თირკმლების ულტრაბგერითი გამოკვლევა

თირკმლების ულტრაბგერითი გამოკვლევით ფასდება  თირკმლების მდებარეობა, კონტურები, ზომები, ფორმა, სტრუქტურა და პარენქიმის მდგომარეობა, წარმონაქმნის არსებობა.


საქართველოდან ბევრი მიმართავს უცხოურ კლინიკებს, დიაგნოზის გადასამოწმებლად, კონსულტირებისა და თუ აუცილებელია – სამკურნალოდაც. განსაკუთრებით ხშირია დიაგნოზის გადამოწმება. უცხო ქვეყნების სამედიცინო ინფრასტუქტურაში გარკვევა, კლინიკებისა და ექიმების არჩევა, რომლებიც ყველაზე უკეთ და მისაღებ ფასებში გადაჭრიან თქვენს პრობლემებს, საკმაოდ რთულია. ამაში დაგეხმარებიან სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული ფირმები. შეკითხვები უნდა გააგზავნოთ სპეციალური ფორმიდან. საკონტაქტო ფორმაზე გახვალთ ამ ტექსტზე დაკლიკებით. წერილს მიიღებენ სამედიცინო ტურიზმის წამყვანი ფირმები. პირველი შეკითხვაზე პასუხი უფასოა. ენა ქართული. შეეცადეთ შეკითხვა და თქვენი მდგომარეობა ჩამოაყალიბოთ ზუსტად: რა პრობლემა გაქვთ და რა მოთხოვნები გაქვთ კლინიკის მიმართ.


თირკმლების ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩვენებები:

  • შარდის ანალიზის ცვლილებები
  • წელის არეში ტკივილი
  • თირკმლის კოლიკისათვის დამახასიათებელი სიმპტომები
  • ენურეზი
  • თირკმლების ფუნქციური დარღვევები
  • ახალწარმონაქმნების დიაგნოსტიკა
  • ტრავმული დაზიანება
  • ენდოკრინული სისტემის დაავადებები
  • ტრანსპლანტირებული თირკმლის მდგომარეობის შეფასება
  • ანთებითი პროცესი და ინფექციური დაავადებები
  • პროფილაქტიკური გამოკვლევა

თირკმლებისა და თირკმელზედა ჯირკვლის  ულტრაბგერითი გამოკვლევა ინიშნება ასევე მაღალი არტერიული წნევის დროს, რომლის რეგულირებაც ვერ ხერხდება მედიკამენტოზური მკურნალობით.

♦ თირკმლის ულტრაბგერითი გამოკვლევით ვლინდება შემდეგი პათოლოგიები:

შარდკენჭოვანი დაავადება

შარდკენჭოვანი დაავადების დროს შესაძლებელია აღმოჩნდეს თირკმლის კონკრემენტები და დამახასიათებელი საშარდე გზების გაფართოება, დგინდება კენჭების ზომა, მათი მდებარეობა. თირკმლის ქვები ულტრაბგერითი გამოკვლევისას ჰიპერექოგენური ოვალური ფორმის წარმონაქმის სახით ვლინდება და ხშირად იძლევა აკუსტიკურ ჩრდილს. თუმცა გათვალისწინებული უნდა იქნეს თირკმლის სტრუქტურა, კერძოდ კი სისხლძარღვები, ცხიმოვანი ქსოვილი, ფიალების კედლები, რომლებიც არცთუ იშვიათად ახდენს კონკრემენტების  იმიტირებას და შარდკენჭოვანი დაავადების  არასწორ დიაგნოსტიკას. უნდა აღინიშნოს, რომ 4 მმ-ზე ნაკლები ზომის კენჭების აღმოჩენა ეჭვქვეშ აყენებს შარდკენჭოვანი დაავადების დიაგნოზს.

თირკმლის ბლოკი

ულტრაბგერითი გამოკვლევა იძლევა საშუალებას გამოვლინდეს თირკმლიდან შარდის პასაჟის დარღვევის მიზეზი:

  • კენჭები ფიალებში, მენჯში, შარდსაწვეთში, შარდის ბუშტში
  • მენჯ-ფიალოვანი სისტემის გაფართოება
  • თირკმლის ზომების მატება ანთებითი პროცესისა და შეშუპების გამო
  • შარდის გამომყოფი გზების კომპრესია გარედან სიმსივნით, დეფექტური სისხლძარღვით

თირკმლების დაზიანება

თირკმლების დაზიანების დროს აღინიშნება ჰემატურია, წელის არეში ტკივილი, შოკი. ასეთ დროს აუცილებლად უნდა ჩატარდეს ულტრაბგერითი გამოკვლევა. თირკმლის დაზიანებაზე მიუთითებს:

  • სუბკაფსულური ჰემატომა
  • თირკმლის მძიმე ტრავმისას აღინიშნება არამკვეთრი კონტურების, როგორც წესი დაბალი ექოგენობის მქონე უბნის არსებობა

მწვავე პიელონეფრიტი

მწვავე პიელონეფრიტის დროს ულტრაბგერითი გამოკვლევაზე აღინიშნება დაზიანების მხარეს თირკმლის ზომების მომატება, მენჯ-ფიალოვანი სისტემის მცირე გაფართოება, კორტიკო-მედულარული დიფერენციაცის წაშლა, თირკმლის პარენქიმის ექოგენობის დაქვეითება, იშვიათად მატება. თუმცა სამწუხაროდ აღნიშნული ექოსკოპიური ნიშნები პაციენტთა მხოლოდ 20-25%-ში ვლინდება, დანარჩენ შემთხვევებში დიაგნოზი ისმება კლინიკურ მონაცემებზე დაყრდნობით.

თირკმლის აბსცესი

თირკმლის პარენქიმის აბსცესი ვლინდება ექოგენობის კეროვანი დაქვეითებით, არამკვეთრი საზღვრებით.  მცირე ზომის აბსცესები ხშირ შემთხვევაში არ ისაზღვრება.

თირკმლის ვენების თრომბოზი

თირკმლის ვენის დათრომბვისას, რისი მიზეზიც შეიძლება იყოს დიბაეტური ნეფროპათია, გლომერულონეფრიტი, თირკმლის სიმსივნე, შემაერთებელქსოვილოვანი სისტემური დაავადება, ულტრაბგერითი გამოკვლევისას აღინიშნება თირკმლის ზომებში მატება, დაავადების ადრეულ სტადიებზე მომატებული ექოგენობა, პარანეფრალურ სივრცეში სითხის არსებობა, თირკმლის ვენაში თრომბის არსებობა. ადრეულ სტადიაზე თრომბის აღმოჩენა შესაძლებელია ფერადი დოპლეროგრაფიის მეშვეობით, მოგვიანებით კი ვლინდება ექოგენური სტრუქტურის სახით. გარდა ზემოთ აღნიშნულისა თირკმლების ულტრაბგერითი გამოკვლევით შესაძლებელია გამოვლინდეს:  თირკმლის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეები, თირკმლის კისტები, თირკმლისა და შარდსაწვეთის განვითარების ანომალიები და სხვა.  ანალიზები, დიაგნოსტიკა >>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.