ასფიქსია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ასფიქსია – (ქირურგ) სიცოცხლისათვის საშიში ხუთვა (გამოწვეული სუნთქვის ცენტრის დამბლით, სასუნთქ გზებზე ზეწოლით, მათი სანათურის დაცობით, ყელზე, გულმკერზე და მუცელზე ზეწოლით), რაც იწვევს ჟანგბადოვან შიმშილს და ნახშირმჟავას ჭარბ დაგროვებას. სასუნთქი გზების დახშობა შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა მიზეზის ზეგავლენით: უცხო სხეულების მოხვედრა, მაგ. კბილის პროთეზის, თუკი ანესთეზიოლოგის უყურადღებობის გამო, ნარკოზის დაწყებამდე, ის მოხსნილი არ არის; ბავშვებში წვრილი საგნების შესუნთქვა (მზესუმზირა, ღილები), ლორწოს მნიშვნელოვანი დაგროვება, ამონაღების მასების სასუნთქ გზებში მოხვედრა, ენის გადავარდნა, სიმსივნით ზეწოლა, დიფტერიის დროს ხმოვანი ნაპრალის სპაზმი (დიფტერიული ლენტებით დახშობა), ტეტანუსი.

სიმპტომები და მიმდინარეობა ელვისებურია. მკვეთრ ქოშინს მოსდევს კუნთების ასეთივე მკვეთრი შეკუმშვა (ზოგჯერ კრუნჩხვითი), ზოგჯერ ავადმყოფი ღებულობს მოლურჯო ელფერს, ვითარდება თავბრუსხვევა, თვალებში დაბინდვა, უფრო იშვიათად – გონების დაკარგვა.

სუნთქვის გაჩერების შემთხვევაში, წყდება გულმკერდის და მუცლის კედლის სუნთქვითი ექსკურსია, ქრება რეფლექსები. არც თუ იშვიათად (ტერმინალურ სტადიაში) ვლინდება უნებლიე კუჭში გასვლა და შარდვა.

გაფრთხილება!

 

Share this...Share on Facebook
Facebook