ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
იმუნიზაცია – (ლათ. immunis – თავისუფალი, ვალმოხდილი), ადამიანსა და ცხოველებში ხელოვნური იმუნიტეტის შექმნის მეთოდი. განარჩევენ აქტიურ და პასიურ იმუნიზაციას. აქტიური იმუნიზაცია გულისხმობს ანტიგენის ორგანიზმში შეყვანას, აქტიური იმუნიზაციის ყველაზე გავრცელებული ფორმაა ვაქცინაცია, ე. ი. ვაქცინების – დასუსტებული ან მკვდარი ბაქტერიების, ვირუსებისა ან მათი ცხოველმოქმედების პროდუქტებისაგან (ტოქსინები) დამზადებული პრეპარატების გამოყენება ინფექციური დაავადების სპეციფიკური პროფილაქტიკისათვის. ეფექტურობის ასამაღლებლად ვაქცინას უმატებენ არასპეციფიკურ გამღიზიანებლებს ანუ ადიუვანტებს (კალციუმის ფოსფატი, შაბი და სხვ.). ასეთი ვაქცინის ორგანიზმში შეყვანის ადგილიდან ანტიგენი თანდათანობით განიწოვება, რაც იწვევს ანტისხეულების წარმოქმნის არასპეციფიკურ სტიმულაციას. აქტიური იმუნიზაციის შედეგად ვითარდება ხანგრძლივი (1 წელი და მეტი) იმუნიტეტი. პასიური იმუნიზაციის დროს ორგანიზმში შეჰყავთ იმუნური შრატები ან ცხოველისა და ადამიანის შრატისაგან მიღებული იმუნური ფრაქციები – გამა – გლობულინები. ამ გზით შეძენილი იმუნიტეტი ხანმოკლეა და სამ კვირაზე მეტს არ გასტანს. პასიურ იმუნიზაციას მიმართავენ იმ შემთხვევაში, როდესაც ინფექციის წყაროსთან კონტაქტის გამო არსებობს დაავადების (წითელა, დიფთერია, ტეტანუსი, ჯილეხი და სხვ.) საშიშროება ან დაავადება უკვე დაწყებულია და საჭიროა იმუნიზაციით მკურნალობა (სეროთერაპია), ზოგჯერ მიმართავენ კომბინირებულ – პასიურ და აქტიურ იმუნიზაციას; დაავადების დასაძლევად ჯერ შეჰყავთ იმუნური შრატი, შემდეგ კი ვაქცინა – მყარი იმუნიტეტის გამოსამუშავებლად. პროფილაქტიკისათვის უმჯობესია ადამიანის სისხლისაგან მიღებული (ჰომოლოგიური) შრატის გამოყენება, რადგან იგი არ იწვევს ორგანიზმის ალერგიულ რეაქციას და ეფექტურია ინფექციის (წითელა, ვირუსული ჰეპატიტი და სხვ.) შემთხვევაში. ვეტ. პრაქტიკაში იმუნიზაციას ფართოდ იყენებენ თურქულის, შავი ჭირის, ბრუცელოზის, ჯილეხის, ემფიზემატოზური კარბუნკულის და სხვ. დაავადებათა წინააღმდეგ. ი. გიორგაძე. [“1”] – რაიმე დაავადების მიმართ იმუნიტეტის შეძენა ორგანიზმში სპეციალური ანტიგენების ან იმუნური შრატების შეყვანის გზით.(2)
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა