მიტრალური სარქვლის პროლაფსი – ვლინდება სისტოლის დროს მიტრალური სარქვლის აფრების ზედმეტად მოძრაობით მარცხენა წინაგულის ღრუში. ამის გამო სარქვლების ბოლომდე ვერ იხურება, რაც იწვევს მიტრალური სარქვლის ნაკლოვანებას. მიტრალური სარქვლების აფრების პროლაფსი შესაძლებელია განვითარდეს პაპილარული კუნთების დისფუნქციისას, ქორდების დაგრძელებისას. აღნიშნული სინდრომი ვითარდება ზოგიერთი თანდაყოლილი ანომალიის (მარფანის სინდრომი), აგრეთვე გულის იშემიური დაავადების დროს. გულის აუსკულტაციით მოისმინება დამატებითი ტონი (ბიძგი) სისტოლის შუაში, რასაც მოსდევს მოგვიანებითი სისტოლური შუილი. ზოგჯერ ბიძგი შეიძლება არ იყოს და მოისმინებოდეს I ტონის შესუსტება მწვერვალზე. ამასთან მიტრალური რეგურგიტაცია შედარებით უმნიშვნელოა და გულის ზომები შესაძლოა გადიდებული არ იყოს. მიტრალური სარქვლების აფრების პროლაფსზე ეჭვის მიტანა შესაძლებელია დამახასიათებელი აუსკულტაციური სურათის გაჩენის შემდეგ. დიაგნოზის დადასტურება ხდება ექოკარდიოგრაფიული გამოკვლევებით.
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი