ნადების წარმოქმნის პროფილაქტიკა

ნადების წარმოქმნის პროფილაქტიკა

კბილის ნადები მიეკუთვნება კბილის რბილ დანალექს, რომელიც გროვდება კბილების ყელთან და კბილთაშორის შუალედებში. ის შედგება მრავალი მიკროორგანიზმისგან, ნერწყვის წებოვანი ელემენტებისგან (მუცინისგან), ცილებისა და ნახშირწყლებისგან, ასევე პირის ღრუს მუდმივად ჩამოფცქვნადი ეპითელიუმის უჯრედებისგან. ნადებში შემავალი დიდი რაოდენობით მიკროორგანიზმების გამო, რომლებიც აქტიურად გამოიმუშავებენ ტოქსიურ ნივთიერებებს, ის უარყოფითად მოქმედებს ირგვლივმდებარე ქსოვილებზე, უპირველეს ყოვლისა, ღრძილზე. კბილის რბილი ნადები არ არის საკვების ნარჩენები, ის წარმოიქმნება საკვების მიღებებს შორისაც. ამავდროულად, გასათვალისწინებელია ისიც, რომ საკვების ნარჩენები, რომლებიც ძირითადად გროვდება კბილთაშორის შუალედებში და ბჟენების დეფექტების ადგილებში, კარგი საკვები გარემოა მიკროორგანიზმებისთვის, რომლებსაც მრავლად შეიცავს კბილის რბილი ნადები. თუ კბილის რბილი ნადები დროულად არ მოსცილდა კბილის ზედაპირს, ის გადადის შემდეგ სტადიაში – ე.წ. კბილის ფოლაქში.

კბილის ფოლაქი არის არამინერალიზებული რბილი გრანულირებული ნადები, რომელიც თანდათან გროვდება კბილების, ბჟენის, პროთეზის ზედაპირზე და კბილის ქვაზე. კბილის ფოლაქი ყალიბდება საკვების ნარჩენებისგან, ლორწოსა და ბაქტერიების ცხოველმყოფელობის პროდუქტებისაგან. მამ ტიპის ნადების ცამოყალიბებას განსაკუტრებით უწყობს ხელს წებვადი, რბილი პროდუქტები (მაგალითად, დიდი რაოდენობით შაქრისა და ცხიმის შემცველი საკონდიტრო ნაწარმი), რომლებიც შედარებით დიდხანს რჩება პირის ღრუში. კბილის ნადები კბილის მაგარი ქსოვილების და პაროდონტის ქსოვილების დაავადებების განვითარების ძირითადი მიზეზია.

როგორ ყალიბდება ნადები

საბოლოო ჩამოყალიბების პროცესში ნადები გადის სამ ეტაპს. პირველი ეტაპი იწყება კბილების გაწმენდიდან 1-2 საათის შემდეგ, როდესაც პირის ღრუში აქტიურ გამრავლებას იწყებს სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები და ლაქტობაქტერიები. მათი რაოდენობა შეიძლება რამდენიმე მილიონი იყოს. მეორე ეტაპზე, კბილების გაწმენდიდან 5-7 საათის შემდეგ, კბილები იფარება პელიკულათი – თხელი გარსით, რომელიც შედგება ნერწყვის ცილებისგან და არ შეიცავს მიკროორგანიზმებს. პირის ღრუს არასაკმარისი ჰიგიენის დროს, რამდენიმე დღეში დგება მესამე ფაზა – ნადები კბილს ფარავს მკვრივი ხილული ფენით. მის შემადგენლობაში, ძირითადად, არის ანაერობული ბაქტერიები, რომლებმაც შეიძლება სხვადასხვა დაავადება გამოიწვიონ.

რა ფერის არის ნადები

რბილი ნადების რამდენიმე სახეობა არსებობს. კბილის თეთრი ნადები ყველაზე ხშირად გვხვდება. ის ადვილად სცილდება კბილის ჯაგრისით. თუ მას არ მოვაცილებთ, კბილებზე წარმოიქმნება ქვები, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის იმუნიტეტი კი ქვეითდება. ყველაზე მყარი კბილის ნადები წარმოიქმნება დიდი სანერწყვე ჯირკვლების ახლოს.

ნიკოტინური ნადები თამბაქოს მოხმარებით შეძენილი ნადებია. ის მკვეთრად გამოხატული მოყავისფრო-შავი ფერის არის და კბილის ჯაგრისით არ სცილდება. მას აცილებენ ულტრაბგერით და სხვადასხვა მათეთრებელი ნივთიერებებით. კბილებზე მწვანე ნადები აქვთ საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების მქონე ბავშვებს.

როგორ მოვიქცეთ

კბილის ნადების თავიდან ასაცილებლად ყველაზე ქმედითი პროფილაქტიკური საშუალებაა კბილების წმენდა სულ მცირე 3 წუთის განმავლობაში დილით და საღამოს, რომლის შედეგადაც ხდება ნადების მექანიკური მოცილება და მისი პათოგენური მოქმედების შესუსტება. მაგრამ, კბილების ჩვეულებრივი გაწმენდის შემდეგ ნადები ხშირად რჩება ჯაგრისისთვის ძნელად მისადგომ ადგილებში, სადაც ძირითადად, იწყება კარიესი. ამიტომ, კბილთაშორისი შუალედების დამატებით გასაწმენდად აუცილებლად გამოიყენეთ კბილის ძაფი – ფლოსი.
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..