სმენის ორგანოები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სმენის ორგანოები – ადამიანისა და ცხოველთა ორგანოები, რომლებითაც ხდება ბგერითი რხევების აღქმა და გაანალიზება. სმენის ორგანოები შეადგენენ სმენითი რეცეპტორი (ფონორეცეპტორი), ე. ი. მგრძნობიარე უჯრედი მასთან დაკავშირებული მგრძნობიარე ნერვული ტოტითურთ და არანერვული ნაწილები, რომლებიც უზრუნველყოფენ ბგერითი რხევების რეცეპტორამდე გადაცემას. სმენის ორგანოები წარმოშობით დაკავშირებული არიან წონასწორობის ორგანოებთან და უმეტესად მათი გარდაქმნისა და გართულების შედეგია. უხერხემლო ცხოველთაგან მხოლოდ მწერებშია დადასტურებული რამდენიმე სახის ნამდვილი სმენის ორგანოები (ე. წ. ტიმპანური, ქორდოტონული, ჯონსტონისეული ორგანოები და სხვ.) არსებობა. ხერხემლიანი ცხოველებისა  და ადამიანის სმენისა და წონასწორობის ორგანოა ყური, რომელიც ინერვირდება თავის ტვინის VIII (წონასწორობა სმენითი) ნერვით. უმდაბლესი ხერხემლიანების შიგნითა ყურის აპკოვან ლაბირინთს აქვს პატარა გამონაზარდი, ე. წ. ლაგუნა, რომლის გართულებით ძუძუმწოვრებს (ნაწილობრივ ნიანგებსა და ფრინველებს) განუვითარდათ ლოკოკინა, სადაც არის საკუთრივ სმენის ორგანოების ე. წ.  სპირალური ანუ კორტის ორგანო. შიგნითა ყურის გარდა ხმელეთის ხერხემლიანებს განუვითარდათ შუა ყური, ძუძუმწოვრებს კი  –  გარეთა ყურიც, რომლებიც რხევების გადმცემ აპარატს შეადგენენ. საცხოვრებლად წყალში დაბრუნებულ (ვეშაპისნაირები, ფარფლფეხიანები) და ზოგ მხოხავ (უფეხო ამფიბიები, გველები) ცხოველს გარეთა და შუა ყური მეტ – ნაკლებად რედუცირებული აქვს. სმენის ორგანოებით ბგერითი რხევების გარდა აღიქმება დაბალი სიხშირის დიაპაზონის მექანიკური (ვიბრაციული) გაღიზიანებებიც (უხერხემლოები, უმდაბლესი ქორდიანები, თევზები), ზოგჯერ კი ულტრაბგერითი რხევებიც (მაგ., ღამურების ექოლოკაციური სიგნალები) ლ. ნათაძე. [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook