კბილის ქვა რატომ არის საშიში ?

კბილის ქვა რატომ არის საშიში ?

კბილის ქვა ეწოდება მკვრივი კონსისტენციის  მოყვითალო-მოყავისფრო ნადებს, რომელიც, ძირითადად, კბილების შიგნითა ზედაპირებზე წარმოიქმნება. მისი მუქი ფერი განპირობებულია იმით, რომ ქვის შემადგენლობაში, კალციუმის მარილების გარდა, შედის საკვების ნარჩენები, მკვდარი უჯრედები, ბაქტერიები, ფოსფორისა და რკინის მარილები. კალციუმის ფოსფატის კრისტალები მჭიდროდ ეკრობა მინანქრის ზედაპირ და ზოგჯერ, განსაკუთრებით მინანქრის დემინერალიზაციის დროს, საკმაოდ ძნელია მინანქრისაგან ქვის განსხვავება. კბილის ქვის ორგანულ ნაწილს შეადგენენ ეპითელიუმის უჯრედები, ლეიკოციტები, მიკროორგანიზმები და საკვების ნარჩენები.

კბილის ქვა ჩნდება როგორც ღრძილქვეშა, ასევე ღრძილზედა მიდამოშიც და დროთა განმავლობაში მისი რაოდენობა მატულობს. ღრძილზედა კბილის ქვის ჩამოყალიბებაში მონაწილეობენ ნერწყვიდან დალექილი მინერალები, ხოლო ღრძილქვეშა ქვას ღრძილის სითხის მინერალები ქმნიან. ღრძილქვეშა ქვა, ძირითადად, მხოლოდ ზონდირებით ვლინდება. იგი მჭიდროდ არის მიმაგრებული კბილის ყელზე (ღრძილის ღარის სიღრმეში) ან ფესვის ცემენტზე. ღრძილზედა კბილის ქვა ყველაზე ხშირად მდებარეობს ქვედა ფრონტალური კბილების  და ზედა მოლარების ლოყისკენა ზედაპირების მიდამოში, სადაც იხსნება სანერწყვე ჯირკვლების სადინრები.  ზოგჯერ აღინიშნება ორივე ტიპის კბილის ქვის განვითარება.

კბილის ქვის წარმოქმნის პროცესი

როგორც ცნობილია, კბილის ნადები წარმოქმნას იწყებს კბილების გაწმენდიდან 1-2 საათის შემდეგ. თუ მას კარგად არ მოვიცილებთ, მასზე დაილექება ნერწყვში შემავალი კალციუმის მარილები, იგი თანდათან გამუქდება და გამკვრივდება, რის შემდეგაც გარდაიქმნება კბილის ქვად. ნებისმიერი კბილის ქვა უხვად შეიცავს პათოგენურ ბაქტერიებს. კბილის ქვის სიღრმეში ისინი  აქტიურად მრავლდებიან, ხოლო კბილის ქვა იზრდება და თანდათან ჩაეშვება ღრძილის ღარში. ამ სტადიაზე, ძირითადად, უკვე აღინიშნება ღრძილების ანთება, რადგან კბილის ქვის ქვეშ კარგი პირობები იქმნება პათოგენური მიკროორგანიზმების განვითარებისთვის.

მიზეზები

კბილის ქვის გაჩენის ძირითადი მიზეზებია პირის ღრუს არადამაკმაყოფილებელი ჰიგიენა, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, მხოლოდ ერთ მხარეზე ღეჭვის ჩვევა, ირიბი კბილები, არასწორი თანკბილვა და მყარ საკვებზე, ბოსტნეულსა და ხილზე უარის თქმა.

შედეგები

კბილის ქვა აღიზიანებს ღრძილებს და შეიძლება გამოიწვიოს ისეთი საშიში დაავადება, როგორიც არის პაროდონტიტი. ამ დაავადების პირველი სიმპტომებია ღრძილების ქავილი, სისხლდენა, ცუდი სუნი პირიდან. შედეგად – კბილის ფესვზე კბილის ქვის დალექვის ადგილებში ზიანდება კბილის საყრდენი ქსოვილები.

მკურნალობა

აუცილებელია კბილის ქვის ზედმიწევნით მოცილება. სტომატოლოგის დახმარების გარეშე კბილის ქვის მოცილება შეუძლებელია. ჯერ კბილის ქვა მოიხსნება სპეციალური ხელსაწყოებით და აპარატებით, შემდეგ კბილების ზედაპირი იწმინდება და პრიალდება. Airflow-ს ჭავლით დამუშავებით იწმინდება კბილებიც და ღრძილების ჯიბეებიც. კბილის ქვის მოცილების შემდეგ კბილებს აპრიალებენ და ფარავენ ფტორის შემცველი ლაქით. გაპრიალება ხდება სპეციალური აბრაზივული პასტით. პრიალდება როგორც კბილები, ასევე ადრე დაყენებული ბჟენებიც.

 

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..