კარდიომიოპათიები

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კარდიომიოპათიები – გულის კუნთის გაურკვეველი ეტიოლოგიის დაზიანება. რომელიც დაკავშირებული არ არის გულის სარქვლოვან მანკებთან ან გულშიგა შუნტებთან, არტერიულ ან ფილტვისმიერ ჰიპერტენზიასთან, გულის იშემიურ დაავადებასთან ან სისტემურ დაავადებებთან (კოლაგენოზები, ამილოიდოზი, ჰემოქრომატოზი და სხვ.). კარდიომიპათიის პათოგენეზი ცნობილი არ არის. ვარაუდობენ გენეტიკური ფაქტორების, ფერმენტული და ენდოკრინული დარღვევების მონაწილეობას. არ გამოირიცხება ვირუსული ინფექციისა და იმუნოლოგიური გადახრების როლიც. კარდიომიოპათიის ძირითადი ფორმებია: ჰიპერტროფიული (ობსტრუქციული და არაობსტრუქციული), შეგუბებითი (დილატაციური) და რესტრიქტორული (იშვიათად გვხვდება). ჰიპერტროფული კარდიომიოპათია. არაობსტრუქციული ფორმა ხასიათდება გულის ზომების გადიდებით, მარცხენა პარკუჭის კედლების დიფუზური ჰიპერტროფიის, იშვიათად მხოლოდ გულის მწვერვალის ჰიპერტროფიის შედეგად. გულის მწვერვალზე ან მახვილისებრ მორჩზე მოისმინება სისტოლური შუილი, ასევე ხშირია ჰალოპის პრესისტოლური რიტმი. პარკუჭთაშუა ძგიდის ასიმეტრიული ჰიპერტროფიის დროს, მარცხენა პარკუჭის გადინების გზების შევიწროებით (ობსტრუქციული ფორმა) წარმოიქმნება კუნთოვანი სუბაორტული სტენოზის სიმპტომები: ტკივილი გულმკერდის უკან, თავბრუსხვევის შეტევები, გულის წასვლისაკენ მიდრეკილებით, შეტევითი ქოშინი ღამით, გამოხატული სისტოლური შუილი გულმკერდის მარცხნივ, მესამე – მეოთხე ნეკნთაშუა არეში, რომელიც ტარდება საძილე არტერიებზე, მაქსიმუმს აღწევს სისტოლის შუაში, ზოგჯერ შერწყმულია რეგურგიტაციის სისტოლურ შუილთან, რაც განპირობებულია ,,დვრილისებრი“ მიტრალური უკმარისობით. ხშირია არითმია და გულში გამტარობის დარღვევები (ბლოკადები). ჰიპერტროფიის პროგრესირება იწვევს გულის უკმარისობის განვითარებას, თავდაპირველად მარცხენაპარკუჭოვანის, შემდეგ კი ტოტალურის (ამ სტადიაში ხშირად ვლინდება პროტოდიასტოლური გალოპის რიტმი). ეკგ – ზე  –  მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიისა და პარკუჭთაშუა ძგიდის ჰიპერტროფიის ნიშნები: ღრმა, გაუფართოებელი Q კბილი II, III, aVF, \/4 – 6 განხრებში, მაღალი R კბილი. გამოკვლევის განსაკუთრებით საიმედო მეთოდია ექოკარდიოგრაფია. დიაგნოსტიკაში გვეხმარება აგრეთვე გულის ღრუების ზონდირება და რადიონუკლიდური ვენტრიკულოგრაფია. შეგუბებითი (დილატაციური) კარდიომიოპათია ვლინდება გულის ყველა საკნის მკვეთრი გაფართოებით, შერწყმული მათ უმნიშვნელო ჰიპერტროფიასთან და განუხრელად პროგრესირებად, თერაპიის მიმართ რეფრაქტერულ გულის უკმარისობასთან, თრომბოზისა და თრომბოემბოლიის განვითარებით. დიფერენეციალურ დიაგნოსტიკას ატარებენ პირველ რიგში მიოკარდიტთან და მიოკარდიოდისტროფიასთან, ანუ იმ მდგომარეობებთან, რომლებსაც ზოგჯერ უწოდებენ მეორად კარდიომიოპათიებს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook