C ავიტამინოზი

C  ავიტამინოზი ( სურავანდი)

ვიტამინი C მიეკუთვნება კარგად  შესწავლილ ვიტამინების რიცხვს, ხოლო C ავიტამინოზი სკორბუტი (სურავანდი) განსაკუთრებულად ცნობილ,  ეგრეთ წოდებული ალიმენტურ დაავადებათა რიცხვს.

ეტიოლოგია

C ავიტამინოზი  ვითარდება,  როდესაც ხანაგრძლივად (1-3 თვე)  საკვები პროდუქტიდან არ ხდება ორგანიზმში   ასკორბინის მჟავის  შეწოვა. ასეთი პათოლოგია ხშირად ვითარდება შიმშილის, ასევე ხანგრძლივი ექსპედიციების დროს, როდესაც ძირითადად იკვებებიან კონსერვებით, სადაც  არ შედის ვიტამინი C.

პათოგენეზი

ვიტამინი C გამოხატული ჟანგვა-აღდგენითი თვისებებით, აქტიურ მონაწილეობას ღებულობს ორგანიზმის ენერგეტიკულ და ნივთიერებათა  ცვლაში.  მისი უკმარისობის დროს ორგანიზმში ირღვევა მეზენქიმის სტრუქტურების ფორმირებს პროცესი, ქვეითდება თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების გამომუშავება,  ვითარდება ორგანიზმის დაუძლურება ყველა ორგანოს პარენქიმის ატროფიითჰემორაგიის, გინგივიტის, ძვლების შემადგენლობის ცვლილების ძირითად პათოგენენეზს წარმოადგენს მეზენქიმური უჯრედების მოუმწიფებლობა,  შემაერთებელი ქსოვილის  უჯრედშორისი ნივთიერებებიის წარმოქმნის დარღვევა  კოლაგენისა და პროკოლაგენის სინთეზი დათრგუნვით, რაც  საბოლოოდ იწვევს სიხლძარღვების განვლადობის მატებას.

პათოლოგიური ანატომია

პათანატომიურ გამოკვლევაზე ნახულობენ კანის ჰიპერპიგმენტაციას, ღრძილებში სისხლიან ნაჟღენთს, წყლულოვან სტომატიტს, გინგივიტს, სისხლჩაქცევას ენდოკარდში, პლევრაში, მუცლის ღრუში, თირკმლის ქსოვილში, ძვლოვან ქსოვილში, ასევე  ოსტეოპოროზსა და არც თუ იშიათად მოტეხილობებს.

კლინიკური სურათი და დაავადების მიმდინარეობა

განასხვავებენ C ავიტამინოზის მიმდინარეობის სამ ეტაპს. პირველ ეტაპზე ავადმყოფები უჩივიან კუნთების სისუსტეს, სიარულისას ფეხის კუნთების მტკივნეულობას, მტკივნეულ და სისხლმდენ ღრძილებს. ობიექტურად ვლინდება გინგივიტი, ღრძილების შეშუპებასა და შებერილობასთან ერთად, აღინიშნება წვრილი სისხლჩაქცევები კანის მომხრელ ზედაპირზე.

C ავიტამინოზის  მეორე ეტაპზე ვლინდება ფეხებში ძლიერი ტკივილი კუნთებშორის, ძვლისაზრდელასა  და სახსარშიდა სისხლჩაქცევების გამო.  წყლულების ადგილას კანი მუქი ფერის და ინფილტრირებულია. ხშირად აღინიშნება ცხვირიდან სისხლდენა. პირის ღრუში- სისხლმდენი, დაწყლულებული ღრძილები და მორყეული კბილები.

C  ავიტამინოზის მესამე სტადიაზე ავადმყოფის მდგომარეობა ძალიან მძიმდება, რაც განპირობებულია შინაგანი სისხლდენებითა და სხვადასხვა გართულებებით (შინაგანი ორგანოების ჰემორაგიული ინფარქტი, ქსოვილების დიდი ჰემატომა, წყლულოვანი ენტეროკოლიტი, სეფსისი მეორადი ინფექციის დართვის შემდგომ). ეს სტადია ხშირად მთავრდება ლეტალური გამოსავლით.

დიაგნოზი

C  ავიტამინოზის დიაგნოზი ისმევა დაავადების კლინიკური სურათითა და ლაბორატორიული კვლევებით (სისხლში 5-6-ჯერ   დაქვეითებულია ასკორბინის მჟავის შემცველობა, ასევე შემცირებულია ჰემოგლობინის, ერითროციტების რაოდენობა, ედსი მომატებულია 30-70მმ/სთ).

დიფერენციალურ დიაგნოსტიკას ატარებენ სხვა ეტიოლოგიის ჰემორაგიული დიათეზთან. ყველა სპეციფიკური კლინიკურ ნიშანთან და ანამნეზთან ერთად დიდ როლს ასრულებს ასევე თრომბოციტებისა და სისხლის შემადედებელი კომპონენტების ლაბორატორიული გამოკვლევა, რომლებიც სურავანდის დროს დიდ ცვლილებებს არ განიცდის სხვა სისხლდენებისგან განსხვავებით.

პროგნოზი

სკორბუტი (სურავანდი)ის I-II ეტაპზე დროულად ჩატარებული მკურნალობა თითქმის სრულად კურნავს პაციენტს,  ხოლო სურავანდის III ეტაპზე პროგნოზი საეჭვოა, რადგან შინაგან ორგანოებში მასიური სისხლჩაქცევა საფრთხეს უქმნის ავადმყოფის სიცოცხლეს.

პროფილაქტიკა

პროფილაქტიკა გულისხმობს ადამიანის  C ვიტამინის  სადღეღამისო  მოთხოვნილების დაკმაყოფილების  მუდმივ კონტროლს, რომელიც მოზრდილებისთვის შეადგენს 50 – 120მგ, ხოლო ბავშვებისთვის  ასაკის განურჩევლად  30-75მგ. გაზაფხულ-ზამთრის პერიოდში აუცილებელია ინდივიდუალური პროფილაქტიკის ჩატარება პროდუქტებში C ვიტამინის დაქვეითებული შემცველობის გამო.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
..