ოფლიანობა ბავშვებში — ნასიცხები

ოფლიანობა ბავშვებში — ნასიცხები

ნასიცხები ბავშვს ჩვეულებრივ გარემოს მაღალი ტემპერატურის პირობებში, განსაკუთრებით ზაფხულში უვითარდება, როდესაც ბავშვი ჩვეულებრივზე მეტად ოფლიანობს >>>

თუ თქვენს პატარას, უფრო ხშირად სეირნობის ან ძილის შემდეგ, გაწითლებულ კანზე წვრილი ვარდისფერი ლაქები უჩნდება, შესაძლოა ეს ბავშვებში ნასიცხების ერთერთი სიმპტომი იყოს. ბავშვების და ზრდასრულებიც სხვადასხვაგვარად ოფლიანობენ, მაგრამ ბავშვებში ნასიცხები უფრო ხშირად გადახურების გამო ვითარდება. რათქმაუნდა, ოფლიანობა ბავშვს შეიძლება არც უშლიდეს ხელს იყოს აქტიური და მხიარული, მაგრამ ნასიცხებს მაინც უნდა ვუმკურნალოთ და ვეცადოთ არ გავართულოთ. ამაში კი ბავშვის სწორი მოვლა დაგეხმარებათ, რაც ნასიცხების მკურნალობის საიმედო საშუალებაა. თქვენ შეიძლება არც კი დაგჭირდეთ რთული წამლების გამოყენება, საკმარისია არ დაივიწყოთ ყოველდღიური ჰიგიენური პროცედურების ჩატარება და ბავშვს ოფლიანობა შეუმცირდება ან სრულად გაუვლის.

ნასიცხები ბავშვს ჩვეულებრივ გარემოს მაღალი ტემპერატურის პირობებში, განსაკუთრებით ზაფხულში უვითარდება, როდესაც ბავშვი ჩვეულებრივზე მეტად ოფლიანობს. ბავშვის კანზე ნასიცხების შემჩნევა შესაძლებელია კანის ნაკეცებში, იღლიების მიდამოში, ზურგის ან მკერდის ზედა ნაწილში, კისერზე, ასევე დუნდულოებზე. მაგრამ, ნუ შეგეშინდებათ, სწორი მოვლისას ხომ ეს წვრილი წითელი ლაქები, რაც ნასიცხების სიმპტომია, სწრაფად და იოლად ქრება.

დაიცავით ბავშვის მოვლის ძირითადი წესები:

  1. ეცადეთ პატარას ნატურალური ქსოვილის სამოსი უყიდოთ, რომელშიც კანი შეძლებს თავისუფლად ისუნთქოს. ასეთებია ბამბის ქსოვილი, სელი, ჩითი. ასევე ეს ეხება თეთრეულსაც.

  2. ბავშვის ოთახში აკონტროლეთ ჰაერის ტემპერატურა. ძალიან არ უნდა ცხელოდეს, იდეალური იქნებოდა +20°C ტემპერატურა. პატარას ამინდის მიხედვით ჩააცვით, მაგრამ ძალიან სქლადაც არა. ასევე ნუ იჩქარებთ, პატარას ბანაობის შემდეგ მაშინვე ტანსაცმლის ჩაცმას, აცადეთ, რომ მის სხეულზე სისველე გაშრეს.

  3. აირჩიეთ არა ძლიერ ზეთოვან ფუძეზე დამზადებული საბავშვო კრემი, უკეთესია უპირატესობა წყალზე დამზადებულ, ნატურალურ კრემს მიანიჭოთ, რომელიც კანს სუნთქვის საშუალებას აძლევს. გაწითლებული კანი უმჯობესია ტალკით დაამუშაოთ.

  4. პატარა უპირატესად ძუძუთი კვებეთ, სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ბავშვებს რომლებიც დედის რძით იკვებებიან ნასიცხები უფრო სწრაფად ურჩებათ.

ბავშვის სწორი მოვლა დაგეხმარებათ უკვე 2-3 დღეში დააღწიოთ თავი ნასიცხებს. რათქმაუნდა თუ ცხელი ზაფხულია და ბავშვი მოძრავია, ოფლიანობა ბავშვს ასე იოლად არ გაუვლის, ოფლის გამოყოფა ხომ გადახურებაზე ორგანიზმის ბუნებრივი რეაქციაა. ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ ბავშვი მზეზე დიდხანს არ იყოს, არამედ ეზოში ჩრდილში ითამაშოს, სახლში ასევე არ უნდა თამაშობდეს ფანჯრებთან სადაც პირდაპირი მზის სხივები აჭერს, ან ცხელ ზაფხულში ფანჯრებზე სქელი ფარდები ჩამოაფარეთ. თუ მაინც ნასიცხები გახანგრძლივდა და გართულდა, უმჯობესია პედიატრს მიმართოთ.

___________________________________

გადასვლა >>> ,,ოფლიანობა“; ,,ბავშვი

..