
ორსულობის 31–კვირას შენს მუცელში მოთავსებული პატარა ადამიანი უკვე 40 სანტიმეტრამდე არის გაზრდილი. თანაც, ემზადება, რომ უფრო დიდი ნახტომი გააკეთოს სიგრძეში ზრდის თვალსაზრისით. შეუძლია, თავი უკეთ ამოძრაოს, ხოლო ხელები, ფეხები და სხეული თანდანთან მრგვალდება, ამავე დროს – იძენენ აუცილებელ კანქვეშა ცხიმს.
31–ე კვირას პატარას თვალის გუგები ისევე რეაგირებენ სინათლესა და სიბნელეზე, როგორც – უფროსი ადამიანის. იგი ძალიან ბევრს მოძრაობს, ზოგჯერ ძილის საშუალებასაც არ გაძლევს, მაგრამ ეს აქტიურობა მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლისუნარიანობაზე მიუთითებს.
იცი, კიდევ რა არის შენთვის საინტერესო ამ ეტაპზე? იგი სწორედ 31–ე კვირას იღებს იმ მდებარეობას, რომელშიც უნდა დაიბადოს. თავი დაბლა, ზურგი კი საშვილოსნოს მარცხენა კედლისკენ აქვს მიმართული (ამას თავის წინამდებარეობა ეწოდება). ზოგ შემთხვევაში, პირიქითაც ხდება: ნაყოფის მენჯის დაბოლოება და ფეხები დაბლაა მიმართული (ამას მენჯის წინამდებარეობა ეწოდება). ძალზე იშვიათად, ნაყოფი გარდიგარდმო მდებარეობს (ამას გარდიგარდმო მდებარეობა ეწოდება).
განვითარების შეფერხება მუცლადყოფნისას:
ნაყოფის განვითარების შეფერხება უპირველესად სხეულის ნორმირებულზე ნაკლებ წონაში გამოიხატება. მაგრამ, როგორ გავარკვიოთ, რომ პატარას წონა ნორმაზე ნაკლებია? ახალშობილის წონა დაბალია, თუ იგი დაახლოებით ათი პროცენტით ჩამორჩება ნორმას. ექიმები ახალშობილის ნორმად მიიჩნევენ 3–3,5 კილოგრამს. თუ ჰესტაციური ასაკი ნორმას შეესაბამება, ე.ი. ბავშვი დადგენილ დროს დაიბადა, თუმცა მისი წონა ნორმას 10 პროცენტით ჩამორჩება. ეს ნიშნავს, რომ არსებობს მიზეზი შეშფოთებისთვის. მით უფრო, რომ ექიმების მოსაზრებით, ასეთ ახალშობილთა სიკვდილიანობის რისკი მაღალია.
ორსულობის 31-ე კვირას პერიოდულად ხომ არ გიმეორდება საშვილოსნოს არცთუ ძლიერი შეკუმშვა? – ამას ე.წ. ბრექსტონ ჰიგსის შეტევები ეწოდება, რომელსაც ფეხმძიმეები ორსულობის მეორე ნახევარში გრძნობენ-ხოლმე. ისინი დაახლოებით 30 წამს გრძელდება და არარეგულარული, ეპიზოდური, უმტკივნეულო ხასიათით გამოირჩევიან. ხოლო თუ შეტევები რეგულარულ სახეს იღებს, ეს აუცილებლად ნაადრევი მშობიარობის დაწყების ნიშანია. დააკვირდი: თუ ორსულობის ამ ეტაპზე საათში შეტევის სიხშირე 4-ს აღემატება, დაუყოვნებლივ მიმართე შენს მეანეს ან გინეკოლოგს კონსულტაციისთვის.
ხსენი:
ხსენი კიდევ ერთი ფაქტორია, რაც 31-ე კვირას შეგაწუხებს. შესაძლოა, არასასურველ მომენტებში დაიწყოს დენა მკერდიდან. გამოსავალი ის არის, რომ ატარო სპეციალურად ფეხმძიმეებისთვის განკუთვნილი ლიფი, რომლის შიგნით ერთჯერადი საფენები თავსდება. ამგვარ ლიფს მეძუძურე დედებიც იყენებენ.
Viewed 7680 times by 2764 viewers


