ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
იერსინიოზი – მწვავე ინფექციური დაავადება; მიეკუთვნება ზოონოზებს. ადამიანის დასნებოვნების ძირითადი გზა ალიმენტურია. დაავადებული ადამიანი საშიში არ არის გარშემომყოფებისათვის. ეტიოლოგია, პათოგენეზი. გამომწვევი (იერსინია) თავისი თვისებებით ახლოსაა შავი ჭირისა და ფსევდოტუბერკულოზის გამომწვევებთან. გამოირჩევა პოლიმორფიზმით, ბიპოლარული შეფერვით; გრამუარყოფითია, კაფსულებსა და სპორებს არ წარმოქმნის. შესაძლებელია გაიზარდოს 50 C – ის პირობებში. მგრძნობიარეა ლევომიცეტინის, ტეტრაციკლინის, ამინოგლიკოზიდების მიმართ. იერსინია იყოფა 5 ბიოტიპად, 10 ფაგოტიპად, ხოლო 0 – ანტიგენის მიხედვით 30 სეროტიპად და მეტად. ადამიანის პათოლოგიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მე – 2 და მე – 4 ბიოტიპებს, 3, 5, 8 და 9 სეროტიპებს. გამომწვევის ჩანერგვა ხდება წვრილი ნაწლავის ქვედა ნაწილებში, ვითარდება ტერმინალური ილეიტის სურათი, შესაძლებელია წყლულოვანი ცვლილებები. ლიმფოგენურად გამომწვევი აღწევს მეზენტერულ ლიმფურ კვანძებში, ვითარდება ლიმფადენიტი, რომელიც მიდრეკილია აბსცენდირებისაკენ. სიმპტომები, მიმდინარეობა. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 15 საათიდან 4 დღემდე (ხშირად 1 – 2 დღე). ძირითადი კლინიკური ფორმებია: 1. გასტროენტეროკოლიტური; 2. აპენდიკულური; 3. სეპტიკური; 4. სუბკლინიკური. დაავადება იწყება მწვავედ. სხეულის ტემპერატრა მატულობს 38 – 40 გრადუსამდე. ცხელება გრძელდება 5 დღე, ხოლო სეპტიკური ფორმების დროს – უფრო მეტად. აღინიშნება ზოგადი ინტოქსიკაციის სიმპტომები (შემცივნება, თავის ტკივილი, ტკივილი კუნთებში, სახსრებში). გასტროენტეროკოლიტური ფორმის დროს ამ ფონზე ვლინდება შეტევითი ტკივილები მუცელში, ხშირად ქვევით მარჯვნივ, ან ჭიპის მიდამოში. აპენდიკულური ფორმის დროს გარდა ამისა ვლინდება აპენიდიციტის სიმპტომებიც (ზოგჯერ ჩირქოვანი); აღინიშნება ლეიკოციტოზი, ედსის მომატება. სეპტიკური ფორმა ვითარდება დასუსტებულ ავადმყოფებში, მიმდინარეობს ცხელებით, აღინიშნება განმეორებითი შემცივნებები, პროფუზული ოფლი, ღვიძლისა და ელენთის გადიდება, მატულობს ანემიზაცია, ვლინდება სიყვითლე. ეს ფორმა მთავრდება ლეტალურად. აუცილებელია იერსინიოზის დიფერენცირება სხვა ეტიოლოგიის გასტროენტეროკოლიტებისაგან (დიზენტერია, სალმონელოზები, ეშერიხიოზები), ფსევდოტუბერკულოზისაგან, აპენდიციტისაგან. დიაგნოზი ზუსტდება გამწვევის გამოყოფით.
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა