ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი

ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი – . ქოლეცისტიტი – ნაღვლის ბუშტის ანთება; შეიძლება მიმდინარეობდეს მწვავედ და ქრონიკულად.  ქრონიკული ქოლეცისტიტი წყნარ პერიოდში ვლინდება ტკივილებით მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში, გულისრევით, იშვიათად – ღებინებით, ცუდი მადით, პირის ღრუში სიმწარით. აღნიშნული ჩივილები შესაძლოა გამოვლინდეს დიეტის დარღვევისას, ცხიმიანი საკვების მიღებისას. ავადმყოფის გამოკვლევით აღინიშნება მტკივნეულობა მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში. დიაგნოზი შესაძლოა დადასტურდეს სპეციალური გამოკვლევებით (დუოდენალური ზონდირებისას ულუფაში ნახულობენ ლეიკოციტების რაოდენობის გაზრდას, ქოლეცისტოგრაფიით აღინიშნება კენჭები ნაღვლის ბუშტში ან მისი მოტორული ფუნქციის დაქვეითება). დაავადების რემისიის დროს სისხლის მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია. დაავადების გამწვავებისას ნახულობენ მწვავე ქოლეცისტიტის მსგავს სიმპტომებს. ქოლანგიტი – ღვიძლშიდა სანაღვლე გზების ანთებითი დაავადება. დაავადება მხოლოდ ზოგიერთ შემთხვევაში წარმოადგენს ქოლეცისტიტის გართულებას. ვლინდება ყრუ ტკივილებით ღვიძლის მიდამოში, მტკივნეულობით მარჯვენა ფერდქვეშა სივრცის პალპაციისას და ღვიძლის მიდამოს პერკუსიით, ღვიძლის ზომების გადიდებით, სიყვითლით, შემცივებით მიმდინარე მაღალი ცხელებით. სისხლში აღინიშნება ლეიკოციტოზი, ედს – ის მომატება.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი