ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ეიდის დაავადება – უცნობი ბუნების დაავადება, რომელიც ხასიათდება თვალის კაკლის უკან მდებარე წამწამოვანი განგლიების პარასიმპათიკური ნეირონების დეგენერაციით, რაც იწვევს გუგებისა და წამწამოვანი კუნთების ინერვაციის მოშლას. ვლინდება ახალგაზრდა ქალებში მხედველობის ბუნდოვანებით, ცალ თვალზე გუგის გაფართოებისა და აკომოდაციის დამბლის შედეგად. ავადმყოფთა უმრავლესობას აღენიშნებათ აგრეთვე მყესოვანი რეფლექსების გაქრობა ფეხებზე. დროთა განმავლობაში ზიანდება მეორე გუგაც და ვითარდება გუგების ორმხრივი შევიწროება. ეიდის სინდრომი – გუგის ინერვაციის დაზიანების განსაკუთებული ფორმა, რომელიც ვლინდება ცალმხრივი მიდრიაზით, სინათლეზე გუგის რეაქციის დაკარგვითა და პუპილოტონიით. მწვავე, ზოგჯერ თავის ტკივილის შემდეგ ვითარდება ცალმხრივი მიდრიაზი და მხედველობის გაუარესება აკომოდაციის დამბლის გამო. გადიდებული გუგა სინათლეზე არ რეაგირებს, მაგრამ მკვეთრად ვიწროვდება კონვერგენციის დროს. როგორც შევიწროება, ასევე გუგის შემდგომი გაფართოება ძალზე ნელა მიმდინარეობს (პუპილოტონია). შემთხვევათა 60% – ში გუგის პათოლოგია შერწყმულია ფეხებზე მყესთა რეფლექსების გაქრობასთან. ზოგჯერ რამდენიმე თვის ან წლის შემდეგ ზიანდება ასევე მეორე გუგაც. დაავადება გვხვდება უპირატესად ქალებში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეიდის სინდრომის ფორმალური მსგავსება არგაილ რობერტსონის სინდრომთან, რომელიც დამახასიათებელია ნეიროსიფილისისათვის. როგორც წესი, არგაილ რობერტსონის სინდრომი ორმხრივია და, რაც მთავარია, მის დროს არ აღინიშნება პუპილოტონიის ფენომენი.
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა