საშვილოსნოს ულტრაბგერითი გამოკვლევა

საშვილოსნოს ულტრაბგერითი კვლევა

საშვილოსნოს  ულტრაბგერითი კვლევა საშვილოსნოს  გამოკვლევის ერთერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია, რომელიც საშუალებას იძლევა  განისაზღვროს მისი ზომები, ფორმა, სტრუქტურა. საშვილოსნოს  და მისი დანამატების ულტრაბგერითი კვლევა ტარდება სხვადასხვა გინეკოლოგიური პათოლოგიების დროს, როგორიცაა არარეგულარული მენსტრუალური ციკლი, ხანგრძლივი მტკივნეული მენსტრუაცია, უნაყოფობა, საშვილოსნოდან სისხლდენა  და სხვა. გარდა ამისა საშვილოსნოს  ულტრაბგერითი კვლევა  ორსულობის დამადასტურებელი  უტყუარი სადიაგნოსტიკო მეთოდია.

არსებობს საშვილოსნოს  ულტრაბგერითი კვლევის  ორი მეთოდი: ტრანსაბდომინალური და  ტრანსვაგინალური. ტრანსვაგინალური მეთოდის დროს ულტრაბგერითი გადამცემის მოთავსება ხდება საშოს მხრიდან, რაც იძლევა საშვილოსნოს  და მისი დანამატების დეტალური შესწავლის საშუალებას.

საშვილოსნოს  ულტრაბგერითი კვლევისას  ფასდება მისი ზომები, ფორმები, საშვილოსნოს  კედლის სისქე, სტრუქტურის ცვლილებები, გარდა ამისა მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ საშვილოსნოს  ზომები ვარირებს ასაკის, ორსულობისა და მშობიარობის რაოდენობის მიხედვით.

საშვილოსნოს  ულტრაბგერითი კვლევის  მეშვეობით შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი დაავადებები:

საშვილოსნოს მიომასაშვილოსნოს  კუნთოვანი შრის კეთილთვისებიანი სიმსივნე. ულტრაბგერითი კვლევით ვლინდება საშვილოსნოს  ზომაში მატება, მიომატოზური კვანძის არსებობა, მისი მდებარეობა და ზომები.

ენდომეტრიოზი  – საშვილოსნოს  ულტრაბგერითი კვლევა არ არის ენდომეტრიოზის  დიაგნოსტიკის ზუსტი მეთოდი, თუმცა  საშუალებას იძლევა ეჭვი მივიტანოთ, რათა დაინიშნოს კვლევის დამატებითი მეთოდები. ადენომიოზის  (შიდა ენდომეტრიოზი) დროს ულტრაბგერითი კვლევით საშვილოსნოს  კუნთოვან შრეში შეინიშნება მცირე ღრუების (ბუშტუკების) არსებობა.

საშვილოსნოს განვითარების ანომალიები  – საშვილოსნოს  ულტრაბგერითი კვლევით შეიძლება გამოვლინდეს საშვილოსნოს  ჰიპოპლაზია, ორრქიანი, გაორებული და უნაგირისებრი საშვილოსნო. საშვილოსნოს განვითარების ანომალიაზე ეჭვის მიტანისას რეკომენდებულია ჰისტეროგრაფიის ჩატარება – საშვილოსნოს  ღრუს გამოკვლევა საკონტრასტო ნივთიერების გამოყენებით.

ენდომეტრიუმის პოლიპები საშვილოსნოს  შიგნითა შრის ლორწოვანი გარსის წანაზარდები, რომელიც შესაძლოა მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ, თუმცა შეიძლება აღინიშნოს  სისხლიანი გამონადენი მენსტრუალური ციკლის შუა პერიოდში, და გახდეს უნაყოფობის მიზეზი. ულტრაბგერითი კვლევისას ვლინდება ენდომეტრიუმის  არათანაბარი შემსხვილება.

საშვილოსნოს  ყელის ან ენდომეტრიუმის კიბო ულტრაბგერითი კვლევით დგინდება საშვილოსნოს  ყელის კიბოს ზომები, მისი გავრცელების ხარისხი ახლომდებარე ორგანოებზე,  ლიმფური კვანძების ცვლილებები. ენდომეტრიუმის კიბოს დროს კი აღინიშნება საშვილოსნოს  კედლის შემსხვილება, ნიშნები მსგავსია საშვილოსნოს  მიომის ულტრაბგერითი ნიშნებისა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988