მიკროფლორა

  • თურმანიძის მალამოები

მიკროფლორა – (მიკრო… და ფლორ), მიკროორგანიზმების ერთობლიობა, რომლებიც გავრცელებულია ამა თუ იმ გარემოში: ნიადაგში, წყალში, ჰაერში, საკვებ პროდუქტებში, ადამიანის, ცხოველებისა და მცენარეების ორგანიზმებში დ ა. შ. ბუნებრივ სუბსტრატში ჩვეულებრივ ბინადრობენ სხვადასხვაგვარი მიკროორგანიზმები: ბაქტერიები, აქტინომიცეტები, საფუარი სოკოები, მიკროსკოპული სოკოები და წყალმცენარეები. დადგენილია, რომ 1 გ ნიადაგში მიკროორგანიზმების რაოდენობა 2 – 3 მლრდ – ს აღწევს. გაბინძურების ხარისხის შესაბამისად 1 მლ წყალში 5 – დან 100 ათ – მდე უჯრედია. განსაკუთრებული სიმრავლითა და მრავალფეროვნებით ხასიათდება პირის ღრუს მიკროფლორა. ტრაქეისა და ბრონქების ლორწოვანი ზედაპირი, როგორც წესი, სტერილურია, რასაც უზრუნველყოფს მოციმციმე ეპითელიუმის წამწამების მოძრაობა და მიკრო და მაკროფაგების აქტ. მოქმედება. განსაკუთრებით მდიდარია მიკროორგანიზმებით მსხვილი ნაწლავი, სადაც ნაწლავის ჩხირის გარდა გვხვდება ლპობის ბაქტერიები, ანაერობული უსპორო და სპოროვანი მიკროორგანიზმები, რომლებსაც აქვთ ნახშირწყლებისა და ცილების დაშლის უნარი; უფრო იშვიათად პროტეუსისა და ფსევდომონასის ჯგუფის არსებობა. მიკროფლორას ორგანიზმისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ნაწლავის ჩხირი და ზოგიერთი მიკრობი ადამიანისათვის საჭირო ვიტამინების წყაროა. მიკროფლორა თავისი ანტაგონისტური მოქმედებით ხშირად იცავს ადამიანის ორგანიზმს პათოგენური მიკრობებისაგან. ლ. ნათაძე. თ. ჭანიშვილი. [“1”]

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

Share this...Share on Facebook
Facebook