მკურნალობა უცხოეთში


ნაყოფი ადამიანისა – ადამიანის ჩანასახი განვითარების მე – 9 კვირიდან დაბადებამდე. მე – 9 კვირისათვის მისი სიგრძეა 3 – 4 სმ, ნათლად გამოირჩევა თავი, სხეული, თვალების, ცხვირის, პირის, კიდრების ჩანასახები. 3 თვის ბოლოს ნაყოფის სიგრძე 8 – 9 სმ, მასა  –  40 გ აღწევს, სიგრძის თითქმის ნახევარი თავს უკავია. 4 თვის ბოლოსათვის ნაყოფის სიგრძე 16 სმ, მასა 120 გ. აღწევს, გარეგანი ნიშნებით ადვილად შეიძლება სქესის გამოცნობა. 5 თვის ნაყოფის სიგრძეა 24 – 25 სმ, მისი 1/3 თავს უკავია; მასა 250 – 300 გ; კანი მუქი წითელია, დაფარულია ღინღლით, ალაგ – ალაგ ჩალაგებულია კანქვეშა ცხიმი, კანის ცხიმოვანი ჯირკვლები იწყებენ სათანადო სეკრეტის გამოყოფას რომელიც კანის ჩამოფცქვნილ ეპითელიუმთან ერთად ქმნის ე. წ. ხაჭოსებრ საცხს; ნაყოფის ნაწლავებში წარმოიქმნება მოყვითალო ფერის შიგთავსი (მეკონიუმი). ნაყოფი იწყებს ენერგიულად მოძრაობას, რასაც დედა ბიძგის სახით შეიგრძნობს. დედის მუცლის წინა კედლიდან შეიძლება ნაყოფის გულისცემის მოსმენა. 6 თვის ნაყოფის სიგრძე 30 – 31 სმ, მასა 700 გ აღწევს. თუ ამ ასაკის ნაყოფი დაიბადა, მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე აკეთებს სუნთქვით მოძრაობებს, როგორც წესი, მალე იღუპება. მე – 7 თვის ბოლოსათვის ნაყოფის სიგრძეა 35 სმ, მასა 1000 გ., კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი ჯერ კიდევ არ არის საკმაოდ განვითარებული, კანი დანაოჭებულია, ყურებისა და ცხვირის ხრტილები რბილია, ფრჩხილი ბოლომდე არ ფარავს თითის წვერს, ბიჭებში სათესლე არ არის ჩამოსული სათესლე პარკში და ა. შ. 7 თვის შემდეგ დაბადებული ნაყოფი დღენაკლულად, მაგრამ სიცოცხლისუნარიანად ითვლება და განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. 8 თვის ბოლოს ნაყოფის სიგრძე 38 – 40 სმ, მასა  –  1500 – 1600 გ აღწევს. 9 თვის ბოლოს ნაყოფის სიგრძეა 43 სმ, მასა 2300 – 2500გ, მატულობს კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი, კანი სადა და ვარდისფერია, ფრჩხილი ბოლომდე ფარავს თითის წვერს, ტვინის ქალას ძვლებს შორის მკაფიოდ არის გამოხატული ნაკერები და ყიფლიბანდები. მე – 10 თვის ბოლოსათვის დღენაკლულობის ყველა ნიშანი ქრება და ნაყოფი იბადება. დროულად ითვლება ნაყოფი, რომელიც იბადება 30 – 40 კვირის ორსულობის შემდეგ, სიგრძით არანაკლებ 47 სმ და მასით  –  არანაკლებ 2500 გ. ნაყოფის სუნთქვის, კვების, ნივთიერებათა ცვლისა და სხვ. ფუნქციებს ასრულებს პლაცენტა. პ. კინტრაია. [“1”]

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

Comments are closed.

vaka