შაქრის შემცვლელები

საკვები დამატკბობლები 

გლუკოზა – „ტკბილი შხამი“

გლუკოზა – ენერგიის წყაროა, რომელიც აუცილებელია ჩვენი ორგანიზმის ცხოველმოქმედებისათვის.  თუმცა მისი მომატებული დონე  საზიანოა ორგანიზმისთვის.  მომატებული შაქრის მავნე შედეგებს  დეკომპენსირებული შაქრიანი დიაბეტის დროს ვხვდებით. >>>

ტკბილეული პრაქტიკულად ყველა ცოცხალ არსებას უყვარს. ბუნებაში შაქარი ხილის სახით გვხვდება. ხილის სიტკბო აუცილებელია მცენარეებისათვის, რომ მიიზიდოს ცხოველები და ფრინველები. შაქრები, ენერგიის წყაროს სახით, ახალი ორგანოების „ შენებისათვის“ არის საჭირო.

ენერგია და რესურსები

დღეისათვის ითვლება, რომ ენერგიის ძირითად წყაროს ცხიმები წარმოადგენს. თუმცა, ადრე ადამიანები, თავიანთი საკვები რაციონიდან გამომდინარე, ცხიმს პრაქტიკულად ვერ იღებდნენ, ამიტომ ენერგეტიკულ მარაგს ისინი ნახშირწყლების მეშვეობით ავსებდნენ. ნახშირწყლები შეიწოვება ნაწლავებიდან და გარდაიქმნება გლუკოზად, შემდეგ კი გლიკოგენად (მცენარეული სახამებლის ცხოველური ანალოგი), რომელიც მარაგის სახით გროვდება ღვიძლსა და კუნთებში. ითვლება, რომ ღვიძლი გლიკოგენის მარაგის მთავარი საწყობია, მაგრამ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ კუნთოვანი მასა ორგანიზმში გაცილებით მეტია და აქედან გამომდინარე, საერთო ჯამში, გლიკოგენი კუნთებში უფრო მეტი რაოდენობით გამოდის, ვიდრე ღვიძლში.

გლუკოზის დონის კონტროლი ბუნებაში

როცა გლუკოზას პირობითად ჯანმრთელი ადამიანი იღებს, მისი ორგანიზმი  დიდ ძალისხმევას ახმარს იმას, რომ სისხლში შაქრის კონცენტრაციამ დასაშვებზე მეტად არ მოიმატოს.  გლუკოზის ნორმალური დონე ჭამამდე არის დაახლოებით 80მგ/დლ-მდე (4.5 მმოლი/ლ).  ნოყიერი საკვების მიღებიდან , სულ რაღაც, ნახევარი საათის შემდეგ,  ორგანიზმში გლუკოზის დონე იმატებს 100 მგ/ლდ-მდე (5.5 მმოლი/ლ). ამ ფაქტის ახსნა შეიძლება იმით, რომ კუჭქვეშა ჯირკვალი მომატებული რაოდენობით გამოყოფს სპეციფიკურ ჰორმონ ინსულინს. ინსულინი, აფერხებს ღვიძლის მიერ გლუკოზის გამოყოფას (რაც საკვების მიღებებს შორის შუალედში ხდება და უზრუნველყოფს სისხლის ნაკადში გლუკოზის ნორმალურ დონის შენარჩუნებას), ასტიმულირებს კუნთების მიერ მის მოხმარებას და გლუკაგონის დაგროვებასშეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ორგანიზმის მიერ ნახშირწყლების გარდაქმნისა და შენახვის პროცესი საკმაოდ დიდ ენერგიას მოითხოვს, შესაბამისად, ჩვენს მიერ საკვებით მიღებული ენერგიის თითქმის მესამედი სწორედ ამ პროცესს ხმარდება.

ჩვენი ორგანიზმის „საშიში საწვავი“

გლუკოზა- ენერგიის წყაროა, რომლის რაოდენობასაც ჩვენი ორგანიზმი მკაცრად აკონტროლებს. ნებისმიერი ენერგიის წყარო კი საშიში ხდება მაშინ, როგორც კი მასზე კონტროლს ვკარგავთ (ფეთქებადი გაზი, ნავთობპროდუქტები, მაღალვოლტაჟიანი ძაბვა, ქარი და ტალღებიც კი). გლუკოზა, ისევე, როგორც სხვა საწვავი, ჯანმრთელობისა და სიცოცლისთვის საშიში ხდება, როგორც კი ორგანიზმის მიერ მისი კონტროლი ირღვევა. ჩვეულებრივ, ორგანიზმს აქვს მრავალი დამცავი მექანიზმი, რომელთა მეშვეობითაც, ხდება გლუკოზის ნორმალური დონის შენარჩუნება. თუმცა, როდესაც მისი დონე ნორმის ფარგლებს სცილდება, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ორგანიზმს უჭირს შაქრის მომატებულ დონესთან გამკლავება და შედეგად საკმაოდ ბევრი უარყოფითი ცვლილების გამომწვევი ხდება (როგორც უჯრედულ დონეზე, ისე ზოგადად ორგანიზმის მასშტაბით).

რა დარღვევებს იწვევს გლუკოზის დონის მომატება

რა თქმა უნდა, პირველად ის ეპითელიუმი ზიანდება, რომლითაც ამოფენილია ყველა სისხლძარღვი. სწორედ ამით აიხსნება, რომ შაქრიანი დიაბეტის დროს , ძირითადად,  ზიანდება ორი ჯგუფი – მსხვილი სისხლძარღვები, არტერიები, რომელიც კვებავს გულის კუნთს, ტვინს და ქვედა კიდურებს (მაკროსისხლძარღვოვანი პათოლოგიები) და მცირე კალიბრის სისხლძარღვები, რომელიც კვებავს თვალებს, თირკმელებს, ნერვებს (მიკროსისხლძარღვოვანი პათოლოგიები).კვლევებმა გვიჩვენა, რომ როგორც ტიპი 1, ისე ტიპი 2 დიაბეტის დროს თვალებისა და თირკმლების დაზიანება გლუკოზის დონის მატების შესაბამისია.

უჯრედებზე გლუკოზის ზეგავლენისა და მათი საპასუხო რეაქციის შესწავლა ლაბორატორიულ პირობებში ხდება. ექსპერიმენტების შედეგად დადასტურდა, რომ შაქრის მომატებული დონე სისხლში უჯრედების ფუნქციონირების დარღვევას იწვევს, რაც მის საწინააღმდეგო ერთი, უნივერსალური პრეპარატის შექმნას შეუძლებელს ხდის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია გლუკოზის დონის კონტროლი მათთვისაც კი, ვისაც დიაბეტი არ აქვს. ვინაიდან კვების შემდეგ გლუკოზის დონემ პირობითად ჯანმრთელ ორგანიზმშიც კი შეიძლება კრიტიკულ დონემდე მოიმატოსთუ მათთვის, ვისაც დიაბეტი არა აქვს, სისხლის გლუკოზის მომატება  ჭამის შემდეგ დასაშვებია  118 მგ/დლ (6.5 მმოლი/ლ)-მდე,  ლოგიკურია, რომ ეს მაჩვენებელი  (ჩვეულებრივზე 45%-ით მაღალი) ორგანიზმისთვის ტოქსიკური  არ არის. მაგრამ თუ  უზმოდ ან ჭამამდე  გლუკოზის დონე, დაახლოებით, 45% -ით მაღალია, ჭამის შემდეგ ის მნიშვნლოვნად მოიმატებს , 220 მგ/დლ- მდე (12.0 მმოლი/ ლ) ან უფრო მეტად. ეს კი უკვე ტოქსიკურ გავლენას ახდენს ორგანიზმზე. ამიტომ, სათანადო მკურნალობასთან ერთად  აუცილებელია კვების პროდუქტების სწორად შერჩევაც, რომ მერყეობა არ გვქონდეს გლუკოზის დონის მკვეთრი მერყეობა.

ტოქსიკური აუცილებლობა

ძალიან ნუ შეშინდებით, გლუკოზასთან ან შაქართან, ისევე როგორც ნებისმიერ საწვავთან, მიმართებაში სიფრთხილეა საჭირო. თუ დიაბეტი არ გაქვთ, თქვენი ორგანიზმი თავად დაგეხმარებათ გლუკოზის დონის დარეგულირებაში. ხოლო თუ დიაბეტი გაქვთ – უნდა იზრუნოთ, რომ შაქრებთან „მეგობრობა და საიმედო პარტნიორობა“  „მტრობით“ არ შეგეცვალოთ.

შაქრები  და კვების  პროდუქტები, რომლებიც შაქარს შეიცავს

თუ დიაბეტი არ გაქვთ, მაგრამ გსურთ წონის დაკლება, ჯანსაღი კბილების შემარჩუნება, აუცილებელია კვების რაციონში შეამციროთ შაქრების და მათი შემცველი პროდუქტების მიღება. ხოლო თუ დიაბეტი გაქვთ, გლუკოზის კონტროლი პირდაპირ კავშირშია თქვენს მიერ მიღებულ საკვების ხასიათთან. შაქრებისადმი (ნახშირწყლებისადმი) მოთხოვნილება ინდივიდუალურია. მათ ბევრი კვების პროდუქტი შეიცავს, ამიტომ საჭიროა კარგად დაფიქრდეთ საკვების არჩევისას.

  რამდენიმე რჩევა, თუ როგორ შევზღუდოთ მარტივი შაქრების მიღება

მიუხედავად იმისა, გაქვთ თუ არა დიაბეტი, უმჯობესია უპირატესობა მიანიჭოთ ისეთ საკვებსა და სასმელს, რომლებიც შედარებით ნაკლები რაოდენობით შეიცავენ შაქრებს ან მათ შემცვლელებს.

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დიაბეტი გაქვთ, საკვები და სასმელები შაქრის შემცვლელებზე უნდა იყოს დამზადებული, რომლებიც სპეციალური კონტეინერებით იყიდება და სასურველია ყოველთვის თან იქონიოთ. ნატურალური წვენები, ტკბილი სასმელები, ჩაი/ყავა შაქრით და თაფლი სასურველია მხოლოდ მაშინ მიიღოთ, როცა გლუკოზის დონე სისხლში დაქვეითდება (განვითარდება ჰიპოგლიკემია).

ამიტომ, ეცადეთ, გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:

–        დესერტად ახალი ხილი მიირთვით, ეს ყოველთვის სასარგებლოა.

–        ნამცხვრებისა და ორცხობილების გამოცხობა შაქრის იმ შემცვლელებითაც შეიძლება, რომლებიც თერმულ დამუშავებას უძლებს (ეს მითითებული უნდა იყოს ეტიკეტზე).

–        პურის ნაჭერზე წასმული ერთი ჩაის კოვზი ხილფაფა სავსებით დასაშვებია , რადგან ერთ   ჩაის კოვზში შაქარი მცირე რაოდენობითაა. ხილფაფას მოხარშვა უშაქროდაც არის შესაძლებელი, თუმცა ასეთი ფორმით დამზადებული დიდხანს ვერ ინახება.

–        ისწავლეთ და შეეჩვიეთ ეტიკეტზე მითითებული ინფორმაციის კითხვას, თუ რა რაოდენობით შეიცავს პროდუქტი ცილებს, ცხიმებს (მათ შორის, ნაჯერსაც), ნახშირწყლებს, შაქარს, უჯრედისს და მარილს.

რა არის დამატკბობელი?

დამატკბობლები ორ ჯგუფად იყოფა – საკვები (ანუ კალორიგენული) და ინტენსიური (არა კალორიგენული) დამატკბობლები. 

საკვები დამატკბობლები

მათ მიეკუთვნება ფრუქტოზა და პოლიოლები (მაგ. სორბიტოლი, მალტიტოლი, მანიტოლი, იზომატი, ქსილიტოლი).

საკვები დამატკბობლები არ არის რეკომენდებული დიაბეტიან პირთათვის, რადგან კალორიულია (1გ=4კკალ), შეიცავს ნახშირწყლებს და სისხლში გლუკოზის დონეზე ისეთივე გავლენა აქვს, როგორიც ჩვეულებრივ შაქარს. გარდა ამისა, ახასიათებს ფაღარათი. თუ კვების პროდუქტი დიდი რაოდენობით (>30გ) შეიცავს საკვებ დამატკბობლებს, მწარმოებელმა კომპანიამ ეტიკეტზე უნდა აღნიშნოს, რომ ამ პროდუქტის ჭარბი მოხმარება  იწვევს ფაღარათს. ეს დამატკბობლები, ჩვეულებრივ,  დიაბეტური პროდუქტების (ტკბილეული, ნამცხვრები, ხილფაფები) წარმოებაში იხმარება. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ევროპის დიაბეტის ასოციაციები არ თვლიან მიზანშეწონილად  მათ გამოყენებას საკვებში.

რაც შეეხება ფრუქტოზას – სპეციალისტები არ თვლიან, რომ მას რამე უპირატესობა აქვს შაქართან შედარებით. ფრუქტოზას ხშირად უმატებენ  მზა პროდუქტებს, მაგ. იოგურტებს.  დღის განმავლობაში ასეთი პროდუქტების ზომიერი რაოდენობით  მიღება დასაშვებია, მაგრამ ყოველდღიურად, როგორც შაქრის  შემცვლელის ხმარება, არ შეიძლება.

ინტენსიური დამატკბობლები 

მათ ხელოვნურ დამატკბობლებს  ან შაქრის შემცვლელებს უწოდებენ. ცნობილია შემდეგი შაქრის შემცვლელები: ასპარტამი, საქარინი, კალიუმის აცესულფატი, ციკლამატი, სუკრალოზი, სტევია.

შაქრის შემცვლელი ყოველთვის მითითებულია ეტიკეტზე (ან დასახელება, ან დამატებითი ნომერი). ისინი არ შეიცავს არც ნახშირწყლებს, არც კალორიებს და არ მოქმედებს სისხლის შაქრის დონეზე. თვითონ დასახელება – „ინტენსიური“, იმაზე მიუთითებს , რომ ისინი შაქარზე ბევრად უფრო ტკბილია  და საკვებში ძალიან  მცირე რაოდენობით  იხმარება. მათ იყენებენ, ძირითადად,  მზა პროდუქტებისთვის, იყიდება ტაბლეტების, ფხვნილების ან სითხის სახით. სახლის პირობებში მათი საშუალებით ატკბობენ სხვადასხვა სასმელს, ფაფებს და სხვ.

შაქრის შემცვლელების ტიპები

ასპარტამი   (E951) შაქარზე 200-ჯერ ტკბილია. არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც გამოუვლინდა ფენილკეტონურია (იშვიათი გენეტიკური დაავადება, რომელიც ადამიანს დაბადებიდან აქვს). 1 აბი ასპარტამი სიტკბოთი 1 ჩაის კოვზ შაქარს უდრის, დუღილის დროს კარგავს თავის თვისებებს.

საქარინი   (E 954) შაქარზე 300-350- ჯერ ტკბილია, დუღილის დროს იღებს არასასიამოვნო  მწარე გემოს, არ არის რეკომენდირებული ბავშვებისა და  მათთვის, ვისაც თირკმლის ან ღვიძლის პათოლოგია აქვს.

კალიუმის აცესულფატი/ აცესულფატ კ  (E952) შაქარზე 20-ჯერ ტკბილია, მზა პროდუქტებში, ჩვეულებრივ, სხვა შაქრის შემცვლელებთან ერთად იხმარება, ცალკე- იშვიათად, იტანს თერმულ დამუშავებას, არ არის რეკომენდირებული იმ დაავადებების დროს, სადაც კალიუმის მიღება შეზღუდულია.

ციკლამატი  (ციკლამინის მჟავა, E952) შაქარზე 20- ჯერ ტკბილია. ევროპის ბევრ ქვეყანაში იგი დიდი ხანია გამოიყენება. 1,5-დან 4 წლამდე ბავშვებისთვის არ არის რეკომენდირებული დღეში 3 ულუფაზე (თითოეული, არაუმეტეს, 180 მლ) მეტი სასმელი ან ფაფა, რომლებიც  ციკლამატს შეიცავს. ამასთანავე, ამ პროდუქტებში ციკლამატის შემცველობა  უფრო ნაკლები უნდა იყოს, ვიდრე მოზრდილებისთვის (ანუ ციკლამატის იგივე რაოდენობა უფრო მეტ სითხეში უნდა გაიხსნას).

სუკრალოზა  (დამატებითი ნომერი არ აქვს) შაქარზე 600-ჯერ ტკბილია.

სტევია  (Stevia Rebaudiana) ნატურალური ნივთიერებაა. მას იღებენ მცენარიდან, რომელიც ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში ხარობს. იგი ბევრად უფრო ტკბილია შაქარზე, 2-3 ტაბლეტი საკმარისია, იმისთვის რომ სასმელი დატკბეს. პარაგვაისა და ბრაზილიის აბორიგენები საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ  სტევიას საკვებში. მას პრაქტიკულად არ აქვს კალორიულობა და არ იწვევს  სისხლში შაქრის მომატებას. სტევია თერმომედეგია და სტაბილურობას 1900-ც ინარჩუნებს. ეს კი ნიშნავს, რომ  მისი გამოყენება კულინარიაშიც შეიძლება.

რამდენად უსაფრთხოა შაქრის შემცვლელები

დიაბეტიანი პირები რეგულარულად იყენებენ საკვებში შაქრის შემცვლელებს, მაგრამ მიუხედავად ამისა , მუდმივად ისმის კითხვა: „რამდენად უსაფრთხოა ისინი?“

ვნახოთ, რას წერენ  მეცნიერები და რამდენად გამართლებულია შიში ამ საკითხთან დაკავშირებით.

ასპარტამი    მასზე  ხშირად პრესასა და ინტერნეტში უამრავი ცუდი ინფორმაცია ჩნდებოდა. ყველაზე ბოლო ცუდი ინფორმაცია გამოჩნდა 1999 წელს, რის შედეგადაც რამდენიმე წლის მანძილზე იყო მითქმა–მოთქმა, რომ ასპარტამი იწვევს მრავლობით სკლეროზს, სისტემურ წითელ მგლურას, სიბრმავეს, ნაყოფის თანდაყოლილ  სიმახინჯეებს და სხვ. ჩატარდა არაერთი კვლევა, რომლის შედეგადაც დამტკიცდა შემდეგი:

ასპარტამი, ორგანიზმში მეტაბოლიზმის პროცესში, იშლება მეთანოლად და ფორმალდეჰიდად, მაგრამ ნაწლავიდან ისინი მცირე რაოდენობით შეიწოვებიან. შედარებისთვის, ამ ქიმიური ნივთიერებების გაცილებით მეტი რაოდენობა  ხვდება ორგანიზმში, როცა სვამთ ფორთოხლის წვენს ან მიირთმევთ პომიდორს.

ზოგიერთ ადამიანის ასპარტამის მიმართ მომატებული მგრძნობელობა აქვს, რის გამოც მისი მიღების შემდეგ შეიძლება თავის ტკივილი დაეწყოს. თუმცა, ყველა კვლევამ არ დაადასტურა ურთიერთკავშირი ასპარტამსა და თავის ტკივილს შორის.

როგორც უკვე ითქვა, ფენილკეტონურიის მქონე ადამიანები უნდა უფრთხილდნენ ასპარტამის მიღებას. ასპარტამი წარმოადგენს ფენილალანინის წყაროს, რომლის დაშლაც ვერ ხერხდება ფენილკეტონურიის დროს.

ასპარტამის მიღება, ასევე, არ არის რეკომენდირებული ღვიძლის მძიმე დაზიანების და ორსულებში არსებული განსაკუთრებული მდგომარეობის – ჰიპერფენილალანინემიის (ფენილალანინის მაღალი დონე სისხლში) დროს. ასპარტამი აგრეთვე უკუნაჩვენებია ჰიპოთირეოზის (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება) დროს, რადგან კიდევ უფრო აქვეითებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას.

ექიმები თვლიან, რომ ზემოთჩამოთვლილი მდგომარეობების გარდა ასპარტამი უსაფრთხოა და შეიძლება გამოიყენონ ბავშვებმა, მოზრდილებმა, ორსულმა და მეძუძურმა დედებმა.

მეცნიერულად არ დასაბუთებულა ასპარტამის მიმართ ადრე გამოთქმული სხვა ეჭვები.

– დიდი რაოდენობით საქარინის მიღების შემთხვევაში, უმნიშვნელოდ შეიძლება მოიმატოს შარდის ბუშტის კიბოს განვითარების რისკმა (ეს დადასტურდა ექსპერიმენტულ ცხოველებზე [ვირთხებზე] ჩატარებული კვლევების შედეგად). ამერიკის კანონმდებლობის მიერ აკრძალულია საკვები დანამატები, რომელიც ცხოველებში კიბოს იწვევს. აქედან გამომდინარე, გასული საუკუნის 70-იან წლებში საქარინიც აკრძალული იყო. თუმცა, კვლევებმა გვიჩვენა, რომ საქარინის მცირე და ზომიერი რაოდენობით გამოყენება არ ზრდის შარდის ბუშტის კიბოს განვითარების რისკს ადამიანებში. 2000 წლის მაისში ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მიერ საქარინი ამოღებული იქნა შესაძლო კანცეროგენების სიიდან.

კალიუმის აცეტილსულფამი  (აცეტილსულფამ K) მისი დიდი რაოდენობით მიღებაც კი არ წარმოადგენს საფრთხეს.

სუკრალოზი – შაქრის ეს ფორმა ისეა მოდიფიცირებული, რომ ორგანიზმი ვერ ახდენს მის აბსორბციას (შეწოვას), შესაბამისად, არ ხდება ორგანიზმის მიერ მისი მეტაბოლიზმი.ისსაკმაოდ უსაფრთხოა დიდი დოზებითაც კი.

სტევია – სამხრეთ ამერიკასა და იაპონიაში შაქრის შემცვლელის სახით სტევიას გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან იყენებენ. დღესდღეობით მსოფლიო ლიტერატურაში არ არსებობს მონაცემები სტევიას უარყოფითი თვისებების შესახებ. თუმცა, არც ის არის ცნობილი, როგორ მოქმედებს სტევიას დიდი დოზა ადამიანის ორგანიზმზე.

90-იანი წლების კანონმდებლობის მიხედვით, აშშ-ში სტევია არ შეიძლება გაიყიდოს, როგორც შაქრის შემცვლელი, რადგან იგი არ არის დაშვებული, როგორც საკვები დანამატი. ზომიერი რაოდენობით (2-3-ჯერ დღეში) მისი მიღება აბსოლუტურად უსაფრთხოა ორგანიზმისთვის. სანამ ფართომასშტაბიანი კვლევები არ დაადასტურებს სტევიას უსაფრთხოებას, FDA მის გამოყენებას არ ურჩევს ბავშვებს, ორსულებსა და მეძუძურ დედებს.

ტკბილი არჩევანი

საერთაშორისო სამედიცინო და სამეცნიერო კომიტეტები ადგენენ შაქრის შემცვლელების დასაშვებ -სადღეღამისო დოზას – ანუ შაქრის შემცვლელების იმ რაოდენობას, რომელიც ყოველდღიურად, მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეგიძლიათ მიიღოთ ყოველგვარი რისკის გარეშე. ექიმები და მეცნიერები გვირჩევენ, რომ მეტი სიმშვიდისათვის, დროდადრო  ვცვალოთ შაქრის შემცვლელის ტიპი.

და კიდევ, შაქრის შემცვლელები საშუალებას გაძლევთ, „დაზოგოთ“ კალორიები და ნახშირწყლები, იმისთვის, რომ მიირთვათ უფრო მეტი ხილი, ბოსტნეული, ფაფები, მაკარონის ნაწარმი, რომლებიც თქვენთვის ბევრად უფრო სასარგებლოა. ისიც გახსოვდეთ, რომ შაქრის შემცვლელები იმდენად არ აფუჭებს თქვენს კბილებს, როგორც შაქარი. 

სტატია მოამზადა ელენე შელესტოვამ

http://welfarefoundation.org.ge/

_________________________________________

გადასვლა >>>> ,,ენდოკრინოლოგია“; ,,ენდოკრინოლოგია. უფასო დისტანციური კონსულტაციები”

.

 

Share this...Share on Facebook
Facebook