ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
მორფოლოგია ადამიანისა – 1. ფართო გაგებით – მოძღვრება ადამიანის სხეულის აგებულების შესახებ ორგანიზმის განვითარებასა და ცხოველმოქმედებასთან დაკავშირებით; მოიცავს ანატომიას, ჰისტოლოგიას და ემბრიოლოგიას. 2. ვიწრო გაგებით – ანთროპოლოგიის ერთ – ერთი ძირითადი დარგია და შეისწავლის ადამიანის ორგანიზმის ინდივიდ. ასაკობრივ, სქესობრივ, რასობრივ და ტერიტორიულ თავისებურებებს. მორფოლოგიას ადამიანისას ზოგჯერ ანთროპოლოგიასაც უწოდებენ და ყოფენ მეროლოგიად და სომატოლოგიად. მეროლოგია (ბერძნ. – ნაწილი) შეისწავლის ცალკეული ორგანოებისა და ქსოვილების აგებულების ვარიაციებისა და ურთიერთკავშირის კანონზომიერებებს. მისი კვლევის საგანია საფარველი, სახის რბილი ნაწილები, თავის ტვინი, სისხლძარღვები, კუნთები და სხვ. განსაკუთრებით კარგად არის დაყენებული ძვლებისა (ოსტეოლოგია) და კერძოდ ქალას (კრანიოლოგია) შესწავლის საქმე. სომატოლოგია (ბერძნ. – სხეული) შეისწავლის ადამიანის სხეულს მთლიანად – სიმაღლის, მასის, გარშემოწერილობის, პროპორციებისა და სხვ. ვარიაციების კანონზომიერებებს. მისი კვლევის საგანია სხეულის ტოტალური ზომები და მათი ურთიერთშეფარდებები, სხეულის ცალკეული ნაწილების გარეგნული ფორმა, სქესობრივი ნიშნები, სისხლი, ფუნქციური ნიშნები, ანომალიები და სხვ. სომატოლოგიის უმნიშვნელოვანეს ქვედარგს წარმოადგენს მოსახლეობის ფიზიკური განვითარების შესწავლა და ადამიანის სხეულის ზომების სტანდარტების დადგენა, რაც, ერთი მხრით, მოსახლეობის მასობრივი სამედიცინო კონტროლისა და მეორე მხრით ინდივიდუალური მოხმარების საგნების მასობრივი დამზადების საშუალებას იძლევა. მორფოლოგია ადამიანისა ყურადღებას ამახვილებს ტიპის ვარიაციებზე და ხსნის საშ. ტიპიდან გადახრის მიზეზების კანონზომიერებებსა და მნიშვნელობას. მორფოლოგია ადამიანისას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის პლასტ. ანატომიიათვის. გ. აბდუშელიშვილი. [“1”] 2. ორგანიზმთა ფორმისა და აგებულების შემსწავლელი მეცნიერული მიმართულებაა ბიოლოგიაში (მცენრეთა, ცხოველთა და სხვ.)
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა