Bacillus thuringiensis

Bacillus thuringiensis (ლათ) – გრადადებითი, სპორაწარმოქმნელი ნიადაგის ბაქტერია. უჯრედები და სპეციფიკური კრისტალური δ-ენდოტოქსინი მოქმედებაში მოდის, როცა შეეხება მწერთა მუხლუხოებს, მოსკიტების მატლებს, ნემატოდებს და სხვა. გამოიყენება მცენარეთა დაცვაში, სადაც მნიშვნელოვანი ფაქტორია ენდოტოქსინი (Cry-ტოქსინი). ენდოტოქსინის გენით, ხორციელდება მცენარეების ტრანსფორმაცია (გენმოდიფიცირებული მცენარეები), რომლებიც მდგრადნი ხდებიან მწერების მიმართ (მწერი იღუპება მათი კვებისას). მორფოლოგიურად დამახასიათებელი თავისებურება არის, ციტოპლაზმაში ტოქსინის კრისტალების არსებობა, რომელიც საღებავით – ანილინის შავით იღებება. Bacillus thuringiensis-ი ქემოორგანოჰეტეროტროფია. ფაკულტატური ანაერობი. ტოქსინის კრისტალი წარმოადგენს აგრეგატს, რომელიც შედგება მაღალმოლეკულური ცილისაგან (130-140 კდა). ის წარმოადგენს პროტოქსინს,  აუცილებელია მისი წინასწარი აქტივაცია, წყალში უხსნადია (იხსნება მხოლოდ მისადმი მგრძნობიარე მწერების ნაწლავებში  pH დაახლოებით 9.5-ზე),  უვნებელია ყველა ხერხემლიანისათვის (მათ შორის ადამიანი) და მწერების უმრავლესობისათვის. Cry-ტოქსინის გენი ფართოდ გამოიყენება მცენარეთა გენურ ინჟინერიაში (კარტოფილი, სიმინდი, ბამბა).


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.