ქორიოიდეის მელანომა

ქორიოიდეის მელანომა

ქორიოიდეის მელანომა – წარმოადგენს ავთვისებიან მელანოციტურ სიმსივნეს. ქორიოიდეის მელანომა ხშირია 50-70 წლის ასაკში. პატარა ასაკში იშვიათია-აღინიშნება როგორც გამონაკლისი. დაავადება ცალმხრივია. ორმხრივი ქორიოიდეის მელანომა ძალიან იშვიათია. >>>>

განასხვავებენ სიმსივნის კვანძოვან და ბრტყელ ფორმებს. უფრო ხშირი ფორმაა-კვანძოვანი. ის წარმოიქმნება ქლორიოიდეის გარე შრეში და მკვეთრად მოსაზღვრული მომრგვალო წარმონაქმნია, ზოგჯერ სოკოს ფორმის. სიმსივნე მუქი, მუქი – ან ღია ყავისფერია (პიგმენტის შემცველობაზეა დამოკიდებული), ზოგჯერ ვარდისფერია (პიგმენტის მცირე რაოდენობისას). ასეთი სიმსივნე უმეტესწილად ავთვისებიანია. ბრტყელი მელანომა იზრდება ქორიოიდეის სისქეში და ფართოდ  ვრცელდება თასის ფორმის მაგვარად. ეს სიმსივნე ადრე სცდება თვალის კაკლის საზღვრებს. ზოგჯერ ის წარმოქმნის ექსტრაბულბარულ კვანძებს, რის გამოც ხშირად ეშლებათ თვალის ბუდის პირველად სიმსივნეში. მელანომის მიმდინარეობაში განირჩევა ოთხი თანმიმდევრული სტადია: პირველი-დაწყებითი, არარეაქტიული (მშვიდი თვალის სტადია); მეორე-სირთულეების განვითარების (გლაუკომის ან ანთებითი პროცესის); მესამე-თვალის გარეგანი  კაფსულის გარეთ სიმსივნის გავრცელება, მეოთხე-პროცესის გენერალიზაცია ღრმა მეტასტაზების განვითარებით.

ქორიოიდეის მელანომის სიმპტომები:

სიმსივნის პირველი კლინიკური ნიშნები დამოკიდებულია მის ლოკალიზაციაზე ქორიოიდეაში. მაკულარული მიდამოს მელანომა გამოვლინდება მხედველობის დარღვევით( მეტამორფოპსია, ქრომო – და ფოტოპსია, მხედველოველობის სიმახვილის დაქვეითება) და აქვს გარეთ გავრცელების ტენდენცია. თუ მელანომა ყვითელი ლაქის გარეთაა, მაშინ მისი მიმდინარეობა დიდი ხნის განმავლობაში უსიმპტომოა (წელი და მეტი). შემდეგ პაციენტი მხედველობის არეში მუქი ლაქის გაჩენას უჩივის. ობიექტური გამოკვლევისას აღინიშნება სიმსივნის ლოკალიზაციის შესაბამისი სკოტომა. კვანძოვანი ფორმის დროს თვალის ფსკერზე ჩანს მკვეთრი საზღვრების მქონე სიმსივნე, რომელიც პროფილირდება მინისებრ სხეულში. სიმსივნის შეფერილობა მერყეობს  მონაცისფრო-მოყავისფრო შეფერილობიდან  ნაცრისფრამდე. პიგმენტის მცირე რაოდენობისას სიმსივნე მოვარდისფრო ან მოთეთროა.

დაავადების პირველ სტადიაში ბადურა მიეკვრება სიმსივნეს ნაკეცების გარეშე, ბადურის განშრევება არ აღინიშნება. სიმსივნის საზღვრები მკვეთრია, ბადურის სისხლძარღვები გადადიან სიმსივნეზე, დამახასიათებელი მოხრით. დროთა განმავლობაში აღინიშნება ბადურის განშრევება, რომელიც ნიღბავს სიმსივნეს.

თვალის მდგრადი ინექციის და ტკივილების გაჩენისას, თვალშიდა წნევის მომატება შეესაბამება დაავადების მეორე სტადიას, რომელიც უფრო ხანგრძლივია ვიდრე პირველი სტადია. თვალში ტკივილის უეცარი გაქრობა, რომელსაც თვალშიდა წნევის დაქვეითება მოჰყვება, მიუთითებს პროცესის გადასვლას თვალის კაკლის გარეთ (IIIსტადია). სიმსივნის ზრდის შესაბამისად ორბიტაში ჩნდება ეგზოფთალმი, ირღვევა თვალის კაკლის მოძრაობა. დაშორებულ ორგანოებში (ღვიძლი, ფილტვები, ძვლები) მეტასტაზების გაჩენა  მეტყველებს პროცესის მეოთხე სტადიაში გადასვლაზე.

ბრტყელი ფორმის დროს მელანომა ჩვეულებრივ ჩნდება თვალის უკანა პოლუსზე და თანდათან სისხლძარღვოვან გარსში ვრცელდება. განსხვავდება ნელი ზრდით. მხედველობა დიდხანს შენარჩუნებულია. მხედველობის გაუარესებაზე დაავადებულის ჩივლისას თვალის ფსკერზე აღინიშნება ბადურის შეშუპება არათანაბარი პიგმენტაციით. ბადურა განშრევდება სიმსივნის ბოლო სტადიებზე. მელანომის ბრტყელი ფორმის გასხვავება მდგომარეობს იმაში, რომ პროცესი თვალის კაკლიდან გარე არეში ვრცელდება ადრე.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

სიმსივნური დაავადებები

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..