უეცარი კარდიული სიკვდილი

უეცარი კარდიული სიკვდილი

უეცარი კარდიული სიკვდილი – ეტიოლოგია,  პათოგენეზი,  რისკ-ფაქტორები, კლინიკური სურათი,  მკურნალობა >>>

უეცარი კარდიული სიკვდილი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა ლეტალური გამოსავალია, რომელიც დგება მწვავე სიმპტომების განვითარებიდან ერთი საათის განმავლობაში.

უეცარი კარდიული სიკვდილი – ეტიოლოგია

უეცარი კარდიული სიკვდილის მიზეზი დიდ უმეტესობაში, დაახლოებით 85-90%-ში, გულის იშემიური დაავადება, მათ შორის უსიმპტომო მიმდინარეობა, როდესაც სიკვდილი არის დაავადების პირველი და უკანასკნელი კლინიკური გამოვლინება. გარდა ამისა უეცარი კარდიული სიკვდილის მიზეზი შეიძლება იყოს:

  • გულის ნებისმიერი დაავადება, რომელსაც თან ახლავს მიოკარდიუმის გამოხატული ჰიპერტროფია (მაგალითად, ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია, აორტის შესართავის სტენოზი და სხვა)
  • ნებისმიერი გენეზის გულის შეგუბებითი უკმარისობა
  • ნებისმიერი გენეზის კარდიოგენური შოკი
  • ნებისმიერი გენეზის გულის ტამპონადა
  • ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია
  • პირველადი ელექტროფიზიოლოგიური დარღვევები, როგორიცაა: Q-T გახანგრძლივების სინდრომი, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი, ბრუგადის სინდრომი, კატექოლამინერგული პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდია
  • კორონარული არტერიების არაათეროსკლეროზული დაზიანება
  • ანთებითი, ინფილტრაციული, ნეოპლასტური და დეგენერაციული პროცესები
  • თანდაყოლილი დაავადებები
  • რიტმის დარღვევები ნეიროჰუმორული ზემოქმედების ან ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევების შედეგად (მაგ. გულის ვეგეტატური რეგულაციის დარღვევა სიმპათიკური აქტივობის მატებით)
  • გულის ტრავმული დაზიანება
  • აორტის განშრევება
  • ინტოქსიკაცია ან მეტაბოლური დარღვევები

უეცარი კარდიული სიკვდილის რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება არტერიული ჰიპერტენზია, მოწევა, ცხიმოვანი და ცილოვანი ცვლის დარღვევა  და სხვა.

უეცარი კარდიული სიკვდილი – პათოგენეზი

გულის იშემიური დაავადებით განპირობებული უეცარი სიკვდილის დროს, უსიმპტომო მიმდინარეობის დროსაც კი აუტოფსიით კორონარული არტერიების მნიშვნელოვანი ათეროსკლეროზული ცვლილებები ვლინდება: სისხლძარღვების შევიწროება, ათეროსკლეროზული ბალთები, რომლებიც ძირითადად კორონარული კალაპოტის პროქსიმალურ ნაწილში გვხვდება, ასევე აღინიშნება ენდოთელიუმის დაზიანება და კედლისმიერი ან სანათურის სრულად დამხშობი  თრომბები. აღნიშნული ცვლილებები მიოკარდიუმის ჟანგბადზე მოთხოვნილების გაზრდასთან ერთად ხდება მიოკარდიუმის მწვავე იშემიური  კერის განვითარებისა და უეცარი სიკვდილის მიზეზი.

უეცარი კარდიული სიკვდილის უშუალო მიზეზი პარკუჭების ფიბრილაცია ან ასისტოლიაა. ფიბრილაცია მიოკარდიუმის ცალკეული კუნთოვანი ბოჭკოების არარეგულარული, უწესრიგო, შეკუმშვებია, რომელთა სიხშირე წუთში 200-500-ია. კარდიომიოციტების ქაოსური აქტივაცია შეუძლებელს ხდის გულის ერთმომენტიან სინქრონულ შეკუმშვებს, დგება ასისტოლია, (გულის მოქმედების სრული შეწყვეტა, გაჩერება) და წყდება სისხლის მიმოქცევა. თუმცა ზოგ შემთხვევაში  ასისტოლია  წინ უსწრებს ფიბრილაციასა და თრთოლვას.

უეცარი კარდიული სიკვდილი – კლინიკური სურათი

უეცარი კარდიული სიკვდილი შეიძლება განვითარდეს როგორც ფიზიკური და ნერვულ-ფსიქიკური გადატვირთვისას, ისე მოსვენებულ მდგომარეობაში. ავადმყოფთა დაახლოებით ნახევარში აღინიშნება ძლიერი ანგინოზური ტკივილი, რასაც ხშირად თან ახლავს სიკვდილის შიში, შემთხვევათა მეოთხედში უეცარი კარდიული სიკვდილი ელვისებურად ვითარდება ყოველგვარი წინასწარი ნიშნების გამოვლენის გარეშე. დანარჩენ პაციენტებში 1-2 კვირით ადრე აღინიშნება განსხვავებული ხშირ შემთხვევაში არასპეციფიური პროდრომული ნიშნები, რაც დაავადების გამწვავებაზე მიუთითებს: გულის არეში ტკივილების გახშირება (ზოგჯერ ატიპიური ლოკალიზაციის), ქოშინი, ზოგადი სისუსტე, შრომისუნარიანობის დაქვეითება. უშუალოდ ფიბრილაციის  ან ასისტოლიის   დროს ვლინდება მკვეთრი სისუსტე, თავბრუსხვევა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის სრული შეწყვეტის შედეგად ავადმყოფი კარგავს გონებას, ვითარდება ჩონჩხის კუნთების ტონური შეკუმშვები, ხმაურიანი სუნთქვა.

გარეგანი დათვალიერებისას კანის საფარველი ფერმკრთალია, მონაცრისფრო ელფერით, შეხებით ცივი. სწრაფად ფართოვდება გუგები, პულსი  საძილე არტერიაზე არ ისაზღვრება, გულის ტონები  არ ისმინება. აღინიშნება გუგისა და რქოვანას რეფლექსის გაქრობა, სუნთქვა ხშირდება, ხდება აგონიური. ვლინდება ცალკეული კრუნჩხვითი სუნთქვითი მოძრაობები, 2.5-3 წუთის შემდეგ კი სუნთქვა ჩერდება. ფიბრილაციიდან ან ასისტოლიის  განვითარებიდან 3 წუთის შემდეგ თავის ტვინის ქერქში შეუქცევადი ცვლილებები ვითარდება.

უეცარი კარდიული სიკვდილი – მკურნალობა

უეცარი კარდიული სიკვდილის ნიშნების გამოვლენისას დაუყონებლივ ტარდება გულ-ფილტვის რეანიმაცია, რომელიც მოიცავს სასუნთქი გზების გაამვლობის აღდგენას, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციას, გულის არაპირდაპირ მასაჟს, ელექტრულ დეფიბრილაცია და მედიკამენტოზურ მკურნალობას.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..