წყლულოვან-ნეკროზული გინგივიტი: მიზეზები, სიმპტომები, მკურნალობა

წყლულოვან-ნეკროზული გინგივიტი: მიზეზები, სიმპტომები, მკურნალობა

გინგივიტი არის ღრძილის ანთება, რომელიც პაროდონტის ყველაზე ხშირი დაავადებაა. მისი წყლულოვან-ნეკროზული ფორმა ყველაზე მძიმე მიმდინარეობით გამოირჩევა და ღრძილის დვრილების გამოხატული ნეკროზით ხასიათდება.

წყლულოვან-ნეკროზული გინგივიტის მიზეზებს შორის უპირველესი ადგილი უკავია აღსანიშნავია ორგანიზმის იმუნური ძალების დაქვეითება. იმუნიტეტის დასუსტება არის ენდოკრინული, გულ-სისხლძარღვთა, სისხლის მიმოქცევის სისტემების ფუნქციის დარღვევის, ასევე გადატანილი ინფექციური და ალერგიული დაავადებების შედეგი. გარდა ამისა, ღრძილების ანთებას იწვევს კბილის ქვა, ნადები და სხვა პათოლოგიები, პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა.

იმ ადამიანებში, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში იღებენ ანტიდეპრესანტებს ან გაცივების საწინააღმდეგო საშუალებებს, გინგივიტისადმი წინასწარგანწყობა უფრო მაღალია, რადგან ეს პრეპარატები ამცირებენ ნერწყვის გამოყოფას. ნერწყვს ანტიბაქტერიული მოქმედება აქვს და აცილებს ნადებს კბილებიდან. კრუნჩხვის საწინააღმდეგო, კალციუმის არხების მაბლოკირებელმა საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიონ ღრძილის ქსოვილის ჭარბი ზრდა. ამ შემთხვევაში ვითარდება ღრძილების ჰიპერპლაზია, რაც ართულებს ნადების მოცილებას და იწვევს ანთებას.

გინგივიტი ხშირად ჩნდება ორსულობის დროს, როდესაც ხდება ჰორმონული ცვლილებები. ამ პერიოდში ღრძილები განსაკუთრებით მგრძნობიარე ხდება. ასევე, ზოგიერთ ორსულში დილის გულისრევა ართულებს პირის ღრუს ჰიგიენის დაცვას.

დაავადების განვითარების რისკის ფაქტორებს მიეკუთვნება მწეველობა, რომელიც იწვევს ბაქტერიების რაოდენობის ზრდას პირის ღრუში და იმუნიტეტის დაქვეითებას. შაქრიანი დიაბეტი ასევე გინგივიტის მიზეზებს შორისაა, რადგან ამ დაავადებას თან ახლავს პირის ღრუს სიმშრალე და იმუნური სისტემის დასუსტება.

წყლულოვანი გინგივიტი კატარული გინგივიტის შემდეგი სტადიაა. დაავადების პირველი ნიშნები ღრძილის კიდეზე ჩანს. მწვავე ფორმის დროს ნეკროზდება ღრძილის დვრილები და მარგინალური ღრძილი. ამ უბნებზე წარმოიქმნება ნაცრისფერი ან ჭუჭყიანი-მომწვანო ნადები, კბილები კი იფარება მოთეთრო, რბილი და ძნელად მოსაცილებელი ნადებით. ნერწყვი წებვადი და წელვადი ხდება, პირში ჩნდება ლპობის სუნი. წყლულოვან-ნეკროზული გინგივიტს თან ახლავს ღეჭვის ფუნქციის დარღვევა, ტემპერატურის მომატება, ლიმფური კვანძების გადიდება. აღინიშნება ტკივილი ღრძილების ანთების მიდამოში, ქსოვილები არაჯანსაღ მკვეთრ წითელ ფერს იღებენ.

გინგივიტის მკურნალობა და პროფილაქტიკა

ღრძილების ანთების ხარისხიანი მკურნალობისთვის მიმართეთ პროფესიონალ სტომატოლოგს. უნდა დაავადების ხელშემწყობი ადგილობრივი და ზოგადი ფაქტორები. ამიტომ, შეიძლება საჭირო გახდეს სხვა სპეციალობის ექიმების – ენდოკრინოლოგის, ინფექციონისტის და სხვ. კონსულტაცია. გართულებების თავიდან აცილების მიზნით გამოიყენება ანტიბიოტიკები, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ადგილობრივი იმუნომოდულატორები. რეკომენდებულია კბილის ქვისა და ნადების მოცილება მექანიკური მეთოდით ან ულტრაბგერით. მკურნალობის პროცესში აუცილებელია ღრძილზე გადმოკიდული ან ცუდად დამაგრებული ბჟენების შეცვლა და გაპრიალება. აუცილებლობის შემთხვევაში ტარდება კიურეტაჟი – ქირურგიული ჩარევა, რომელიც გულისხმობს ღრძილის პათოლოგიური ჯიბეების ღრმა გამიფხეკვას ანთებითი ქსოვილების და გრანულაციების მოსაცილებლად. დაავადების ქრონიკული მიმდინარეობის დროს აუცილებელია პირის ღრუს დამუშავება ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით და ნატრიუმის ბიკარბონატის (სოდის) ხსნარით.

ექიმთან კონსულტაციის შემდეგ შეიძლება გინგივიტს ვუმკურნალოთ ხალხური მეთოდებით, მაგალითად, ალოეს წვენით. ეს მცენარე შეიცავს ანტრაქინონებს – ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობენ სწრაფ შეხორცებას და ამცირებენ ანთებას. კომბოსტოს წვენის გამოვლება შეამცირებს შეშუპებას და შეაჩერებს სისხლდენას. ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს სალბის, გვირილას, კრაზანას ნახარშებს. უნდა აღვნიშნოთ, რომ ხალხური საშუალებები გამოიყენება მხოლოდ როგორც ძირითადი მკურნალობის დამხმარე საშუალება.

გინგივიტის და სხვა მრავალი სტომატოლოგიური დაავადების პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა. საჭიროა რბილი ჯაგარის მქონე ჯაგრისის გამოყენება, რადგან ის არ აზიანებს ღრძილის ქსოვილებს. მუდმივად უნდა იაროთ სტომატოლოგთან, დაიცვათ მკურნალი ექიმის რეკომენდაციები და ყურადღება მიაქციეთ კვების რაციონს.
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.