დიაბეტური ტერფის პროფილაქტიკა, მოვლა და მკურნალობა

დიაბეტური ტერფის პროფილაქტიკა, მოვლა და მკურნალობა 

დიაბეტური ტერფით განპირობებული ამპუტაციათა უმეტესობა იწყება ტერფის  წყლულით 

ტერფის წყლული დიაბეტის მქონე პირებში საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. განვითარებულ  ქვეყნებში დიაბეტიან პირთა 5%-ს აქვს ტერფის წყლული, ხოლო ყოველ მეექვსე დიაბეტიანს  ცხოვრების განმავლობაში განუვითარდება ის.  დიაბეტიანი პირებისთვის სტაციონარში მიმართვის ყველაზე ხშირ მიზეზს წარმოადგენს ტერფის პრობლემები. ითვლება, რომ განვითარებად ქვეყნებში დიაბეტთან დაკავშირებული ტერფის პრობლემები კიდევ უფრო ხშირია.

ქვემო კიდურების ამპუტაციის ნახევარი უკეთდება დიაბეტიან პირებს. ზოგიერთ რეგიონში, სადაც რისკ–ფაქტორები (ეთნიკური კუთვნილება, კლიმატური თავისებურებები, სოციალური პირობები და სხვ.) უფრო მეტია, დიაბეტიან პირებში ამპუტაციების პროპორციულობა უფრო მაღალია.

კიდურის დაკარგვის შემდეგ, პაციენტთა უმრავლესობა ვეღარ უბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას. ამპუტაციამ შეიძლება გარეშე პირებზე მუდმივი დამოკიდებულება, დაქვეითებული შრომისუნარიანობა ან შრომისუუნარობა გამოიწვიოს.

დიაბეტური ტერფის აგრესიული მკურნალობის მეშვეობით, ხშირ შემთხვევაში, შესაძლებელია  ამპუტაციის თავიდან აცილება. ამპუტაციის შემდეგ კი სათანადო და კომპლექსური მოვლისა და რეაბილიტაციის პროცესის შემდეგ, შესაძლებელია კიდურის დარჩენილი ნაწილისა და თავად პაციენტის სიცოცხლის გადარჩენა.

დიაბეტური ტერფის პრევენცია შესაძლებელია შემდეგი გზებით:

  •  სწავლება – პრობლემის ადრე გამოსავლენად
  • ▫ გადაუდებელი ღონისძიებები
  • ▫ ინფექციის ადრეული გამოვლენა და მკურნალობა
  • ▫ დიაბეტის  სათანადო კონტროლი
  • ▫ წყლულის მოვლა სპეციალისტის მიერ

ყველა ეს საშუალება წესით ხელმისაწვდომი უნდა იყოს, რათა მოხდეს დიაბეტური ტერფის პროფილაქტიკა.

გარდა ამისა, დიაბეტური ტერფი მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემაა. თუკი ამპუტაციას მოჰყვება  გახანგრძლივებული ჰოსპიტალიზაცია, სარეაბილიტაციო კურსი და სახლის პირობებში მოვლისა და  სოციალურ დახმარებაზე გაზრდილი მოთხოვნილება, ხარჯები წარმოუდგენლად იზრდება.

განვითარებულ ქვეყნებში დიაბეტიან პირთა 5%-ს ტერფის პრობლემები აქვს. განვითარებად ქვეყნებში ჯანდაცვაში დახარჯული თანხების დაახლოებით 12–15%  სწორედ ამ პრობლემაზე მოდის.

დიაბეტურ ტერფთან დაკავშირებული ამპუტაციის პირდაპირი ხარჯი, დაალოებით, 30 000-60 000$-ია. შემდგომი სამწლიანი მოვლის ხარჯი მათთვის, მათთვის ვისაც შეუუხორცდათ ამპუტაციის გარეშე შეადგენს 16 000-27 000$-ს. შესაბამისი ხარჯი მათთვის, ვისაც სჭირდება ამპუტაცია – 43 000 – 63 000$ – სახლის პირობებში მოვლისა და სოციალურ დახმარებაზე  გაზრდილი მოთხოვნილების გამო.

რა იწვევს დიაბეტური ტერფის  წყლულს

როგორც წესი, ტერფის წყლულს იწვევს:

  • ▫ ნერვის დაზიანება (პერიფერიულია ნეიროპათია);
  • ▫ ტერფის დეფორმაციები, რომლის დროსაც ფეხსაცმლის შერჩევა გართულებულია;
  • ▫ ტერფის არასათანადო სისხლმომარაგება (პერიფერიულ სისძარღვთა დაავადება);
  • ▫ ერთი შეხედვით, ტერფის ჩვეულებრივი დაზიანებები.

ნერვების დაზიანება

პერიფერიული ნეიროპათიის დროს ტკივილის შეგრძნება დაქვეითებულია. ტერფი ამ დროს დაბუჟებულია და ჩვეულებრივი დაზიანებებიც კი ამ დროს შეუმჩნეველი რჩება. ტერფის კანი ხშირად ძალიან მშრალია და მიდრეკილია გასკდომისადმი, რაც დაწყლულებისა და ინფიცირების გავრცელებული მიზეზია. როცა ადამიანებს ნერვების დაზიანება აქვთ და სათანადო  ფეხსაცმელს არ ატარებენ, დაწყლულება ძალიან ხშირი პრობლემაა.

დეფორმაცია

ყველა ტერფის ფორმა განსხვავდება ერთმანეთსგან. ტერფის დეფორმაცია შეიძლება იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი არასათანადო ფეხსაცმლის ხმარებით ან ოპერაციის შედეგად. ტერფის შემდგომი დეფორმაციის გამოწვევა შეუძლია ნეიროპათიას ან სიარული სპეციფიურ მანერას, რის შედეგადაც ფეხისგულებზე მომატებულია ზეწოლა. რეგულარულ ზეწოლას შედეგად მოჰყვება კოჟრის ჩამოყალიბება, რომელზეც ყველაზე ძლიერი ზეწოლა ხდება, შედეგად კანის ქვეშ ჩნდება წყლული.

ცუდი  სისხლმომარაგება

როცა სისხლმომარაგება სუსტია, მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება. ჯანმრთელი ტერფები საჭიროებს ჟანგბადს და აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც მიეწოდება სისხლით.  დიაბეტიან პირებში სისხლმომარაგება ზოგჯერ არასაკმარისია, რაც ანელებს ჭრილობის შეხორცებას. როცა  სისხლომარაგება მნიშვნელოვნადაა დაქვეითებული, ტერფი ქსოვილების დაზიანების  მაღალი რისკის ქვეშ იმყოფება, ხოლო ტერფის ნაწილებს საფრთხე ემუქრება. ქსოვილი შეიძლება დაინფიცირდეს, რასაც ტერფის ნაწილის კვდომა და გაშავება, ანუ განგრენის ჩამოყალიბება  მოჰყვება.

დაზიანება

ნეიროპათიის მქონე პირებში დაზიანება ხშირია, ვინაიდან მათ გამაფრთხილებელი  ტკივილის შეგრძნება დაქვეითებული აქვთ. ბევრჯერ წყლული გამოწვეულია ფეხსაცმელში ჩავარდნილი მცირე კენჭებით, უხეში ნაკერებით,  ღაბაჟში შემავალი მჭრელი საგნებით, ვიწრო ფეხსაცმლით ან დამწვრობით. ფეხშიშველა სიარული კი საგრძნობლად  ზრდის  მძიმე დაზიანებების რისკს, ვინაიდან დაქვეითებული მგრძნობელობის ფონზე, ადამიანები აბიჯებენ ბასრ საგნებს ან მექანიკურად აზიანებენ ფეხის თითებს.

ინფიცირება

როცა კანი დაზიანებულია, შესაძლებელია ტერფის ბაქტერიული ინფიცირება. დიაბეტიან  პირებში, რომლებსაც აქვთ ტერფში დაქვეითებული მგრძნობელობა,  ან ცუდი სისხლმომარაგება, ჭრილობის შეხორცება შენელებულია  და ორგანიზმის ინფექციასთან ბრძოლის  უნარი შეიძლება დასუსტებული ჰქონდეთ. ხშირად ინფიცირება შეუმჩნეველია მანამ, სანამ მისი შედეგები თვალსაჩინო არ ხდება.

როგორ მოვახდინოთ დიაბეტური ტერფის პროფილაქტიკა

დიაბეტური ტერფის წყლულების და ამპუტაციების პროფილაქტიკა 45-85%–ში ადვილი შესაძლებელია. ამ მიზნით, ნეიროპათიის ან ცუდი სისხლომარაგების მქონე პაციენტმა უნდა მიიღოს შემდეგი ზომები:

რა უნდა გავაკეთოთ

  • ▫ ყოველდღე შეამოწმეთ საკუთარი ტერფები ჭრილობების, ბებრების, სისხლჩაქცევების ან ფერის ცვლილებების, შეშუპების და ღია იარების არსებობაზე. ფეხისგულის დასათვალიერებლად გამოიყენეთ სარკე ან სთხოვეთ ვინმეს დახმარება. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მსგავს დაზიანებას აღმოაჩენთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.)
  • ▫ გაუფრთხილდით საკუთარ ტერფებს. დაზიანების თავიდან ასაცილებლად  ატარეთ შესაბამისი, მოსახერხებელი ფეხსაცმელი როგორც სახლში, ისე გარეთაც.
  • ▫ ჩაცმამდე შეამოწმეთ ფეხსაცმლის შიდა ნაწილი კენჭების, მჭრელი ნაწილაკების ან უსწორმასწორო ადგილების არსებობაზე.
  • ▫ ახალი ფეხსაცმელი დღის მეორე ნახევარში შეიძინეთ. ვინაიდან ამ დროს ფეხი შეშუპებულია  რაც იმის გარანტიაა, რომ ფეხსაცმელი არ მოგიჭერთ.
  • ▫ წინდების ტარება პროფილაქტიკას შეუწყობს ხელს. დარწმუნდით, რომ ისინი არ  გიჭერთ და გარეცხეთ ყოველდღე. დარწმუნდით, რომ წინდებზე ნახვრეტები არ აქვთ. ტერფები ყოველთვის საპნით და წყლით დაიბანეთ. არ დაგავიწყდეთ თითების შუა სივრცის დაბანა. ტერფები გულდასმით გაიმშრალეთ, განსაკუთრებით თითებს შორის.  კანის სირბილის შესანარჩუნებლად  ზეთი ან ლოსიონი გამოიყენეთ.
  • ▫ ფრჩხილები სწორად მოიჭერით და ბასრი კიდეები მოიქლიბეთ
  • ▫ ტერფები პერიოდულად აჩვენეთ სპეციალისტს
  • ▫ ნებისმიერი ჭრილობა სუფთა ბინტით  შეიხვიეთ.

დაიმახსოვრეთ, რომ დაქვეითებული მგრძნობელობა ტერფში ისეთივე პრობლემას წარმოადგენს, როგორც მისი დაზიანებები. ამიტომ ყურადღება მიაქციეთ ამ საკითხს.

რა არ უნდა გავაკეთოთ

  • ▫ არ ჩაიცვათ წვეტიანი, მაღალქუსლიანი, ღია ფეხსაცმელი და ფეხსაცმელი წვრილ ქუსლზე;
  • ▫ არ ჩაიცვათ მჭიდრო წინდები;
  • ▫ ბანაობისას მიაქციეთ ყურადღება, რომ წყალმა არ დაგწვათ  ტერფები;
  • ▫ არ გამოიყენოთ გამათბობელი ან სათბური (ე.წ. „გრელკა“) ტერფების გასათბობად;
  • ▫ შეეცადეთ თავი აარიდოთ ფეხშველა სიარულს. თუ ეს შეუძლებელია კულტურული ან რელიგიური მიზეზების გამო, მაშინ უნდა გამოიჩინოთ უკიდურესი სიფრთხილე და გამორიცხოთ დამწვრობის  რისკი.
  • ▫ არასოდეს ეცადოთ ტერფების კოჟრების თვითმკურნალობა. პრობლემის არსებობის შემთხვევაში ყოველთვის მიმართეთ პროფესიონალებს.
  • ▫  თავიდან აიცილეთ ჭარბი წონა.
  • ▫ არ მოწიოთ – მოწევა აზიანებს ტერფის სისხლომარაგებას. ტერფებზე არ ატაროთ სამკაული.

იდეალური გარემო

ტერფის მოვლა ყველაზე ეფექტური იმ შემთხვევაშია, როცა მას ახორციელებს  მულტიდისციპლინური გუნდი. ეს გუნდი უნდა მოიცავდეს დიაბეტიან პირს და მის ოჯახს, ჯანდაცვის სხვადასხვა სპეციალისტებთან ერთად. საუკეთესო შემთხვევაში, გუნდი უნდა შედგებოდეს ექიმისგან, ექთნისგან, განმანათლებილისგან, პოდიატრისტისგან, ქირურგისგან, ორთოტისტისგან (ფეხსაცმლის დამამაზადებელი) და ადმინისტრატორისგან. 

იდეალურ გარემოში აგრეთვე უნდა იყოს

  • ▫ ტერფის მოვლის ძირითად მოთამაშეებს შორის თანამშრომლობა  რეგიონულ და ნაციონალურ დონეზე.
  • ▫  საკმარისი დაფინანსების უზრუნველყოფა მინიმალური სტანდარტების მიღწევის საგარანტიოდ.
  • ▫  დიაბეტური ტერფის  სკრინინგის პროცესი.
  • ▫ ტერფის მოვლის სასწავლო პროგრამები და ტრეინინგები დიაბეტიანი პირებისა და ჯანდაცვის სპეციალიტებისთვის პოდიატრისტების პროგარმის ჩათვლით.
  • ▫ დიაბეტური ტერფის გადაუდებელი დახმარება ინფექციისა და ტერფის სხვა გადაუდებელი მდგომარეობის სასწრაფოდ მკურნალობის უზრუნველსაყოფად.
  • ▫ სათანადო ჩანაწერების წარმოება
  • ▫ მომარაგება სათანადო ფეხსაცმლით – უზრუნველსაყოფად.
  • ▫ საკმარისად ხშირი პროფილაქტიკური ტერფის მოვლა და წყლულის მოვლა.

მკურნალობა

დიაბეტური ტერფის წყლულის სამკურნალოდ აუცილებელია აუცილებელია შემდეგი პრინციპების განხორციელება:

  • ▫ ტერფზე ზეწოლის შემსუბუქება
  • ▫ ტერფის სისხლომარაგების გაუმჯობესება
  • ▫ ინფექციის პროფილაქტიკა და დროული მკურნალობა
  • ▫ დიაბეტის,  არტერიული წნევის და სისხლის ლიპიდების სათანადო კონტროლი
  • ▫ დიაბეტიანი პირების  და მათი ოჯახის წევრების განათლება
  • ▫ წყლულის გამომწვევი მიზეზის დადგენა და რეციდივის აცილებაში დახმარების გაწევა.

თუ დიაბეტმა დააზიანა ნერვები, მგრძნობელობის აღდგენა შეუძლებელია. დაბუჟებული ტერფი მოითხოვს დაცვას არანორმალური ზეწოლისგან. თუ ეს ზეწოლა არ შემცირდება, წყლულების განმეორება შესაძლებელია. ზეწოლის მოსახსნელად არსებობს მრავალი სხვადასხვა მეთოდი , უბრალო წოლითი რეჟიმიდან  სპეციალური დანადგარების ჩათვლით.

როცა სისხლმომარაგება სუსტია, საჭიროა სისხლძარღვების  განთავისუფლებით ან რაიმე სხვა გზით სისხლის ნაკადის გაუმჯობესება. ტერფის ინფექციის მკურნალობა  საჭიროა სათანადო ანტიბიოტიკებით  თუ ისინი ხელმისაწვდომია. ზოგჯერ აუცილებელია ინფიცირებული ქსოვილების მოცილება.

შეხორცების პროცესის  გასაუმჯობესებლად  აუცილებელია სისხლში გლუკოზის  დონის კონტროლი და სხვა სავარაუდო გართულებების  რისკ–ფაქტორების მკურნალობა. წყლული და ჭრილობები უნდა იქნას შეხვეული მარლით და ბინტით და უნდა დამუშავდეს ყოველდღე  მარილიანი წყლით. დიაბეტიანი პირების და მათი ოჯახის წევრების განათლება აუცილებელია  იმისთვის, რომ მათ იცოდნენ ტერფის მოვლა და პრობლემების თავიდან აცილება. დაწყლულების მიზეზის დადგენის და სთანადო ზომების მიღების მეშვეობით ხშირად შესაძლებლია  რეციდივის პროფილაქტიკა.

დიაბეტური ტერფის პრობლემების პროფილაქტიკის და მკურნალობის იდელური მართვის  ნაწილებია:

  • ▫ ტერფის რეგულარული დათვალიერება
  • ▫ რისკის ქვეშ მყოფი ტერფის გამოვლენა
  • ▫ დიაბეტიანი პირების და ჯანდაცვის სპეციალისტების სწავლება
  • ▫ სათანადო ფეხსაცმელი
  • ▫ ტერფის ყველა პრობლემის დაუყოვნებლივი მკურნალობა                                                                 

დასკვნა

საჭიროა შესაბამისი ზომების გატარება, რათა დიაბეტიანმა პაციენტებმა მიიღონ მაღალი ხარისხისა და ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარება.    

სწორად შეარჩიეთ ფეხსაცმელი

თქვენ უკვე იცით, რომ დიაბეტი წარმოადგენს ქრონიკულ დაავადებას და თუ იგი დროულად არ არის გამოვლენილი და მოვლილი, შეიძლება უამრავი გართულება განვითარდრეს. მათ შორის ტერფის პრობლემები ერთ-ერთი ყველაზე სერიოზულია.

ტერფის სხვადასხვა დაზიანების შემთხვევაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მექანიკური ფაქტორები. ერთ-ერთი მათგანია ცუდად მორგებული ფეხსაცმელი, უცხო საგნები მასში, ზეწოლის დონე.

ამიტომ მოგაწვდით პრაქტიკულ რეკომენდაციებს, როგორ შეარჩიოთ ფეხსაცმელი.

მაშ, ასე,მოდით განვიხილოთ, რა მოსდის ტერფს, როცა ფეხსაცმელი არასწორადაა შერჩეული.

–        ვიწრო ფეხსაცმლის ტარებისას, კანის უჯრედებზე მაღალი წნევის ხანგრძლივი ზემოქმედების გამო, როდესაც ტერფის სისხლძარღვებს არ ჰყოფნით ჟანგბადი, შეიძლება განვითარდეს იშემიური ნეკროზი (ქსოვილების სკდომა). საშუალო ზეწოლის მუდმივი ზემოქმედება ხელს უწყობს ტერფზე სითხოვანი ბუშტუკების გაჩენას.  დაზიანებული კანის საფარველისა და მისი დაინფიცირების შემთხვევაში თუ აგრძელებთ ამავე ფეხსაცმლის გამოყენებას, ინფექცია შეიძლება გავრცელდეს ჯანსაღ ქსოვილებზეც.

–        თუ ფეხსაცმელი დამზადებულია რეზინისა და სხვა ჰაერგაუმტარი მასალისაგან, ფეხსაცმლის შიგნით იქმნება ნესტიანი, თბილი გარემო, რაც ქმნის იდეალურ პირობებს სოკოვანი ინფექციის განვითარებისათვის.

–        თუ თქვენ ვერ შამჩნიეთ უცხო საგანი ფეხსაცმელში, თუნდაც ხანმოკლე დროის განმავლობაში, შეიძლება განვითარდეს ტერფის ქსოვილის დაზიანება.

–        ყოველდღიური ფეხსაცმელი. უნდა შეაწმოწმოთ ხომ არ არის მასში უცხო საგანი, უხეში ნაკერი ან ხომ არ დაიგრიხა საფენი. დაამზადეთ სპეციალური ტრაფარეტი. ამისათვის, დადექით ქაღალდის ფურცელზე შემოხაზეთ თქვენი ფეხის კონტური, გამოჭერით და ჩააფინეთ ფეხსაცმელში. ტრაფარეტის ამოღების შემდეგ შეამოწმეთ შეიცვალა თუ არა მან ფორმა. თუ კიდეები ჩაიკეცა, ე.ი. თქვენი ფეხსაცმელი ამ ადგილზე ვიწროა, ხოლო თუ წინა და ბოლო ნაწილი შეიცვალა – ფეხსაცმელი პატარაა თქვენთვის. 

ახლა კი გვინდა გაგაცნოთ რამდენიმე მარტივი წესი, რომელთა დაცვა თავიდან აგაშორებთ  ბევრ პრობლემას: 

  • ▫ ახალი ფეხსაცმლის ყიდვისას თან იქონიეთ თქვენი ტერფის ტრაფარეტი.  რადგან თუ დაქვეითებული გაქვთ მგრძნობელობა, შეიძლება ვერ იგრძნოთ ვიწროა თუ პატარა ფეხსაცმელი.
  • ▫ ახალი ფეხსაცმელი არ ჩაიცვათ ხანგრძლივი დროით. მიაჩვიეთ ფეხი ახალ ფეხსაცმელს სახლში ყოველდღიურად 10-15 წუთით ტარებით.
  • ▫ თუ მაინც გაგივითარდათ „გახეხილობა“ ტერფზე, არავითარ შემთხვევაში არ ჩაიცვათ ეს ფეხსაცმელი დაზიანების მორჩენამდე.
  • ▫ შეეცადეთ ფეხსაცმელი შეარჩიოთ და შეიძინოთ დღის მეორე ნახევარში, როცა ფეხები შედარებით იმატებს ზომაში (მცირედი შეშუპების გამო).
  • ▫ არ დაუშვათ ტერფის გაოფლიანება! არ შეიძინოთ სითენტური მასალისაგან დამზადებული ფეხსაცმელი, არ ატაროთ რეზისნი ფეხსაცმელი ცხელ ამინდში.
  • ▫ ნუ დაემშვიდობებით მაღალქუსლიან ელეგანტურ ფეხსაცმელს წვრილი ცხვირით! მაგრამ ატარეთ მხოლოდ სადღესასწრაულო შემთხვევებში ხანმოკლე დროით.
  • ▫ სახლის ფეხსაცმელი უნდა იყოს რბილი, ღრმა, სასურველია ფარავდეს ქუსლს.
  • ▫ გირჩევთ, იქნიოთ შესაფერისი ფეხსაცმელი სხვადასხვა ცხოვრებისეული სიტუაციებისათვის. ნუ მოგერიდებათ გამოიცვალოთ ფეხსაცმელი, თუ შეგაწუხათ.

მასალა თარგმნილია დიაბეტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ბუკლეტიდან; სტატია მომზადა ელენე შელესტოვამ; http://welfarefoundation.org.ge/


გადასვლა >>>> ენდოკრინოლოგია; ,,ენდოკრინოლოგია. უფასო დისტანციური კონსულტაციები”

..