარმოქმნილი ტროფიკული ცვლილებები კი ხელს უწყობს ათეროსკლეროზისა და სისხლძარღვთა სისტემური დაავადების გავითარებას. თამბაქოს მწეველთა თავისებური დაავადებაა ე. წ. გარდამავალი სიკოჭლე, რაც კანჭისა და ტერფის მაობლიტერებელ ენდარტერიიტთანაა დაკავშირებული. ბრონქებისა და ბრონქიოლების ლორწოვანი გარსის სისტემატური გაღიზიანება იწვევს მათ ქრონიკულ დაავადებებს, რაც ზოგჯერ ბრონქული ასთმის ჩამოყალიბებით მთავრდება. დადგენილია, რომ ფილტვის კიბოთი დაავადების საშიშროება თამბაქოს მწეველთა შორის 20 – ჯერ მეტია, ვიდრე არამწეველებში. დადგენილია აგრეთვე, რომ თამბაქოს წევა ხელს უწყობს არა მარტო ფილტვის, არამედ ტუჩის, პირის ღრუსა და ტრაქეის კიბოს გაჩენასაც. ტუბერკულოზით დაავადებულთა რიცხვი მწეველთა შორის თითქმის ორჯერ მეტია; მოზრდილთა შორის ტუბერკულოზით დაავადებულთა 95% მწეველები არიან. თამბაქოს წევა მავნეა არა მარტო მწეველისათვის, არამედ იმათთვისაც ვინც მწეველებთან ერთ შენობაში არის და თამბაქოს კვამლით მოწამლული ჰაერით სუნთქავს. განსაკუთრებით მავნეა თამბაქოს წევა ფეხმძიმობის პერიოდში, რადგან ნიკოტინი, შეაღწევს რა დედის სისხლში, ნაყოფსაც წამლავს. ნიკოტინით მწვავე მოწამვლა (გულისრევა, თავბრუ, პირღებინება, ხშირი მაჯისცემა, კრუნჩხვები, სისხლის წნევის აწევა და სხვ.) ჩვეულებრივ თამბაქოს წევის დაწყებისას აღინიშნება. მკურნალობა: ფსიქოთერაპია და ფსიქოპროპილაქტიკა, ზოგჯერ – მედიკამენური (ტაბექსი, ლობესილი და სხვ.) მკურნალობა. [“1”]
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა
Viewed 439 times by 224 viewers


