აგაპურინ რეტარდი – AGAPURIN RETARDI

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აგაპურინ რეტარდი – AGAPURIN RETARDI-ის მოქმედი ნივთიერება: პენტოქსიფილინი (Pentoxifylline)

აგაპურინ რეტარდი – AGAPURIN RETARDI-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მიკროცირკულაციის გამაუმჯობესებელი საშუალება, ანგიოპროტექტორი


აგაპურინ რეტარდი – AGAPURIN RETARDI აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ფარმაკოლოგიური მოქმედება: აგაპურინი რეტარდი წარმოადგენს პურინების ჯგუფის სპაზმოლიზურ საშუალებას, რომელიც აუმჯობესებს სისხლის მიკროცირკულაციას და რეოლოგიურ თვისებებს. მისი ზემოქმედებით ითრგუნება ფოსფოდიესტერაზა, თრომბოციტებში იმატებს ცირკულარული ადენოზინმონოფოსფატის (ამფ), ერითროციტებში კი ადენოზინტრიფოსფატის (ატფ) შემცველობა, რაც იწვევს სისხლძარღვთა გაფართოებას, პერიფერიული სისხლძარღვების წინაღობის შემცირებას და სისხლის დარტყმითი და წუთმოცულობის გაზრდას გულის შეკუმშვათა რიცხვის უმნიშვნელო ცვლილების პირობებში. კორონარული არტერიების გაფართოების შედეგად გულის კუნთს მეტი ჟანგბადი მიეწოდება, ფილტვების სისხლძარღვების გაფართოების შედეგად კი სისხლი უკეთ მდიდრდება ჟანგბადით (ოქსიგენაცია). პენტოქსიფილინის ზემოქმედებით იმატებს სასუნთქი კუნთების ტონუსი, მცირდება სისხლის წებოვნება, იქ, სადაც დარღვეულია სისხლის მიმოქცევა – უმჯობესდება მიკროცირკულაცია. ხანგამოშვებითი კოჭლობის ანუ პერიფერიული არტერიების შევიწროების დროს პენტოქსიფილინი მდგომარეობას აუმჯობესებს, აქრობს ღამღამობით ფეხების ტკივილს და კრუნჩხვას.

ფარმაკოკინეტიკა: პენტოქსიფილინი პრაქტიკულად მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის მიერ. იგი ღვიძლში იშლება ორ ძირითად მეტაბოლიტად: 1-5-ჰიდროქსიგექსილ-3.7-დიმეთილქსანტინად და 1-3-კარბოქსიპროპროლ-3.7-დიმეთილქსანტინად. სისხლის პლაზმაში ამ მეტაბოლიტების კონცენტრაცია შესაბამისად 5-ჯერ და 8-ჯერ აღემატება ჰენტოქსიფილინის კონცენტრაციას. კონცენტრაცია პიკს 2 საათში აღწევს. ჰენტოქსიფილინი უმთავრესად (94%) თირკმელებით გამოიყოფა. ამასთანავე, პირველი 4 საათის განმავლობაში გამოიდევნება მისი 90%. აღსანიშნავია, რომ იგი გამოიყოფა დედის რძითაც. თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევის შემთხვევაში გამოყოფა შენელებულია, ღვიძლის დისფუნქციის დროს იზრდება ნახევრადდაშლის პერიოდი და ბიოშეღწევადობა.

ჩვენება:
პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევა დიაბეტური და ანთებითი პროცესების (ათეროსკლეროზი, დიაბეტური ანგიოპათია, მაობლიტირებელი ენდარტერიიტით გამოწვეული ხანგამოშვებითი კოჭლობა) ფონზე;
ტვინის სისხლის მიმოქცევის იშემიური ხასიათის დარღვევა;
ათეროსკლეროზული და დისცირკულატორული ენცეფალოპათიები, ანგიოპათიები (პარესთეზიები და რეინოს დაავადება);
ქსოვილოვანი ტროფიკული დაზიანებები, განპირობებული არტერიული და ვენური მიკროცირკულაციის დარღვევა (ტროფიკული წყლულები, პოსტტრომბოფლებიტური სინდრომი, განგრენა, მოყინვა);
მაობლიტირებელი ენდარტერიიტი;
თვალში სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
შუა ყურის ფუნქციის სისხლძარღვოვანი ბუნების დარღვევები (სმენის დაქვეითებით).

დოზირებისა და მიღების რეჟიმი: ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს ჭამის შემდეგ. თერაპიული დოზაა 400 მგ დღეში 2-3-ჯერ ან 600 მგ დღეში 2-3-ჯერ. დოზას და მკურნალობის ხანგრძლივობას ინდივიდუალურად ადგენს ექიმი. თირკმელების ქრონიკული უკმარისობის შემთხვევაში ინიშნება ორჯერ ნაკლები დოზა.

გვერდითი მოვლენები:
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუხვევა, შფოთვა, ძილის დარღვევა, კრუნჩხვა;
კანისა და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილების მხრივ: სახის კანის ჰიპერემია, სისხლის მოწოლა სახესა და გულმკერდის ზედა ნაწილში, შეშუპება, ფრჩხილების მტვრევადობა.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: პირის სიმშრალე, უმადობა, ნაწლავთა ატონია, ქოლეცისტიტის გამწვავება, ქოლესტაზური ჰეპატიტი;
გრძნობათა ორგანოების მხრივ: მხედველობის დარღვევა;
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია, არითმია, კარდალგია, სტენოკარდია, ჰიპოტონია;
სისხლმბადი ორგანოებისა და ჰემოსტაზის სისტემის მხრივ: თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, პანციტოპენია, სისხლდენა კანის სისხლძარღვებიდან, ლორწოვანი გარსებიდან, კუჭიდან, ნაწლავიდან;
ალერგიული რეაქციები:
ქავილი, კანის სიწითლე, ჭინჭრის ციება, შეშუპება, ანაფილაქსიური რეაქცია.

ლაბორატორიული მაჩვენებლები: იმატებს ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობა.

უკუჩვენება:
აგაპურინ რეტარდში შემავალი ნივთიერებების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
პორფირია;
მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი;
მასიური ჰემორაგია;
სისხლჩაქცევები თვალის ბადურაში;
მწვავე ჰემორაგიული ინსულტი;
კორონარული ან ცერებრალური ათეროსკლეროზი;
ძლიერი არითმია;
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
18 წლამდე ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება გამოკვლევებით არ არის დადგენილი).

განსაკუთრებული მითითებები: არტერიული ჰიპერტენზიის, ასევე თირკმელების ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში აგაპურინ რეტარდის დოზა თანდათანობით იზრდება. თირკმლის ფუნქციის მკვეთრი დარღვევის დროს პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს ექიმის მეთვალყურეობით. თუ მკურნალობის დროს თვალის ბადურა გარსში სისხლჩაქცევები გაჩნდა, პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. აგაპურინ რეტარდით მკურნალობის დროს აუცილებელია არტერიული წნევის კონტროლი. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში, რომლებიც იღებენ ჰიპოგლიკემიურ პრეპარატებს, აგაპურინ რეტარდის დიდი დოზით დანიშვნამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია. ამ შემთხვევაში საჭიროა დოზის კორექცია. ანტიკოაგულანტებთან ერთად დანიშვნის დროს აუცილებლად უნდა მოხდეს სისხლის შემადედებელი ფაქტორების კონტროლი. ნაოპერაციევ პაციენტებში აუცილებელია ჰემოგლობინისა და ჰემატოკრიტის რეგულარული კონტროლი. ხანდაზმულებში ზოგჯერ საჭიროა დოზის შემცირება. სიგარეტის მოწევამ შესაძლოა შეამციროს პრეპარატის ეფექტურობა. სიფრთხილით ინიშნება ცერებრალური და/ან კორონარული სისხლძარღვების ათეროსკლეროზის, არტერიული ჰიპოტენზიის, არითმიის, გულის ქრონიკული უკმარისობის, ღვიძლისა და თირკმელების უკმარისობის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს, ოპერაციული ჩარევის შემდეგ.

ზედოზირება: აღინიშნება სისუსტე, თავბრუხვევა, ტაქიკარდია, ძილად მივარდნა, ჰიპოტენზია, კანის სიწითლე, გულყრა, სხეულის ტემპერატურის მატება, არეფლექსია, კრუნჩხვები, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის ნიშნები. ზედოზირების შემთხვევაში მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური, მიმართული სუნთქვის ფუნქციისა და წნევის შესანარჩუნებლად.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: პენტოქსიფილინმა შესაძლოა გააძლიეროს სისხლის შემადედებელ სისტემაზე მოქმედი პრეპარატების (პირდაპირი და არაპირდაპირი ანტიკოაგულანტები და თრომბოლიზური საშუალებები), ანტიბიოტიკებისა (ცეფალოსპორინების) და ვალპროას მჟავას მოქმედება. პენტოქსიფილინი აძლიერებს ჰიპოტენზიური საშუალებების, ინსულინისა და შინაგანი ჰიპოგლიკემიური საშუალებების ეფექტურობას. ციმეტიდინი ზრდის პენტოქსიფილინის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში.
სხვა ქსანტინებთან ერთად მიღებამ შესაძლოა აგზნება გამოიწვიოს.

შენახვის პირობები და ვადა: აგაპურინ რეტარდი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბნელ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისი: 400 მგ-იანი ტაბლეტები – 5 წელი, 600 მგ-იანი – 4 წელი.

ფორმა, შეფუთვა: პროლონგირებული მოქმედების თეთრი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები. ერთი ტაბლეტი შეიცავს 100 მგ ან 600 მგ აქტიურ ნივთიერებას. მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 10-10-ტაბლეტიანი 2, 5 ან 10 ბლისტერი.

მწარმოებელიZentiva, A. S., სლოვაკეთი

გაფრთხილება