ბალონური ანგიოპლასტიკა და სტენტირება

ბალონური ანგიოპლასტიკა და სტენტირება

პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებების დროს ისევე როგორც გულის იშემიური დაავადებისას უმეტეს შემთხვევაში მიზეზი სისხლძარღვების ათეროსკლეროზული დაზიანებაა. სისხლძარღვის შიდა კედელზე ლაგდება ათეროსკლეროზული ბალთები, რომლებიც ნაწილობრივ ან სრულად ფარავენ სისხლძარღვის სანათურს და შესაბამისად იწვევენ სტენოზს ან ოკლუზიას, ამის შედეგად კი სისხლძარღვის შესაბამისი უბნის იშემიურ დაზიანებას.

სისხლძარღვის სანათურის გაფართოების მიზნით გამოიყენება ბალონური ანგიოპლასტიკა და სტენტირება, როგორც პერიფერიული (კიდურების, თირკმლების, მუცლის ქვედა არტერიებში), ისე კორონარული არტერიების შემთხვევაში.

სისხლძარღვის ენდოვასკულურ მკურნალობამდე აუცილებელია სისხლძარღვის ათეროსკლეროზული დაზიანების შეფასება, ამის საშუალებას იძლევა ანგიოგრაფია კონტრასტული ნივთიერების გამოყენებითა და რენტგენოლოგიური კონტროლით. თუ სისხლძარღვის ათეროსკლეროზული დაზიანება ძლიერადაა გამოხატული და აღინიშნება კალციუმის ჩანართები, თრომბების წარმოქმნა ან სისხლძარღვი მიდრეკილია სპაზმებისაკენ, ასეთ შემთხვვეაში ანგიოპლასტიკის ჩატარება პრობლემურია და დგება დაზიანებული სისხლძარღვის შუნტირების საკითხი.

პერიფერიული არტერიების ანგიოპლასტიკა მცირედ ინვაზიური არაქირურგიული პროცედურაა, რომლის დროსაც ბალონური კათეტერი თავსდება პერიფერიულ არტერიაში და გაბერვის შედეგად იწვევს ათეროსკლეროზული ბალთის კომპრესიას და სისხლძარღვის დიამეტრის გაფართოებას, შესაბამისად აღდგება სისხლის ნაკადი მასში და უმჯობესდება ქსოვილების სისხლმომარგება. პროცედურის შემდეგ ხდება ბალონის ჩაჩუტვა და  სისხლძარღვიდან მოცილება.  ბალონური ანგიოპლასტიკის შემდეგ რიგ შემთხვევებში ტარდება სისხლძარღვის სტენტირება. სტენტი სპეციალური ლითონის  თხელი ბადისებრი მილია, რომელიც დგება სისხლძარღვში  ასევე ბალონური კათეტერის მეშვეობით. ბალონის გაბერვის შედეგად სტენტი იშლება და ინარჩუნებს არტერიის სანათურს გაფართოებულ მდგომარეობაში. დაზიანების ხარისხის შესაბამისად  სისხლძარღვში შესაძლებელია საჭირო გახდეს რამდენიმე სტენტის მოთავსება.

სისხლძარღვის ბალონური ანგიოპლასტიკა და სტენტირება – გართულებები

რადგანაც ბალონური ანგიოპლასტიკა და სტენტირება ათეროსკლეროზული პროცესის შეჩერებას ვერ ახდენს,  კვლავ შეიძლება წარმოიქმნას ათეროსკლეროზული ბალთა უკვე ჩადგმული სტენტის მიდამოში, ნაწიბუროვანი ცვლილებების განვითარების შედეგად კი განვითარდეს სისხლძარღვის განმეორებითი შევიწროება, რასაც რესტენოზი ეწოდება. რესტენოზის ალბათობას ამცირებს წამლით დაფარული სტენტის გამოყენება, რომელსაც გააჩნია ანტიპროლიფერაციული მოქმედება და აფერხებს ზედმეტი ქსოვილის ზრდას. რესტენოზის განვითარების შემთხვევაში საჭირო ხდება განმეორებითი ანგიოპლასტიკა და სტენტირება, სისხლძარღვის ძლიერი დაზიანებისას კი შუნტირება.

ასევე სტენტირების შემდგომ პერიოდში მოსალოდნელია თრომბოზის განვითარება, რისი თავიდან ასაცილებლად ნაჩვენებია ანტიკოაგულანტების დანიშვნა. ამასთან სტენტი იფარება ქსოვილით, რომელიც ხელს უშლის თრომბოზის განვითარებას.

გარდა რესტენოზისა და თრომბოზისა ანგიოპლასტიკისა და სტენტირების გართულებას წარმოადგენს პუნქციის ადგილას სისხლდენა, ჰემატომის განვითარება, შეშუპება, ტკივილი და ქსოვილების გამკვრივება.

ზოგ შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს არტერიოვენური ფისტულა, რომელიც თვითნებურად იხურება, თუმცა ზოგ შემთხვევაში საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა.

ანგიოპლასტიკისა და სტენტირების გართულებები ასევე  შეიძლება იყოს:  ალერგიული რეაქცია საკონტრასტო ნივთიერებაზე, თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, არტერიის კედლის აშრევება და არტერიის გასკდომა, თრომბოზის გამო თრომბოემბოლიის განვითარება. თუმცა სწორად ჩატარებული ბალონური ანგიოპლასტიკის შემთხვევაში გართულებების რისკი მინიმალურია (1%-მდე)

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები


  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.