დაბალი ქოლესტერინი დაკავშირებულია ნაადრევ მშობიარობასთან

ორსული ქალები, რომლებსაც აქვთ ქოლესტერინის დაბალი დონე, დგანან ნაადრევი მშობიარობის გაზრდილი რისკის წინაშე, აცხადებენ მკვლევარები აშშ-დან.
ადამიანის გენომის ეროვნულ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ადრე ჩატარებული კვლევის თანახმად, ნაადრევი მშობიარობა დაკავშირებული იყო ქოლესტერინის მომატებულ დონესთან, თუმცა ამერიკელი მკვლევარები აცხადებენ, რომ დაბალი ქოლესტერინი ასევე ზრდის ნაადრევი მშობიარობის რისკს (ჟურნალი Pediatrics).
ნაადრევი მშობიარობა დაკავშირებულია ჯანმრთელობის პრობლემების რისკის ზრდასთან, კერძოდ, ფილტვის და გულის ფუნქციის დარღვევასთან, სიბრმავესთან, ასევე სმენის და გონებრივი განვითარების მთელ რიგ პრობლემებთან.
მკვლევარებმა შეისწავლეს სამხრეთ კაროლინაში მცხოვრები, 1000-ზე მეტი ქალი და მათი ახალშობილები. მათ აღმოაჩინეს, რომ სისხლში ქოლესტერინის საშუალო დონის მქონე ქალების მხოლოდ 5%-მა იმშობიარა ნაადრევად.
ქოლესტერინის მაღალი დონის მქონე ორსულებში (>261მგ/დლ), ნაადრევი მშობიარობა 12%-ში აღინიშნა, ხოლო ეს პროცენტული მაჩვენებელი 21-მდე გაიზარდა დაბალი ქოლესტერინის მქონე, თეთრკანიან ქალებში (<159მგ/დლ). აფრო-ამერიკული წარმოშობის მქონე ქალებში დაბალი ქოლესტერინის შედეგად ნაადრევი მშობიარობის რისკის ზრდა არ შეიმჩნეოდა.
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სისხლში ქოლესტერინის ძალზე დაბალი დონის მქონე ქალებს უფრო მეტად პატარა ზომის თავის მქონე ბავშვები შეეძინათ.
კვლევის ხელმძღვანელმა, პროფ. მაქს მუენკემ განაცხადა, რომ როგორც ძალზე დაბალი, ისე ძალზე მაღალი ქოლესტერინი საშიშია ორსულობის დროს, ვინაიდან ის საფრთხეს უქმნის მომავალი ბავშვის განვითარებას, თუმცა დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო ამ აღმოჩენების საბოლოოდ დასადასტურებლად.
“ქოლესტერინის ნორმალური დონე ჯანმრთელობისთვის ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდგომ”, განაცხადა მან.
ორსულებში დაბალი ქოლესტერინი განპირობებულია როგორც გენეტიკური ფაქტორებით, ასევე კვების რეჟიმით.
როგორც ექსპერტმა მეან-გინეკოლოგიის დარგში, პროფ. ენდრიუ შენანმა განაცხადა, კვლევებმა დაადასტურა ის, რომ დაბალი წონის მქონე ქალებში შეინიშნება ნაადრევი მშობიარობის ტენდენცია.

წყარო საიტის ადმინისტრაციის ნებართვით აღებულია www.medportal.ge -დან


გადასვლა >>>> ქოლესტერინი