ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ფსიქიკური ტრავმა – (ფსიქოლოგია) ზიანი, რომელიც მიადგა ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობას გარემოს არახელსაყრელი ფაქტორების ინტენსიური ზემოქმედების შედეგად, ან სხვა ადამიანთა მწვავე ემოციური, სტრესული ზემოქმედებით მის ფსიქიკაზე (იხ. ფსიქოგენია). ინტენსივობის მიხედვით ფსიქოტრავმირებად ზემოქმედებას ყოფენ: მასირებული (კატასტროფული), უეცარი და მწვავე, რომლებიც იწვევენ ადამიანის ადაპტაციური შესაძლებლობების მკვეთრ დათრგუნვას (იხ. სტრესი; დისტრესი; ადაპტაცია); სოციალურად მნოიშვნელოვანი შედეგების მიხედვით – ვიწრომიმართულების და მრავალგეგმიანი ზემოქმედებები, რომელთა დროს ზიანდება ადამიანის სოციალური ცხოვრების პარამეტრები (სოციალური პრესტიჟი, თვითდამკვიდრების შესაძლებლობა, გარშემო მყოფი და ახლობელი ადამიანების პატივისცემა და სხვ.); ინტიმურ – პიროვნული შედეგების მიხედვით – ბიოლოგიური და პიროვნულად დამანგრეველი, რაც იწვევს ფსიქოსომატური დაავადებების (იხ. ფსიქოსომატიკა), ნევროზების, რეაქტიული მდგომარეობების (პათპფსიქოლოგია) განვითარებას. ფსიქიკური ტრავმის დამანგრეველი ძალა დამოკიდებულია ადამიანისათვის ტრავმირებადი მოვლენის ინდივიდუალურ მნიშვნელობაზე, მისი ფსიქოლოგიური დაცულობის ხარისხზე (სულიერი სიმტკიცე) და ბედის დარტყმებისადმი მდგრადობაზე (იხ. დაცვა ფსიქოლოგიური).
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა