თრომბოზები, ემბოლიები

 თრომბოზები, ემბოლიები – (ქირურგ.) თრომბოზები უხშირესად ვითარდებიან ვენებში. თრომბოზის მიზეზი შეიძლება იყოს დაავადებები, რომლებსაც მივყავართ ორგანიზმის რეაქტიულობის ცვლილებებამდე და სისხლის ფიზიკურ – ქიმიური თვისებების გადახრამდე. თრომბოზის განვითარებას ხელს უწყობს სისხლძარღვის კედლის დაზიანება, სისხლის ნაკადის შენელება და შემადედებელი სისტემის ცვლილებები. თრომბის მოწყვეტილ უბნებს ეწოდება ემბოლები. მათ შესაძლოა დაახშონ სანათური, ამ დროს საუბრობენ ემბოლიაზე. უხშირესად ვენური თრომბი ახშობს ფილტვის არტერიებს. გარდა ამისა, ემბოლიები შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვში ჰაერის ან ცხიმის ნაწილაკების მოხვედრამაც. პერიფერიული არტერიების ემბოლიების სიმპტომები, მიმდინარეობა დამოკიდებულია ემბოლის ზომაზე და ლოკალიზაციაზე. ვითარდება მკვეთრი ტკივილები, კიდურების გაციება, კანის სიფერმკრთალე. ფილტვის არტერიების ემბოლიების დროს – გულმკერდში ძლიერი ტკივილი, გამოხატული ქოშინი, ციანოზი, ვითარდება სისხლის მიმოქცევის დარღვევები, ქრება პულსი, ავადმყოფი კარგავს გონებას და დგება სიკვდილი. მკურნალობა. რადიკალურ ოპერაციას წარმოადგენს ემბოლექტომია, რომელიც კეთდება სიხლძარღვთა განყოფილებაში. ფილტვების არტერიების, აგრეთვე კიდურების პერიფერიული არტერიების ემბოლიების დროს მკურნალობა ტარდება ჰეპარინით, სტრეპტაზით, ჟანგბადოთერაპიით, გულ – სისხლძარღვთა საშუალებებით.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი