ბოუენის დაავადება 2

ბოუენის დაავადება (2)

ბოუენის დაავადება (Morbus Bowen) პირველად აღწერა ბოუენმა 1912 წელს. ხშირ შემთხვევაში დაავადება წარმოადგენს Cancer in situ – ანუ კიბოს ინვაზიის გარეშე.

ბოუენის დაავადების ტრანსფორმაციის სიხშირე   ინვაზიურ ბრტყელუჯრედოვან სიმსივნეში, სხვადასხვა ავტორების მონაცემებით, მერყეობს 11-დან 80 %-მდე.

ბოუენის დაავადების სიმპტომები :

პირის ლორწოვან გარსზე ხშირად აღინიშნება ერთი, იშვიათად ორი ან მეტი დაზიანების კერა. დაავადება გამოვლინდება ლაქოვან-კვანძოვანი დაზიანებით.

დასაწყისში ლორწოვანაზე აღინიშნება ჰიპერემიული ლაქა გლუვი ან ბარხატისებრი ზედაპირით. დაავადების გახანგრძლივების შემთხვევაში აღინიშნება ლორწოვანი გარსის ატროფია, რის შედეგად დაზიანების კერა სხვა მიდამოებთან შედარებით ჩაღრმავებულია, ადგილებში აღინიშნება სისხლმდენი ეროზიები. დაზიანების კერის ცენტრალური ნაწილი გვახსენებს ჰიპერემიის ფონზე მიმდინარე მცირედ ამობურცული ზედაპირის მქონე ლეიკოპლაკიას. რამდენიმე კერის შერწყმის შემდეგ წარმოიქმნება არასწორ კიდეებიანი ფირფიტები. დაზიანების კერის დიამეტრი მერყეობს 1-2 მმ-დან 5-6 სმ-მდე, კიდეები მკვეთრი და არასწორია, სიმკვრივეები ძირითადად არ აღინიშნება. ბოუენის დაავადების ლოკალიზაცია ლორწოვან გარსზე ხშირია: რბილ სასაზე, ენაზე, რეტრომოლარულ მიდამოში. ენაზე ელემენტების ლოკალიზაციისას დვრილები ქრება. რეგიონალური ლიმფური კვანძები არ შეიგრძნობა პალპაციისას. სუბიექტური შეგრძნებები როგორც წესი, არ აღინიშნება, ხოლო ეროზიების შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს ტკივილი.

ბოუენის დაავადების ყველა შემთხვევაში არ აღინიშნება ტიპიური კლინიკური სურათი. დაავადება შეიძლება დახასიათდეს მხოლოდ მცირე ჰიპერემიული უბნებით ან ჰქონდეს მსგავსება ლეიკოპლაკიასთან არაგამომჟღავნებული ანთებით. იშვიათად წარმოიქმნება მკვეთრი თეთრი მონაცრისფრო სურთი რომელიც გვაგონებს წითელ ბრტყელ სირსველს.

დაავადების მიმდინარეობის ხანგრძლივობა დაუდგენელია, ზოგ შემთხვევაში ადრე ხდება ინვაზიური ზრდა, ტრავმირება აჩქარებს პროცესს. სხვა ავადმყოფებში დაავადება რჩება  არაინვაზიური კიბოს სტადიაში.

ბოუენის დაავადების დროს ჰისტოლოგიურად აღინიშნება წვეტიანი შრის უჯრედების პოლიმორფიზმი. არასწორი მიტოზების და რიცხვის მომატებით. წვეტიან შრეში გვხვდება გიგანტური უჯრედები, ზოგჯერ აღინიშნება უჯრედების მრავალბირთვიანობა.  აღინიშნება სუსტად გამოხატული ჰიპერ და პარა-კერატოზი, ყოველთვის არის აკანტუსი, ბაზალური მემბრანა და ბაზალური შრე შენარჩუნებულია. სტრომის ზედა ნაწილში აღინიშნება ძირითდად ლიმფოციტებისგან და პლაზმური უჯრედებისგან წარმოქმნილი მცირე ინფილტრატი.

ბოუენის დაავადების დიაგნოსტიკა :

დიფერენციალურ დიაგნოსტიკას ატარებენ:

  • ·  ლეიკოპლაკიასთან
  • ·  წითელი ბრტყელი სირსველსთან
  • ·  ქრონიკულ ტრავმულ დაზიანებებთან

ბოუენის დაავადების მკურნალობა:

მკურნალობა ქირურგიულია – კრიოდესტრუქციის, ქირურგიული ან ნახშირჟანგოვანი ლაზერის გზით ჯანმრთელი ქსოვილების მოსაზღვრე დაზიანების უბნის ამოკვეთა.

სიმსივნური დაავადებები


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

 

.