დიაბეტური რეტინოპათია

დიაბეტური ანგიორეტინოპათია (რეტინოპათია) დიაბეტური ანგიოპათიის მძიმე ფორმას წარმოადგენს, ხასიათდება  შაქრიანი დიაბეტის დროს მხედველობის დაქვეითებით ან სრული დაკარგვით. ბადურის სისხლძარღვების მიკროანევრიზმები, რაც დიაბეტური რეტინოპათიის პირველ ნიშნებად ითვლება, ვითარდება შაქრიანი დიაბეტის კლინიკური მანიფესტაციიდან საშუალოდ სამი წლის შემდეგ, ხოლო 20 წლის შემდეგ დიაბეტური რეტინოპათია აღინიშნება თითქმის ყველა  შაქრიანი დიაბეტით  დაავადებულ პაციენტში.

დიაბეტურ ანგიორეტინოპათიას მიეკუთვნება მაკულარული შეშუპება, მასიური პრერეტინალური სისხლჩაქცევები და პროლიფერაციული  დიაბეტური ანგიორეტინოპათია. მაკულარული შეშუპება მწვავე პროცესია, არ ხასიათდება სპეციფიური ცვლილებებით, ამ ეტაპზე აღინიშნება ცენტრალური მხედველობის დაქვეითება. რაც შეეხება პრერეტინალურ სისხლჩაქცევებს (ჰემოფთალმი, ვიტრალური ჰემორაგია) შეიძლება განვითარდეს პროლიფერაციულ  დიაბეტურ ანგიორეტინოპათიამდეც და მის შემდეგაც, ხასიათდება მხედველობის უეცარი დაკარგვით. თუ სისხლჩაქცევა არ არის განვითარებული პროლიფერაციული დიაბეტური ანგიორეტინოპათიის ფონზე ჩვეულებრივ მხედველობა აღდგება.

პროლიფერაციული დიაბეტური ანგიორეტინოპათია იყოფა საწყის, მარტივ, პრეპროლიფერაციულ და პროლიფერაციულ სტადიებად, პათოლოგიური პროცესის პროგრესირებასთან ერთად თანდათანობით იკლებს ჯერ ფერების აღქმისა და სიბნელისადმი ადაპტაციის უნარი, შემდეგ კი ქვეითდება მხედველობის სიმახვილე.

დიაბეტური ანგიორეტინოპათიის ბოლო, პროლიფერაციული სტადია გამოირჩევა ბადურის სისხლძარღვების მასიური პროლიფერაციით, პროცესის გავრცელებით მინისებრ სხეულზე, ინტრა და პრერეტინალური სისხლჩაქცევებით, ბადურის სისხლძარღვების თრომბოზით, აღინიშნება კონიუნქტივის კაპილარების  მრავლობითი ოკლუზია და ფიბროზი, მხედველობა მნიშვნელოვნადაა დაქვეითებული ან სრულიად დაკარგული.

დიაბეტური ანგიორეტინოპათიის დიაგნოსტირება

დიაბეტური ანგიორეტინოპათიის დიაგნოზი ეყრდნობა ანამნეზში შაქრიანი დიაბეტის არსებობას და კვლევის ინსტრუმენტულ მეთოდებს, რომელთა შორის უნდა აღინიშნოს პირდაპირი და არაპირდაპირი ოფთალმოსკოპია, რაც ტარდება მედიკამენტოზური მიდრიაზის პირობებში, ფლუორესცენციული ანგიოგრაფია, ბადურის, კონიუნქტივისა და ფერადი გარსის  ბიომიკროსკოპია.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

(2) ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

დიაბეტური რეტინოპათია – (თვალის დაავ.) ვითარდება შაქრიანი დიაბეტის მძიმე მიმდინარეობის შემთხვევაში. სიმპტომები. ბადურაში წარმოიქმნება წერტილოვანი სისხლჩაქცევები და მასიური ჰემორაგიები, ექსუდატები, ახალწარმოქმნილი სისხლძარღვები, ანევრიზმები, სისხლჩაქცევები მინისებურ სხეულში, პროლიფერაციული რეტინიტი. ვლინდება დიაბეტის სხვა ნიშნებიც. მხედველობის სიმახვილე დამოკიდებულია სისხლჩაქცევებისა და ექსუდატების ადგილმდებარეობაზე.

.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..