ფრიგიდულობა

ფრიგიდულობა ქალის სქესობრივი გულგრილობაა, როდესაც დაკარგულია სქესობრივი ურთიერთობის სურვილი და მოთხოვნილება.

ფრიგიდულობის  მიზეზები

ფრიგიდულობა შესაძლებელია განაპირობოს როგორც ფსიქოლოგიურმა ფაქტორებმა, ისე ორგანულმა პათოლოგიებმა. ხაზი უნდა გაესვას, რომ ქალის სექსუალური რეფლექსები მჭიდრო კავშირშია უკიდურესად რთულ პირობით რეფლექსებთან, რომლებიც ადამიანის ესთეტიკურ და ეთიკურ შეგრძნებებს წარმოქმნის. აქედან გამომდინარე სექსუალური სურვილებიც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სრულფასოვანი სქესობრივი ცხოვრებაზე, რაც გულისხმობს არამხოლოდ სქესობრივ ურთიერთობას, არამედ მეუღლეებს შორის ურთიერთგაგებასა და პატივისცემას, მუდმივი განხეთქილება ოჯახში, ნორმალური სქესობრივი ცხოვრების დროსაც დროთა განამავლობაში ფრიგიდულობის  განვითარებას განაპირობებს. >>>>

ფრიგიდულობის  პირობით რეფლექტორულ  ხასიათზე მიუთითებს ისიც, რომ ქალებში სქესობრივი გულგრილობის არსებობისას, თუ სქესობრივი ურთიერთობა დამყარდება იმ მამაკაცთან, რომელსაც ძალუძს ქალის სექსუალური მოთხოვნილების სრულად დაკმაყოფილება, უმეტეს შემთხვევაში სავსებით ქრება ფრიგიდულობის  ნიშნები.

ჩატარებული კვლევების მიხედვით, იტალიელი მეცნიერები აცხადებენ, რომ ქოლესტერინის მაღალმა დონე შესაძლოა ფრიგიდულობის მიზეზი გახდეს. იხ. სტატია ,,ფრიგიდულობის ერთ-ერთი მიზეზი ჭარბი ქოლესტერინია” 

ითვლება, რომ ქალის არასრულფასოვანი სქესობრივი ცხოვრების მიზეზი შემთხვევათა მესამედში მამაკაცია. სქესობრივი ცხოვრებაში  პრობლემებს ჯერ კიდევ დეფლორაცისას ეყრება საფუძველი, მამაკაცის უხეში მოპყრობის გამო. ფრიგიდულობის  ერთერთი სერიოზული მიზეზი მამაკაცთა შორის ფართოდ გავრცელებული ვულგარული დამოკიდებულებაა სქესობრივი ცხოვრების მიმართ. საუბარია იმაზე, რომ მამაკაცთა უმეტესობისათვის სქესობრივი აქტი ბუნებრივი მოთხოვნილებაა, საკუთარი მოთხოვნილების დაკმაყოფილება, ისევე, როგორც წყლის დალევა წყურვილის მოკვლის მიზნით, რაც რა თქმა უნდა ეს შეურაცხმყოფელია ქალისათვის.

სავსებით გასაგები მიზეზების გამო ფრიგიდულობა დამახასიათებელია იმ ქალებისათვის, რომელთა მეუღლეებიც სქესობრივი ფუნქციის სისუსტეს უჩივიან. ქალის სექსუალურ გრძნობებზე განაკუთრებით უარყოფითად მოქმედებს სქესობრივი აქტი მეუღლესთან ნასვამ მდგომარეობაში.

თუმცა გვხვდება ქალები, რომლებიც ჰარმონიული თანაცხოვრების შემთხვევაშიც კი იტანჯებიან სქესობრივი გულგრილობით. ფრიგიდულობის  მიზეზები ასეთ შემთხვევბში ძალზედ განსხვავებულია –  ბავშვობაში ზედმეტად მკაცრი და არასწორი აღზრდა, დაფეხმძიმების შიში, სქესობრივი აქტის დროს შემაშფოთებელი აზრები და სხვა.

უნდა აღინიშნოს, რომ ფრიგიდულობის  უარყოფითი ზეგავლენა გამოხატულია იმ შემთხვევაში, როდესაც ქალს მანამდე ნორმალური სქესობრივი ურთიერთობა ქონდა, განსხვავებით თანდაყოლილი ფრიგიდულობისაგან, როდესაც ქალისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია სქესობრივი სიახლოვე.

რაც შეეხება სხვა მიზეზებს, უნდა გამოიყოს სასქესო ორგანოების თანდაყოლილი დეფექტები, შინაგანი სეკრეციის დარღვევები (მაგ. საკვერცხების არასაკმარისი ფუნქციონირება), გაცხიმოვნება, ზოგიერთი ნერვული და ფსიქიკური დაავადებები, თუმცა ასეთი სახის დეფექტები და დაავადებები იშვიათია და შესაბამისად მათგან გამოწვეული ფრიგიდულობაც.

ზოგჯერ ინტიმური ცხოვრების მიმართ ინტერესი შეიძლება დაქვეითდეს აბორტის, გადატანილი გინეკოლოგიური დაავადებების ან ქრონიკული პათოლოგიების ზემოქმედების შედეგად. ფრიგიდულობა ფიზიოლოგიურად ვითარდება  ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს, ამასვე შეიძლება მივაკუთვნოთ სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება ფსიქიკური დაძაბულობისა და გადაღლილობის შედეგად.

ფრიგიდულობის  შედეგები

ხანგრძლივი სქესობრივი ურთიერთობა, რომელსაც არ მოაქვს ქალისათვის სქესობრივი დაკმაყოფილება, განაპირობებს სისხლისა და ლიმფის დაგროვებას მცირე მენჯის ღრუში, იწვევს სიმძიმისა და ზეწოლის  შეგრძნებას სასქესო ორგანოებსა და ასევე მეზობლად მდებარე ორგანოებში. ასეთ ქალებში ხშირად ვითარდება თეთრად შლა, მენსტრუაციის დროს გაძლიერებული სისხლდენა, ყაბზობა, თავის ტკივილი, მუდმივად ცუდი გუნება-განწყობა და კაპრიზული ხასიათი.

ფრიგიდულობის  მკურნალობა

ფრიგიდულობის  მკურნალობა დამოკიდებულია მის გამომწვევ მიზეზებზე. არასრულფასოვანი სქესობრივი ცხოვრებით განპირობებული სქესობრივი გულგრილობის დროს უარყოფითი სუბიექტური (მეუღლეთა ცუდი ურთიერთდამოკიდებულება) და ობიექტური (არასასურევლი საცხოვრებელი  პირობები, გადატვირთული სამუშაო და სხვა)  მიზეზების მოცილების შემთხვევაში შესაძლებელია ხანგრძლივად, წლობით მიმდინარე ფრიგიდულობის  აღმოფხვრაც.

გინეკოლოგიური პათოლოგიების,  შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებისა  და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით მიმდინარე დაავადებებით გამოწვეული ფრიგიდულობის  მკურნალობა აუცილებლად უნდა მოხდეს შესაბამისი სპეციალისტების მიერ.


  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

სქესობრივი დარღვევები

 

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..