ორსულობის 37-ე კვირა

ორსულობის 37-ე (ოცდამეჩვიდმეტე) კვირას შენი ბავშვი უკვე ზრდადასრულებულად ითვლება. იცი ეს რას ნიშნავს? – უცბად მშობიარობა რომ დაგეწყოს, ექიმები ამ პროცესს მწვანე შუქს აუნთებენ: ბავშვს ფილტვები უკვე ჩამოყალიბებული აქვს საიმისოდ, რომ დედის მუცლიდან გამოსვლისას დამოუკიდებლად ამოისუნთქოს. აბა, უკან მიიხედე – რამდენი ღელვა, სიხარული და აღმოჩენა მოგიტანა გასულმა 8 თვემ. აი, პატარა უკვე შენთან უშუალო შეხვედრის ზღვარზე დგას! იგი ამ ეტაპზე უკვე 2,95 კილოგრამს იწონის. მისი სიგრძე 47 სანტიმეტრს აღწევს, ანუ ყოველ მომდევნო კვირას 1 სანტიმეტრით იმატებს.

საინტერესოა, რომ ხშირად ახალშობილებს თმის სიჭარბე ახასიათებთ, რომლის სიგრძე ნახევარი სანტიმეტრიდან 4 სანტიმეტრამდე მერყეობს. არ გაგიკვირდეს, თუ შენი შვილის თმის ფერი შენსას ან მეუღლის თმის ფერს არ ემსგავსება. არცთუ იშვიათად, იმ წყვილს, რომელთაც ღია ფერის თმა აქვთ, ყავისფერთმიანი შვილი უჩნდებათ, ანდა – პირიქით. ასევეა თვალების ფერიც, რომელიც თმის ფერივით დროთა განმავლობაში იცვლება-ხოლმე. >>>>

ძუძუთი კვება: ორსულობის ბოლო თვეების განმავლობაში, ყველა ნორმალური დედა ცდილობს, რაც შეიძლება უკეთ მოემზადოს ბავშვის დაბადებისთვის. იგი განსაკუთრებულ ყურადღებას ბავშვისთვის აუცილებელი ნივთების ღირებულებას კი არა, არამედ მკერდში რძის არსებობას აქცევს. ამიტომ, არ დაიზარო და აუცილებლად წაიკითხე სტატიები ძუძუთი კვებასთან დაკავშირებით, რათა მშობიარობის შემდეგ შეცდომები არ იქნას დაშვებული. შესაძლოა, ძუძუთი კვებას რაიმე განსაკუთრებული უპირატესობა არ აქვს ხელოვნურ კვებასთნ შედარებით, მაგრამ მისი მნიშვნელობა არ უნდა დაგავიწყდეს: ცნობილია, რომ ძუძუთი გამოკვებილ ბავშვებს ნაკლებად ხვდებათ ინფექციური დაავადებები, იშვიათად უვითარდებათ ალერგია, საგრძნობლად დაბალია მოულოდნელი სიკვდილის სინდრომი, მომავალში კი საკმაოდ განვითარებული ინტელექტი გააჩნიათ.

ის დედა კი, რომელიც ძუძუთი კვებავს შვილს, იღებს უდიდეს ემოციურ სტიმულს, რაც ძალზე დადებითად მოქმედებს მის ჯანმრთელობაზე. გამოკვლევებმა ისიც დაამტკიცა, რომ ამ კატეგორიის დედებს იშვიათად ემართებათ მკერდის კიბო; გარდა ამისა, ისინი მშობიარობიდან 6 თვის შემდეგ გახდომას იწყებენ და ფეხმძიმობამდე არსებულ ფიზიკურ ფორმას იბრუნებენ.

გახსოვდეს, ბუნება ბრძენია: ქალების მხოლოდ 5%-ს არ შეუძლია შვილის ძუძუთი კვება. გარდა ამისა, ხშირად წოვება ზრდის მკერდში რძის რაოდენობას. ჯირკვლები ზუსტად იმ რაოდენობის რძეს გამოიმუშავებს, რაც მოცემულ ეტაპზე სჭირდება ბავშვს. ყველა ნორმალურ სამშობიარო სახლში აუცილებელი ნივთების სიაში არასდროს შეაქვთ „საწოვარა ბოთლით“, პატარას კი მანამდე არ აძლევენ საკვებს, სანამ დედას რძე არ ჩაუდგება.

წინამდებარეობა: თუ ბავშვი თავით მოდის, ანუ მშობიარობა ე.წ. თავის წინამდებარეობით მიმდინარეობს, შესაძლებელია ამ პროცესის რამდენიმე ვარიანტი განვითარდეს: მათ შორის ნორმალურად, ანუ ფიზიოლოგიურად ითვლება მხოლოდ ერთი – ბავშვი თავით გზას იკვლევს სამშობიარო არხში და გარეთ პირველად კეფა გამოდის (ბავშვი, ასეთ სიტუაციაში, იბადება კეფით მაღლა და სახით დაბლა. ასე მიმდინარეობს მშობიარობათა 90-95%). არსებობს შემთხვევები, როდესაც კეფა პირიქით, დაბლა არის მიმართული. ამას ეწოდება შებრუნებული კეფის წინამდებარეობა. ასეთ შემთხვევაში, მშობიარობის დროს ქალები წელის სარტყელში ძლიერ ტკივილებს განიცდიან. შესაძლოა, მშობიარობა გართულდეს და დიდხანს გასტანოს. მეანე ეხმარება ბავშვს, სწორი მიმართულებით, ანუ კეფით მაღლა წამოვიდეს. თუ ნაყოფს თავი პირდაპირ აქვს გაშვერილი, ამ პოზას შუბლისა და სახის წინამდებარეობას უწოდებენ. ამ ვარიანტის დროს, მშობიარობისას კეფა უკან არის მიქცეული. მოცემულ სიტუაციაში ფიზიოლოგიური მშობიარობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ მშობიარეს მენჯის ღრუ დიდი აქვს, ხოლო ნაყოფი პატარა ზომისაა. ძირითადად, ასეთ დროს საკეისრო კვეთას ატარებენ. არასწორად ითვლება ასევე ნაყოფის განივი და ირიბი წინამდებარეობა. განივი წინამდებარეობისას ნაყოფი საშვილოსნოს გრძელ ღერძს გადაკვეთს პირდაპირი კუთხით, ხოლო ირიბი წინამდებარეობისას – მახვილი კუთხით. ასეთ შემთხვევებში მშობიარობა მხოლოდ საკეისრო კვეთით ტარდება. ორსულობის 37-ე კვირას ე.წ. ბრექსტონ-ჰიგსის შემოტევები არა მარტო ხშირდება, არამედ უფრო ხანგრძლივი და მგრძნობიარეც ხდება. ასევე შეიძლება გაიზარდოს ვაგინალური გამონაყოფის რაოდენობა. თუ შეამჩნიე, რომ სისხლშერეული ლორწო გამოგივიდა, იცოდე, რომ ეს არის ლორწოვანი საცობი და მშობიარობა სავარაუდოდ ორ დღეში დაგეწყება. ამ პერიოდში იმიტომ ნიშნავენ გინეკოლოგები ანალიზებს სტრეპტოკოკების ჯგუფზე, რომ დადგინდეს, რაიმეთი ხომ არ არის ნაყოფი დასნებოვანებული. უარყოფითი შედეგების მიღებისას, აუცილებელია სასწრაფო, ადექვატური სამედიცინო ზომების მიღება. ძილი კიდევ უფრო გირთულდება. ძნელია, მოსახერხებელი პოზის პოვნა. ეცადე, დღისით მაინც დაისვენო. რამდენადაც შეგიძლია, დაზოგე ენერგია. სიზმრებიც ნამდვილად გიჟური ხდება და ეს არც არის გასაკვირი. შენ ხომ ძალიან მალე დედა გახდები.

 მომზადებულია  http://www.pregnancycalendar.ru/kalendar/-ის მიხედვით

___________________________________

1. ორსულობის კვირეები:  1-2 10 11 12 13 14 15  16  17 18  19  20 ,21 22,
23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41
2. ორსულობა და მშობიარობა
იხ.   ,,რა სჭირდება ორსულს?”
.