ჰაპლოიდია

ჰაპლოიდია – 1. (haploidia ბერძნ. haploos  –  ერთიანი, მარტივი) ქრომოსომების ერთმაგი მარტივი ნაკრები, რომელშიც თითოეული ქრომოსომა წარმოდგენილია მარტო მხოლობითი რიცხვით. ქრომოსომების ასეთი ნაკრები აქვს მომწიფებულ სასქესო უჯრედებს (სპერმატოზოიდებსა და კვერცხუჯრედებს), რომლებიც მეიოზური რედუქციის შედეგად კარგავენ ქრომოსომების საწყისი რიცხვის ნახევარს. ქრომოსომების ჰაპლოიდურ ნაკრებს ეწოდება აგრეთვე არაწყვილი, არასრული, ქრომოსომების სრული, ორმაგი, ანუ დიპლოიდური ნაკრებისგან განსხვავებით, რომელიც ჰომოლოგიური ქრომოსომების წყვილებს შეიცავს და სომატურ უჯრედებს ახასიათებს. ჰაპლოიდია აღინიშნება სიმბოლოთი  –  n, დიპლოიდია  –  2n. მომწიფებული სასქესო უჯრედების ჰაპლოიდურ ნაკრებში ქრომოსომების რიცხვი გამოირჩევა დიდი მუდმივობით. ადამიანის ჰაპლოიდური ნაკრები შედგება 23 ქრომოსომისგან (22 აუტოსომისა და ერთი სასქესო ქრომოსომისაგან). ტერმინი „ჰაპლოიდია“ შემოიღო სტრანსბურგერმა (1905). სინ.მონოპლოიდია. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

2.  ჰაპლოიდია  – მოვლენა, როდესაც უჯრედში ქრომოსომთა რაოდენობა განახევრებულია, ქრომოსომთა კომპლექტი არ არის წყვილი.

3. ჰაპლოიდია (haploidy) – ქრომოსომების ჰაპლოიდური რიცხვის არსებობა.


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.