მეორე ტიპის დიაბეტი

მეორე ტიპის დიაბეტი

რას ნიშნავს მეორე ტიპის დიაბეტი

დიაბეტი ისეთი დაავადებაა, რომლის დროსაც სისხლში დიდი რაოდნობით შაქარი (გლუკოზა) გროვდება. ასეთ მდგომარეობას ჰიპერგლიკემია ეწოდება. გლუკოზა საწამლავი არ არის, არამედ თქვენი ორგანიზმისთვის ენერგიის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა. თუმცა, მუდმივად სისხლში  შაქრის მაღალი დონე იწვევს ნაადრევ დაბერებას და ადრეულ ასაკში ისეთი გართულებების განვითარებას, როგორებიცაა: ინფარქტი, ინსულტი, თირკმლის უკმარისობა, სიბრმავე, ტერფების დაზიანება და სხვ. >>>

ეს გართულებები გარდაუვალი არ არის, მათი თავიდან აცილება ადვილი შესაძლებელია, თუ სისხლის შაქრის მაჩვენებლებს ნორმის (ან ნორმასთან ახლოს) ფარგლებში შევინარჩუნებთ.

დიაბეტის დროს ირღვევა ინსულინის გამომუშავება. ინსულინი არის ჰორმონი, რომელიც ეხმარება ორგანიზმს გლუკოზის ათვისებასა და დამარაგებაში. ტიპი 1 დიაბეტისგან განსხვავებით, რომლის დროსაც ინსულინი საერთოდ არ გამომუშავდება, ტიპი 2-ის დროს ირღვევა წონასწორობა სისხლში გლუკოზის დონესა და გამოყოფილი ინსულინის რაოდენობას შორის: ანუ ორგანიზმს აქვს გაზრდილი მოთხოვნილება ინსულინზე, სისხლში არსებული გლუკოზის ასათვისებლად.

ინსულინის მიმართ ორგანიზმის მოთხოვნილების გაზრდა, ძირითადად, გამოწვეულია ორგანიზმში ჭარბი ცხიმის დაგროვებით და უმოძრაო ცხოვრების წესით. აქედან გამომდინარე, როგორც შაქრიანი დიაბეტის პრევენციის, ისე მკურნალობის ყველაზე უფრო ლოგიკური და გონივრული მიდგომაა ჭარბი წონის დაკლება და რეგულარული ფიზიკური ვარჯიში. ინსულინის პროდუქციას და მის მოქმედებას, ასევე, ეფექტურად ასტიმულირებს მედიკამენტოზური თერაპია.

სისხლის შაქრის მაღალი დონის სიმპტომები 

სამწუხაროდ, დასაწყისში დიაბეტს “ჩუმი მიმდინარეობა“ ახასიათებს. გლუკოზის დონის ზომიერ მომატებას (10-11 მმოლ/ლ ან 1800-200 მგ/დლ) არავითარი სიმპტომი არ ახლავს თან და რამდენიმე თვის ან წლის განმავლობაშიც კი ადამიანი შეიძება ვერაფერს გრძნობდეს. თუმცა, მუდმივად მაღალი შაქარი ორგანიზმს ჩვენგან შეუმჩნევლად აყენებს ზიანს.

გლუკოზის ძალიან მაღალი მაჩვენებლების არსებობისას (მუდმივად მაღალი 11-12 მმოლ/ლ ან 200-220 მგ/დლ) გამოხატულია შემდეგი სიმპტომები:  ხშირი შარდვა, მუდმივი წყურვილის გრძნობა. შეიძლება პაციენტმა ამ სიმპტომებსაც არ მიაქციოს განსაკუთრებული ყურადღება მრავალი წლის განმავლობაში. თუ სიმპტომები მყარად არის შენარჩუნებული, დამატებით შეიძლება აღინიშნებოდეს მხოლოდ სისუსტე, კრუნჩხვები ან სხვა უმნიშვნელო დარღვევები.

დიაბეტი ისეთი დაავადებაა, რომელიც მთლიანად ექვემდებარება მკურნალობას. იდეალური მკურნალობა, რომლის მიღწევაც დამყარებულის პაციენტისა და სამედიცინო გუნდის მჭიდრო კონტაქტზე, მიზნად ისახავს სისხლის გლუკოზის კარგი კონტროლის მიღწევასა და არც მოითხოვს პაციენტისათვის ჩვეული ცხოვრების წესის რადიკალურ ცვლილებას.

სიმართლე რომ ითქვას, ზოგიერთი პრობლემის თავიდან აცილება ვერ ხერხდება, მაგრამ ამის მიზეზი გარშემომყოფთა გულგრილობაა და არა თავად დაავადება.

გინდათ თუ არა, თქვენი მკურნალობის ხარისხზე სხვა ადამიანებიც ახდენენ გავლენას, თქვენ კი ეს გავლენა თქვენს სასიკეთოდ უნდა გამოიყენოთ.

ოჯახის წევრთა ჩართულობა, თუ ეს მართლაც გულწრფელად ხდება და სწორად აღიქმება, შეიძლება მკურნალობისთვის კარგი დახმარება გახდეს და ოჯახური ურთიერთობებიც კი გააუმჯობესოს.

თუ პაციენტი მოზრდილია, ოჯახის წევრები (მეუღლე) შეიძლება დაეხმარონ მას საკვების ხარისხიანობისა და რაოდენობის კონტროლში. შეახსენონ ექიმთან ვიზიტის ან გეგმიური გამოკვლევის თარიღი, დაეხმარონ, რომ გონივრულად მოიქცნენ წვეულებებისა და მეგობრებთან შეხვედრის დროს.

ხანდაზმულ პაციენტებს შეიძლება დასჭირდეთ დახმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში და ასევე, დიაბეტის მართვაში (შეახსენონ წამლის მიღების/ინიექციის დრო, , გაუზომონ შაქრის დონე სისხლში და ჩაწერონ შედეგები).

გარკვეულ ასაკში შეიძლება გაგიჭირდეთ ახლობლების დახმარების გარეშე წამლების რეგულარული მიღება, ინსულინის ინექციები, კვების ჩვევების შეცვლა, რეგულარული ფიზიკური ვარჯიშები, სახლის პირობებში (ან ლაბორატორიაში) გლუკოზის დონის კონტროლი.

ასაკთან ერთად მკურნალობისადმი მოთხოვნილებები შეიძლება ისეთი მკაცრი აღარ იყოს, როგორც ახალგაზრდებში. არ ღირს მათი ცხოვრების ხარისხის გაუარესება საეჭვო მიღწევების გამო. ერთადერთი, რაც ნამდვილად უნდა მივიღოთ მხედველობაში და არის ჯანმრთელობისთვის საშიში – ეს არის ჰიპოგლიკემიის განვითარების შესაძლებლობა ხანდაზმულ პაციენტებში.

დიაბეტი არ აქვეითებს ადამიანის შრომისუნარიანობას. მხოლოდ დროებითი დეკომპენსაციის პერიოდულ ეპიზოდებს ან დიაბეტის გვიან გართულებებს (პირველს – დროებით, მეორეს კი -თანდათანობით) შეუძლია გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობის დაქვეითება.  ორივე პრობლემის თავიდან აცილება შესაძლებელია, ვინაიდან არცერთი მათგანი არ წარმოადგენს დიაბეტის გარდაუვალ გამოსავალს.

დიაბეტი უნდა განვიხილოთ არა როგორც დაავადება, არამედ როგორც სხვა დაავადებების განვითარების რისკის ფაქტორი. ეს არ ნიშნავს, რომ დიაბეტით დაავადებული ადამიანი შრომისუუნაროა, არ შეუძლია არანაირი საქმის გაკეთება. ეს იგივეა, რომ ინვადილად ჩავთვალოთ მწეველი, ჭარბწონიანი , ან თუნდაც ის ადამიანი, რომელიც მჯდომარე ცხოვრებას ეწევა.

პრობლემები, რომლებიც შეიძლება შეექმნას დიაბეტით დაავადებულ ადამიანს სამსახურში , გამოწვეულია არა დაავადებით, არამედ იმიტომ, რომ მის ხელმძღვანელს არ ესმის დაავადების არსი.  ამავდროულად, ჯანდაცვის კანონმდებლობა არასრულყოფილია: იმისათვის, რომ თავი დაიცვას პაციენტმა უნდა მიიღოს სრული ინფორმაცია თავისი მდგომარეობის და ზოგადად,  დიაბეტის შესახებ, ეს ინფორმაცია სხვებს მიაწოდოს, აქტიურად ჩაერთოს მკურნალობის პროცესში და არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობაში.

დიაბეტი არ არის ხელისშემშლელი მოგზაურობისათვის, არა აქვს მნიშვნელობა მანძილს, დროს ან ხანგრძლივობას. ჰკითხეთ რჩევა თქვენს ექიმს, გაარკვიეთ მკურნალობისა და დიეტის შესაძლო ცვლილებები მოგზაურობის დროს. უცნობი საკვების გასინჯვისას არ დაგავიწყდეთ კალორიების დათვლა. ყუდაღებით იყავით, რომ საკვებმა არ მოგწამლოთ, და თუ მაინც დაგემართათ მოგზაურობისათვის დამახასიათებელი დიბაქტერიოზი, დაუყოვნებლივ მიიღეთ ზომები. დათვალეთ რა რაოდენობით სჭირდებათ სამკურნალო პრეპარატები (ტაბლეტები ან ინსულინი) შპრიცები, საკონტროლო ჩხირები და ხელბარგში ჩააწყვეთ. გარდა ამისა, შეადგინეთ ყველაფრის სია, რაც შეიძლება დაგჭირდეთ, ჩაიწერეთ იმ ქვეყნის ენაზე, სადაც მიდიხართ და ყოველთვის თან იქონიეთ. ჰიპოგლიკემია ტიპი 2 დიაბეტის ფონზე ძალიან იშვიათად ვითარდება. მაგრამ მაინც არ დაგავიწყდეთ თან შაქრის ან სახამებლის შემცველი პროდუქტების ტარება.

დიაბეტი ტიპი 2–ის თავიდან აცილება შესაძლებელია – ცოტა რამ პრევენციაზე  

პროფილაქტიკური ღონისძიებები: 

1)    ჯანსაღი ცხოვრების წესის გამომუშავების გეგმა 

კარგადაა ცნობილი, რომ არსებობს დიაბეტის განვითარებისადმი მემკვიდრული განწყობა, თუმცა, წინასწარ განწყობილ ადამიანებში დაავადების განვითარებისთვის ასევე საჭიროა სხვა ფაქტორებიც. ყველაზე გასათვალისწინებელია აბდომინური სიმსუქნე (ე.წ. ვაშლის ფორმის სიმსუქნე) და უმოძრაო ცხოვრების წესი.

იცოდეთ, რომ მემკვიდრული განწყობის მქონე პირებსაც კი არასოდეს განუვითარდებათ დიაბეტი, თუ მუდმივად გამხდრები და აქტიურები იქნებიან.

ნორმალური წონა ნიშნავს ორგანიზმში მცირე რაოდენობით დაგროვებულ ცხიმს, განსაკუთრებით მუცლის არეში. ამას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ადრეულ ასაკში, რადგან ბავშვობაში განვითარებული სიმსუქნე ყველაზე ძნელი სამკურნალოა. თუ პიროვნება 18-20 წლამდე გამხდარია, მაშინ ამ ასაკში მისი წონა შეიძლება იდეალურად ჩაითვალოს და შემდგომი ცხოვრების განმავლობაში ეს იქნება რეალური სამიზნე მაჩვენებელი, რომლის შენარჩუნებასაც უნდა ვეცადოთ.

ფიზიკური აქტიურობა ნიშნავს, ასაკისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, ზომიერი სიმძლავრის ვარჯიშებს დღის განმავლობაში მინიმუმ ერთი საათი მაინც, არანაკლებ ხუთჯერ კვირაში. ზოგ ადამიანს ცხოვრების ასეთი წესის შენარჩუნება შეიძლება ძალიან გაუჭირდეს, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ესმით დიაბეტის განვითარების რისკი.

არსებობს გარკვეული საშუალებები, რომელთა მეშვეობითაც შეძლებთ დიაბეტის განვითარების რისკის შეფასებას თქვენს იმ ახლობლებში, რომელთაც ნორმალური წონისა და ფიზიკური აქტივობის შენარჩუნების დაბალი მოტივაცია აქვთ. არსებობს გარკვეული ტესტები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია განისაზღვროს რამდენადაა მოცემული პიროვნება გენეტიკურად წინასწარგანწყობილი ან დაცული დიაბეტის განვითარებისაგან. რისკების ცოდნა და შეფასება გვაძლევს იმ ადამიანებისთვის ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის შესაძლებლობას,  ვისაც დიაბეტის განვითარების მომატებული რისკი აქვთ.  შედეგად კი მოვახდენთ ამ პრობლემის განვითარების პრევენციას.

2)    ადრეული დიაგნოსტიკა 

მიუხედავად იმისა, ატარებდა თუ არა ადამიანი პროფილაქტიკურ ღონისძიებებს, იმ შემთხვევაში, როცა დგება დიაბეტის დიაგნოზი, მაშინვე უნდა მოხდეს შესაბამისი სამკურნალო ღონისძიებების ჩატარება.

იმისათვის, რომ მოხდეს დიაბეტის ადრეული დიაგნოსტიკა, რეკომენდირებულია სისხლში გლუკოზის რეგულარული გასინჯვა როგორც უზმოზე, ისე ჭამიდან ერთ ან ორ საათში.  სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით (გენეტიკური განწყობა, ასაკი, აბდომინური ცხიმის შემცველობა და ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა), სისხლში გლუკოზის დონის პროფილაქტიკური გაზომვების სიხშირე შეიძლება იყოს ყოველ 6 თვეში, ან ყოველ 2 წელიწადში ერთხელ. აგრეთვე, რეკომენდირებულია მისი გაზომვა გენეტიკურად წინასწარგანწყობის მქონე პირებში ისეთი მოვლენების შემდეგ, რომლების შედეგადაც შესაძლოა  გამოიწვიონ დიაბეტი, როგორიცაა მაგ. მძიმე დაავადება ან ტრავმა, ემოციური შოკი,ორსულობა. გლუკოზა ასევე უნდა გაისინჯოს დიაბეტისათვის დამახასიათებელი სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, როგორიცაა ხშირი შარდვა, უმიზეზო წყურვილი, პირის სიმშრალე, ინფექციისას გამოჯანმრთელების პროცესის გახანგრძლივება, აუხსნელი წონის დაკარგვა და ა.შ.

ალბათ შეამჩნევდით, რომ შემოთავაზებული პროფილაქტიკური ღონისძიებები ნორმალური წონა(ნორმალური წონისა და ფიზიკური აქტივობის შენარჩნება), ასევე დიაბეტის მკურნალობის საფუძველიცაა.  ნორმალური წონისა და ფიზიკური აქტივობის შენარჩნებას ცალკე, ან მედიკამენტოზურ თერაპიასთან  ერთად ნამდვილად შეუძლია დაგვეხმაროს დიაბეტის გართულებების თავიდან აცილებაში. მაგრამ , უდავოდ, პროფილაქტიკა უმჯობესია.  პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ცალკე მეცნიერულ ცოდნას ნაკლებად შეუძლია მოტივაცია შეუქმნას ადამიანებს, რათა ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდიონ და ზოგადად დაავადებების თავიდან აცილებაზეც იზრუნონ. ამ მხრივ შეუფასებელია დიაბეტით დაავადებული ნათესავის ან მეგობრის გამოცდილების გაზიარების როლი.

თქვენმა მაგალითმა და რჩევებმა შესაძლოა გარშემომყოფ ადამიანებს დიდი სამსახური გაუწიოს დიაბეტის პრევენციის ან დროულად გამოვლენის საქმეში მაინც. ამ დაავადების გართულებები ვლინდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ყურადღება საერთოდ ან სათანადოდ არ ექცევა.

 რატომ უნდა გვქონდეს სხეულის ნორმალური წონა?

წონის დაკლება – ესაა მიზანმიმართული ღონისძიება თქვენს  ორგანიზმში ჭარბი ცხიმის შესამცირებლად. ზრდის პროცესში ბევრ ადამიანს ემატება ცხიმის შემცველობა ორგანიზმში, რომელიც ჩვეულებრივ სხეულის ცენტრალურ, მუცლის ნაწილში გროვდება. ზემდეტი ცხიმის დაგროვება ისეთი ხშირი მოვლენაა, რომ ზოგჯერ განიხილება, როგორც გაზრდის აუცილებელი შედეგი, მაგრამ ეს ასე არ არის. 

ფაქტები ჭარბი წონის შესახებ

  1. ჭარბი წონ – რამდენიმე კილოგრამიც კი, განსაკუთრებით, თუ განლაგებულია მუცლის ნაწილში – ზრდის  დიაბეტი ტიპი 2–ის, არტერიული ჰიპერტენზიის და ქოლესტერინის მაღალი დონის რისკს. ნორმალური წონის და ფიზიკური აქტივობის შენარჩუნება დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები.
  2. თუ თქვენ დიაბეტი ტიპი 2, ჰიპერტენზია, ქოლესტერინის მომატებული დონე ან ამ სამი მდგომარეობიდან ნებისმიერი კომბინაცია გაქვთ, წონის ნორმირება საუკეთესო საშუალებაა. მართლაც, იგი ისეთი ეფექტურია, როგორც თავისთავად, ისე ფიზიკურ ვარჯიშებთან ერთად, რომ შეიძლება შეამციროს მედიკამენტების საჭიროება.
  3. სიმსუქნე , თავისთავად, წარმოადგენს გულ-სისხძარღვთა დაავადებების რისკის ფაქტორს. ეს  ნიშნავს, რომ თუ ადამიანს არა აქვს დიაბეტი, ჰიპერტონია, ქოლესტერინის მაღალი დონე, ან თუ ეს დაავადებები აქვს, მაგრამ კარგად აკონტროლებს, წონის დაკლება მნიშნელოვნად გაზრდის ცხოვრების ხარისხსა და ხანგრძლივობას.
  4. ზედმეტი წონა მუდმივი დატვირთვაა სახსრებზე – კოჭის, წვივის, მენჯ-ბარძაყის სახსარი, ხერხემლის წელის ნაწილი – დროთა განმავლობაში ცვდება, ეს კი იწვევს ტკივილს სახსრებში და ზღუდავს მათ მოძრაობას. წონის ნორმირებით თქვენ ისეთივე შვებას იგრძნობთ, თითქოს მხრებიდან მძიმე ტვირთი მოგეხსნათ.
  5. დიდი მუცელი ნორმალურად სუნთქვაში გიშლით ხელს. ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ მოსდევს ფიზიკურ ვარჯიშებს ამდენი უსიამოვნო შეგრძნება. უფრო მეტიც, გაძნელებული სუნთქვა დამატებით რისკს წარმოშობს ძილის დროს. ამის გარდა, თქვენ უფრო მიდრეკილი ხართ სასუნთქი გზების ინფექციებისკენ, რასაც საბოლოო ჯამში, მივყავართ ქრონიკული ბრონქიტის განვითარებისა და სუნთქვის უკმარისობისკენ.
  6. თუ თქვენ სხვადასხვა მიზეზის გამო თვლით, რომ უნდა გქონდეთ კარგი აღნაგობა და ფიზიკურად ნავარჯიშევი იყოთ, ჭარბი წონა შეშფოთების, არასრულფასოვნების ან დანაშაულის, უიმედობის და დეპრესიის მიზეზი შეიძლება გახდეს. თუ თქვენ მოხდენილ ტანს დაიბრუნებთ, გარკვეულწილად აღიდგენთ თქვენს ფსიქოლოგიურ წონასწორობას.

რატომ უნდა დავიკლოთ წონაში

  1. ზოგიერთ ადამიანს შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტონია, ქოლესტერინის მაღალი დონე არ აქვს და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები (ინსულტი, ინფარქტი) მის ოჯახში არავის ჰქონია. მათ შეიძლება ჩათვალონ, რომ ამ პათოლოგიების განვითარების დაბალი რისკი აქვთ და არაა აუცილებელი წონის ნორმალიზება. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ცხოვრებაში როდესმე ყველაფერი პირველად ხდება.
  2. თუ თქვენ ყოველთვის გქონდათ ჭარბი წონა, შეგიძლიათ იფიქროთ, რომ მომავალში სახსრებისა და ხერხემლის დაზიანების რისკი მინიმალურია. თუმცა, ნებისმიერ ასაკში გახდომას თან  ახლავს ბევრი დადებითი თვისება.
  3.  თუ თქვენ გაკმაყოფილებთ თქვენი გარეგნობა, ან სიგამხდრე (მიზანმიმართული გახდომის დროსაც კი) თქვენთვის და თქვენი ახლობლებისთვის ასოცირდება ავადმყოფობასთან, კიდევ ერთხელ გაანალიზეთ ყველა „დადებითი“ და „უარყოფითი“ მხარეები და შეათანხმეთ ეს საკითხი თქვენს ექიმთან და დიეტოლოგთან.
  4. ზოგიერთ ადამიანს არ შეუძლია შიმშლისა და სიზარმაცის გრძნობასთან ბრძოლა. თუ ცხოვრების წესის ცვლილებით გამოწვეული სტრესი ძალიან ძლიერია და თან ახლავს უფრო დიდი რისკი (ფიზიკური და ფსიქოლოგიური), ვიდრე ჭარბ წონასთან  დაკავშირებული რისკია, ეს საკითხი აუცილებლად უნდა განიხილოთ თქვენს ექიმთან ერთად და მოძებნოთ ალტერნატიული გადაწყვეტილება

სტატია მოამზადა ელენე შელესტოვამ

http://welfarefoundation.org.ge/

_________________________________________

გადასვლა >>>> ,,ენდოკრინოლოგია“; ,,ენდოკრინოლოგია. უფასო დისტანციური კონსულტაციები”

.

.