მიტოქონდრიები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მიტოქონდრიები – 1. (ბერძნ. mitos – ძაფი და chondrion – მარცვალი), ქონდრიოისომები, უჯრედის ციტოპლაზმის ერთ – ერთი ორგანოიდი, რომელიც ახორციელებს ენერგეტიკულ პროცესებს უჯრედებში. მიტოქონდრიები თითქმის ყველა უჯრედშია (პროკარიოტების, აგრეთვე ევკარიოტების ზოგი სპეციალიზებული უჯრედის, მაგ., ძუძუმწოვრების ერითროციტების გარდა). მიტოქონდრიების მარცვლის, ჩხირის ან ძაფის ფორმის ღრუ სხეულებია (სიგრძე – 0,5 – 0,7 მკმ, სიგანე – 0,5 მკმ); მიტოქონდრიების კედელს შეადგენს 60 A სისქის ორი ელემენტარული ბიოლ. მემბრანა, რ – თა შორის 80 A სიგანის ნაპრალია. შიგნითა მემბრანის ორმაგი ჩანაზნექები, ე. წ. კრისტები, ყოფენ მიტოქონდრიების ღრუს კამერებად. რომლებიც ამოვსებულია ერთგვარი ნივთიერებით – მიტოქონდრიების მატრიქსით. კრისტების შიგნითა ზედაპირზე მოკლე ყუნწებით მიმაგრებულია უმცირესი გრანულები ანუ ელემენტარული ნაწილაკები (დიამეტრი 300 – 500 A). მიტოქონდრიების რთული ტიხრებიანი აღნაგობა ქმნის დიდ ზედაპირს, რომელიც ხელსაყრელია რთული ქიმიური რეაქციების მიმდინარეობისათვის. მიტოქონდრიები განსაკუთრებით ბევრია უჯრედებში, რომელთაც მაღალი ინტენსიურობის ნივთიერებათა მიმოცვლა ახასიათებთ. თან თავმოყრილია უჯრედის ფუნქციურად უფრო აქტიურ უბნებში. მიტოქონდრიებში მიმდინარეობს ჟანგვითი პროცესები და მათთან დაკავშირებული ფოსფორილირება: ჟანგვისას წარმოქმნილი ენერგიის აკუმულირება ხდება ადენოზინტრიფოსფატაზებში (ატფ), რომლისგანაც იგი შემდეგ ადვილად გამოიყოფა და უჯრედის სასიცოცხლო პროცესებს ხმარდება (იხ. ბიოენერგეტიკა, ფოსფორილირება ჟანგვითი). მიტოქონდრიებში ნუკლეინის მჟავების (დნმ, რნმ) არსებობა ცილების ავტონ. (ბირთვისაგან დამოუკიდებელი) სინთეზის შესაძლებლობას მოწმობს. ყველაფერი ეს განაპირობებს მიტოქონდრიების განსაკუთრებულ სიმდიდრეს ფერმენტებით. მიტოქონდრიები ძალიან მგრძნობიარეა სხვადასხვა ზემოქმედებისადმი, რის გამოც მათი რაოდენობა და თვისებები ადვილად იცვლება. ახ. მიტოქონდრიები ძველის გაყოფით წარმოიქმნება ან ახლად ჩნდება ციტოპლაზმაში. ლ. ნათაძე. [“1”]  2. მიტოქონდრიები(mitochondria ბერძნ.mitos – ძაფი და chon­dros – ხრტილი სინ.ქონდრიოსომები, ქონდრიომიტები, ქონდრიო­კონტები) – ორგანოიდი, რომელიც თავისებური ენერგეტიკული სისტემა და უჯრედის სასუნთქი ცენტრია. მათი ზომები ცვალებადობს 0, 5 მკმ – დან 6 მკმ – მდე. მიტოქონდრიები საკმაოდ განსხვავებული ფორმისაა (მარცვლოვანი, ჩხირისებრი, ძაფისებრი და ა.შ.). თანამედროვე ლიტერატურაში მიღებულია ტერმინით „მიტოქონდრიები“ ამ ორგანოიდის ნებისმიერი სახესხვაობის აღნიშვნა. ელექტრონული მიკროსკოპიის მონაცემებით, მიტოქონდრიები შედგება მემბრანების სისტემისა და მატრიქსისაგან. არჩევენ გარეთა მიტოქონდრიულ მემბრანას, რომელიც შედგება ბილიპიდური შორისეთით გაყოფილი ორი ცილოვანი მონოშრისაგან. შიგნიდან ეს მემბრანა ამოფენილია შიგა მიტოქონდრიული მემბრანით, რომელიც ქმნის მრავალრიცხოვან სა­ვარცხლისებრ ნაკეცებს (კრისტებს), რომლებიც მიტოქონდრიების შიგნითაა ჩასული. გარეთა და შიგნითა მიტოქონდრიული მემბრანები ერთად ქმნის მიტო­ქონდრიების შემზღუდველ გარსს, რომლის საერთო სისქე 160 Ao – მდეა. მიტოქონდრიების მემბრანები შეიცავს სასუნთქ ფერმენტებს, რომლე­ბიც უზრუნველყოფენ ჟანგვა – აღდგენითი პრო­ცესების მიმდინარეობას და ენერგიის აკუმულაციას ატფ – ის მაკროე­რგულ კავ­შირებში. მიტო­ქონდრიულ კრისტებს შორის სივრცე ამოვ­სებულია ძირითადი უსტრუქტურო ნივთიერებით, რომელიც შეიცავს გლობუ­ლურ ცი­ლებსა და ზოგიერთ ფერმენტს, უფრო ზუს­ტად, ამ ნივთიერების (ანუ მატრიქსის) ქიმიური შედგენილობა ჯერ შეუსწავლელია. სხვადასხვა უჯრედში მიტოქონდრიების რაოდენობა ძალზე ცვალებადია. მაღალი ფუნქციური აქტივობის უჯრედებში მათი რიცხვი განსაკუთრებით დიდია, ახალგაზრდა და ხანდაზმულ უჯრედებში კი – მნიშვნელოვნად ნაკ­ლები. მიტოქონდრიები ბენდამ აღწერა (1894). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა