არანაირი ნადები

არანაირი ნადები

კბილის ნადების მოცილება ცნობილი ყოველდღიური პროცედურაა. თუმცა, ჯანმრთელი კბილების შესანარჩუნებლად ეს საკმარისი არ არის. კბილების პროფესიონალური გაწმენდა (არ შეგეშალოთ გათეთრებაში) ყველასათვის აუცილებელი პროცედურაა, ვინც ზრუნავს თავის იმიჯზე. ექიმი აცილებს რბილ ნადებს და კბილის ქვას, რომლებიც, გარდა იმისა, რომ არაესთეტიკურად გამოიყურება, ასევე იწვევენ პირის ღრუს დაავადებების განვითარებას. ადრე ამ მიზნით იყენებდნენ ხელის იარაღებს, რომლებიც აზიანებდნენ მინანქარს. ამჟამად, სტომატოლოგები ნადებს აცილებენ ულტრაბგერის გამოყენებით. ეს ყველაზე უსაფრთხო მეთოდია. ეფექტის გასამყარებლად იყენებენ სპეციალურ პასტას, რომელიც მინანქარს იცავს ნერწყვში შემავალი ბაქტერიების მავნე ზემოქმედებისგან.

სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ულტრაბგერით კბილების პროფილაქტიკური გაწმენდა საჭიროა ყოველი 6 თვის შემდეგ. თუმცა, განსაზღვრული წესების დაცვის გარეშე პროცედურის ეფექტი ხანმოკლე იქნება. ნადები კვლავ შესამჩნევი ხდება რამდენიმე კვირაში. როგორ ავიცილოთ ნადები?

ერთ-ერთი ჩვევა, რომელიც ხელს უწყობს კბილებზე ნადების დაგროვებას, არის თამბაქოს მოხმარება. სიგარეტის მავნებლობაზე საუბრობენ თერაპევტები, ქირურგები, კოსმეტოლოგები. მაგრამ, ეს ჩვევა განსაკუთრებით ცუდად მოქმედებს კბილებზე. მწეველების გამოცნობა ადვილია მოყავისფრო-მოშავო ნადებით, რომელიც კბილის ჯაგრისით არ სცილდება. ამიტომ, მწეველებმა უფრო ხშირად უნდა ჩაიტარონ ულტრაბგერით კბილების გაწმენდის პროცედურა, ასევე გამოიყენონ სხვადასხვა მათეთრებელი საშუალებები, რომლებიც ხშირად დამღუპველად მოქმედებენ კბილის მინანქარზე. გამოსავალი ერთია – თამბაქოზე უარის თქმა.

კვების წესები

ნადები არასწორი კვებითაც ჩნდება. ვისაც უყვარს დესერტი, მას უზრუნველყოფილი აქვს კბილების პრობლემები. სწორედ ტკბილისა და სახამებლის წყალობით პირში იქმნება ბაქტერიების გამრავლებისთვის ყველაზე ხელსაყრელი პირობები. ამავე მიზეზით არ არის მიზანშეწონილი ტკბილი გაზიანი სასმელების მიღება. გარდა ამისა, ლიმონათით გატაცება იწვევს სიმსუქნეს. ბოჭკოვანი მცენარეული საკვები პირიქით, წმენდს კბილებს. რაც უფრო მეტი ბოსტნეული და ხილია რაციონში, მით უფრო ჯანმრთელი და სუფთა იქნება თქვენი კბილები. თანაც, უმჯობესი იქნება, თუ ბოსტნეულს კარგად და დიდხანს დავღეჭავთ, რათა ხელი შეუწყოთ სისხლის მიმოქცევის გაძლიერებას ღრძილებსა და ყბებში, რაც დადებითად მოქმედებს კბილების მდგომარეობაზე. ვაშლი და სტაფილო ყველაზე კარგად წმენდს კბილებს. ბაქტერიების გამრავლებას ხელს უშლის ასევე ყველიც, პირში მჟავა-ტუტოვან ბალანსზე დადებითი მოქმედების შედეგად.

ყავა და შავი ჩაიც ასევე უარყოფითად მოქმედებს კბილების ფერზე. ყველას შეუძლია ნახოს, რა კვალს ტოვებს მინანქარზე ეს სასმელები. საკმარისია ჭიქის კედელი ნახოთ ამ სასმელების დალევის შემდეგ. ამიტომ, ყოველი ჩაის სმის შემდეგ მიირთვით სტაფილო ან მაგარი მწვანე ვაშლი.

ყოველი ჭამის შემდეგ პირში გამოივლეთ წყალი. ეს მარტივი პროცედურა დაგეხმარებათ საკვების ნარჩენების მოცილებასა და სუნთქვის გაჯანსაღებაში.

საშინაო დავალება

სტომატოლოგები მათეთრებელი პასტის მუდმივად გამოყენების წინააღმდეგნი არიან, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს კბილების მგრძნობელობის მომატება. ასეთი უარყოფითი მოქმედება აქვთ აბრაზიულ ნაწილაკებს, რომლებიც აცილებენ ნადებს, ან წყალბადის ზეჟანგს, რომელიც შედის მსგავსი საშუალებების შემადგენლობაში. ექიმები გვირჩევენ მათეთრებელი პასტები პერიოდულად ჩავანაცვლოთ იმ პრეპარატებით, რომლებიც ამაგრებენ კბილის მინანქარს და ღრძილებზე აქვთ ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ მათეთრებელი პასტით კბილების გაწმენდას თან ახლავს დისკომფორტული შეგრძნებები, მაშინვე უნდა შეწყვიტოთ მისი გამოყენება.

გასაოცარია, მაგრამ ექიმებს დასაშვებად მიაჩნიათ გაწმენდა ძველი მეთოდი – კბილის ფხვნილითა და საჭმელი სოდით. თუმცა ამ პროცედურის ჩატარება შეიძლება მხოლოდ კვირაში 1-ჯერ.

შეასრულეთ ეს მარტივი რეკომენდაციები, მიირთვით მეტი ხილი და ბოსტნეული, უარი თქვით თამბაქოზე და არ დაგავიწყდეთ ყოველ 6 თვეში სტომატოლოგთან ვიზიტი.

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.