სპერმატოზოიდები

სპერმატოზოიდები – 1. (spermatozoida ბერძნ.sperma  –  თესლი, zoon  –  ცხოველი და eidos  –  მსგავსი; სინ.სპერმიები, სათესლე ძაფები) მომწიფებული მამრობითი სასქესო  უჯრედები, რომლებიც წარმოიქმნებიან სპერმატოგენეზის პროცესში. ისინი შეიცავენ ქრომოსომების ჰაპლოიდურ რიცხვს. ყველა წარმოქმნილი სპერმატოზოიდის ნახევარს აქვს Y  –  ქრომოსომა, რომელიც განსაზღვრავს სქესის ნიშნების გადაცემას მამრობითი ხაზით, სპერმატოზოიდების მეორე ნახევარი შეიცავს X – ქრომოსომას, რომელსაც გადააქვს სქესის ნიშნები მდედრობითი ხაზით. არჩევენ სპერმატოიზიდის თავს (caput), შუა ნაწილსა (ყელი  –  cervix) და კუდს (cauda, fagellum). სპერმატოზოიდის თავში კონცენტრირებულია კომპაქტური ბირთვული ნივთიერება, გარშემორტყმული ციტოპლაზმის ფერსოთი, რომლის ნაწილში არის სახეშეცვლილი გოლჯის აპარატი  –  აკროსომა . სპერმატოზოიდის შუა ნაწილში არის აგრეთვე ძლიერი სახეშეცვლილი ორი ცენტრიოლი და სპირალურად დახვეული მიტოქონდრიები. არჩევენ სპერმატოზოიდის კუდის ღერძულ ძაფს, რომელიც ნაწილობრივ დაფარულია ციტოპლაზმის შრით. ულტრასტრუქტურით კუდის ძაფი წამწამებს ჰგავს. მისი ტალღისებური შეკუმშვის მეოხებით სპერმატოზოიდს აქტიური გადაადგილების უნარი აქვს (იხ.რეოტაქსისი სპერმატოზოიდების). ტერმინი „სპერმატოზოიდი“ პირველად იხმარა ლევენჰუკმა (1677). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)   2. სპერმატოზოიდები (ბერძ. Sperma, spermat[os] თესლი + zoon ცოცხალი არსება + eidos სახე) – მამაკაცის სასქესო უჯრედები; მათი უმნიშვნელოვანესი ბიოლოგიური თვისებაა მოძრაობა და განაყოფიერების უნარი.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი