ქსოვილი

  • თურმანიძის მალამოები

ქსოვილი – 1. (ბერძნ. histos ლათ. textus) ერთნაირი აგებულების, ფუნქციისა და განვითარების  უჯრედებისა და მათი წარმონაქმნების (უჯრედშორისი ნივთიერების) ისტორიულად ჩამოყალიბებული სისტემა. ქსოვილის ეს განმარტება, რომელიც ა.ა. ზავარზინს ეკუთვნის, ასახავს მისი სტრუქტურული კომპონენტების  –   უჯრედების მორფოლოგიურ, ფიზიოლოგიურ და გენეტიკურ თავისებურებებს. ევოლუციურ ჰისტოლოგიაში მიღებული ქსოვილის ამ განმარტების საფუძველზე არჩევენ ოთხი ტიპის ქსოვილს: მოსაზღვრე (ეპითელიურ), შიგა გარემოს, კუნთოვან და ნერვულ ქსოვილებს. ქსოვილების განვითარება ფილოგენეზში მიმდინარეობს ქსოვილოვანი სტრუქტურების პარალელიზმის კანონის შესაბამისად, რომელიც აღმოაჩინა ა.ა.ზავარზინმა. ონტოგენეზში ქსოვილების განვითარებას ახასიათებს  უჯრედების დეტერმინაცია, ჰეტეროქრონია და ინტეგრაცია, რომელთა შესახებ იხ.აღნიშნული ტერმინები, აგრეთვე „ჰისტოგენეზი“. ქსოვილი ისტორიულად (ფილოგენეზურად) ჩამოყალიბებულ უჯრედთა, არაუჯრედოვან სტრუქტურათა (უჯრედშორისი ნივთიერებების  –  ბოჭკოების, ძირითადი ნივთიერების ან მხოლოდ ძირითადი ნივთიერების) ცოცხალი სისტემაა, რომელსაც აგებულების ერთიანი გეგმა აქვს (ზოგ შეთხვევაში ერთნაირი წარმოშობა) და სპეციალიზებულია გარკვეული ფუნქციის შესასრულებლად. ქსოვილები ორგანოთა და მათი მორფო – ფუნქციური ერთეულების განვითარების, აგებულებისა და ცხოველმყოფელობის ელემენტებია. ქსოვილები უჯრედთა და არაუჯრედული (უჯრედთა წარმონაქმნები და უჯრედშორისი ნივთიერება) სისტემის კომპლექსებია, რომლებიც ევოლუციის პროცესში გაერთიანებულია და სპეციალიზებულია ორგანიზმის უმნიშვნელოვანეს ფუნქციათა შესასრულებლად. ქსოვილი  –  ევოლუციის პროცესში აღმოცენებული ორგანიზმის კერძო სისტემაა, შედგება ერთი ან რამდენიმე უჯრედთა დიფერონებისა და მათი წარმონაქმნებისაგან, ყველა მისი ელემენტის კოოპერაციული ურთიერთზემოქმედების გამო სპეციფიკური ფუნქციის უნარი აქვს. ქსოვილი უჯრედულ დიფერონთა სისტემაა, რომლის მორფოფუნქციური ორგანიზაცია ჰისტოგენეზის პროცესშია დეტერმინებული; წარმოადგენს ორგანოთა სტრუქტურულ ელემენტს და ქსოვილოვანი სისტემის ნაწილია. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) 2.  (ბიოლ.) წარმოშობის, აგებულებისა და ფუნქციების  მიხედვით ერთმანეთის მსგავსი უჯრედების სისტემა. ქსოვილის შემადგენლობაში შედის აგრეთვე ქსოვილოვანი სითხე და უჯრედთა ცხოველქმედების პროდუქტები.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.

Share this...Share on Facebook
Facebook