ზედაპირული წარმონაქმნები კბილებზე

ზედაპირული წარმონაქმნები კბილებზე

პირის ღრუს დაავადებები პირდაპირ კავშირშია პირის მიკროფლორასთან და კბილებზე არსებულ ზედაპირულ წარმონაქმნებთან.

ადამიანის პირის ღრუს მიკროფლორა პირობით პათოგენურად ითვლება. ნორმალურ მდგომარეობაში მიკროფლორა უსაფრთხოა. მაგრამ, არასასურველი ფაქტორების ზეგავლენით ის ხელს უწყობს პირის ღრუს დაავადებების განვითარებას. სწორედ ამიტომ, ყველამ კარგად იცის საკუთარ მაგალითზე, რა არის კარიესი.

მთავარი არასასურველი ფაქტორია პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა და პროფილაქტიკისადმი არასერიოზული დამოკიდებულება. ჯერ კიდევ უძველესი ექიმები თვლიდნენ, რომ ადამიანი ჯანმრთელია, ვიდრე ჯანმრთელია მისი კბილები. ისინი კი ჯანმრთელნი ვერ იქნებიან, თუ არასწორად მოუვლით მათ მათ.

ცუდი ჰიგიენის შედეგად პირის ღრუში უხვად გროვდება საკვების ნარჩენები და მრავლდება ბაქტერიები, რაც თავის მხრივ, იწვევს კბილებზე ზედაპირული წარმონაქმნების გაჩენას.

კბილის ნადები

ზედაპირული წარმონაქმნებიდან ყველაზე გავრცელებულია კბილის რბილი ნადები. მრავალრიცხოვანი კვლევებით დამტკიცდა, რომ კბილის რბილი ნადები კარიესის განვითარებაში ერთერთი მთავარი რგოლია. კარიესული პროცესი ანუ კბილების პროგრესირებადი დემინერალიზაცია მჭიდრო კავშირშია კბილის ნადების მიკროფლორასთან, რომელშიც მთავარ როლს ასრულებენ სტრეპტოკოკები.

კბილის რბილი ნადები შედგება მიკროორგანიზმებისგან, ნერწყვის მარილებისგან და 80% – წყლისგან. ის მუდმივად გროვდება, რადგან სტრეპტოკოკები სწრაფად მრავლდებიან, განსაკუთრებით, მსუბუქი ნახშირწყლების (გლუკოზა, საქაროზა) მიღების დროს. გლუკოზასა და საქაროზასთან (რომლებიც მრავალ პროდუქტში შედიან) მიკროორგანიზმების ურთიერთქმედების დროს წარმოიქმნებამჟავები. სწორედ ისინი შლიან კბილების მინანქარს.

ყველაზე ხშირად კბილის რბილი ნადები გროვდება გასაწმენდად ძნელად მისადგომ ადგილებში, სადაც რჩება საკვების ნარჩენები. თუ მათ ყოველდღიურად არ გავწმენდთ, კარიესის განვითარებას ვერ ავიცილებთ. დროთა განმავლობაში კბილის რბილი ნადები გარდაიქმნება კბილის ქვად.

კბილის ქვა

კბილის ქვა არის მინერალიზებული ან მინერალიზაციის სტადიაზე მყოფი კბილის ნადები. ეს ზედაპირული წარმონაქმნი ნადებზე უფრო მყარია, ამიტომ მისი მოცილება სახლის პირობებში შეუძლებელია. კბილის ქვა აღიზიანებს ღრძილის კიდეებს, რაც მათ ანთებას იწვევს. სტომატოლოგიაში ღრძილების ასეთ ანთებას ეწოდება გინგივიტი. მისი შედეგია ღრძილებიდან სისხლდენა, ცუდი სუნი პირიდან და პაროდონტოზის განვითარება.

კუტიკულა და პელიკულა

კბილების ზედაპირულ წარმონაქმნებს მიეკუტვნება ასევე კუტიკულა და პელიკულა. კუტიკულა კბილების ამოჭრიდან მალე ქრება, ამიტომ კბილების ჯანმრთელობაში მნიშვნელოვან როლს არ ასრულებს.

პელიკულა არის შეძენილი თხელი ორგანული აპკი, რომელიც წარმოიქმნება კბილის ზედაპირზე მისი ამოჭრის შემდეგ. პელიკულაში ბაქტერიები არ არის, ის მჭიდროდ არის ფიქსირებული კბილის ზედაპირზე, არ იცვითება ღეჭვის და კბილების ჯაგრისით წმენდის დროს. პელიკულის მოცილება შესაძლებელია მხოლოდ ძლიერი აბრაზივების საშუალებით. ერთის მხრივ, ეს გარსი იცავს მინანქრის სტრუქტურის მთლიანობას, მეორეს მხრივ კი, ცუდი ჰიგიენის დროს პელიკულის ზედაპირზე გროვდება ბაქტერიები და წარმოიქმნება კბილის ნადები.

ზედაპირული წარმონაქმნების მოცილება

რადგან ყველა ზედაპირული წარმონაქმნი მეტნაკლებად მავნეა, აუცილებელია მათი მოცილება.

კბილის მაგარი ნადებების (კბილის ქვის და პელიკულის) მოცილება შეუძლია მხოლოდ სტომატოლოგს. მკურნალობა მდგომარეობს კბილების პროფესიონალურ გაწმენდაში. ნადებებს აცილებენ ხელით სპეციალური იარაღებით ან ვიბრირებადი ულტრაბგერითი ბუნიკით. შემდეგ კბილთაშორის შუალედებს დამატებით გამოწმენდენ სოდის ფხვნილის ჭავლით წნევის ქვეშ (airflow) ან შტრიფსებით (ლითონის ან პლასტმასის ზოლებით, რომელიც ზუმფარას ჰგავს). კბილებისთვის ეს პროცედურები უვნებელია, ზედაპირული წარმონაქმნები კი ეფექტურად სცილდება.

არ დაგავიწყდეთ კბილების ჯანმრთელობის შენარჩუნების ხელმისაწვდომი და მარტივი მეთოდი – პროფილაქტიკა. კბილის რბილი ნადების მოცილება საჭირო და აუცილებელია რეგულარულად ჭამის შემდეგ, კბილის ჯაგრისისა და პირის ღრუს სავლებების გამოყენებით.

 

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..