პარანეფრიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პარანეფრიტი – თირკმლისირგვლივი ფაშარი შემაერთებელი ქსოვილის ანთება. შეიძლება იყოს პირველადი (წელის მიდამოს ჭრილობებისას) ან მეორადი (ანთებადი თირკმლიდან ინფექციის გადაცემისას, აგრეთვე სხვა ანთებითი კერებიდან – ფურუნკული, კარბუნკული, პანარიციუმი და ა.შ. – ჰემატოგენური გზით ჩირქმბადი მიკრობების გადატანის შემთხვევაში). სიმპტომები, მიმდინარეობა. მწვავე პარანეფრიტი იწყება მძაფრად: უეცრად მატულობს ტემპერატურა, აღინიშნება შემცივნება და ინტოქსიკაციის სხვა სიმპტომები. პირველ დღეებში დაავადების გამოხატული ადგილობრივი გამოვლინებები არ აღინიშნება. ერთადერთი ჩივილი შეიძლება იყოს წელის მიდამოში ყრუ ტკივილების არსებობა. ხშირად ამ დროს ისმევა ტიფის, გრიპის და სხვა მწვავე რესპირატორული დაავადებების დიაგნოზი. შემდგომში, წელის მიდამოში, დაზიანებულ მხარეზე შეიძლება განვითარდეს შესიება. ავადმყოფის დამახასიათებელი მდგომარეობა – დაზიანებულ მხარეს ფეხი მოხრილია მენჯ – ბარძაყის სახსარში, მისი გაშლის მცდელობებს მივყავართ მკვეთრი ტკივილების გაჩენამდე. პალპაციით ვლინდება წელის მიდამოს მტკივნეულობა (XII ნეკნის და ხერხემლის კუთხეში). რენტგენოგრამაზე აღინიშნება თეძო – წელის კუნთების კონტურების გადასწორება (ცუდი აღქმა). ტემპერატურა მომატებულია (38 – 39 გრადუსი), სისხლში ნახულობენ ლეიკოციტოზს ფორმულის მარცხნივ გადახრით, ვითარდება ინტოქსიკაცია. პარანეფრიტის ქრონიკული ფორმის დროს ყველა ზემოთაღნიშნული სიმპტომი ასე მძაფრად არ არის გამოხატული და ვითარდება თანდათანობით, ზოგჯერ წაშლილია ძირითადი დაავადების კლინიკური სურათი.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook