ჰემოლიზურ – ურემიული სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჰემოლიზურ – ურემიული სინდრომი – 1. ეტიოლოგიური ფაქტორია შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებები. სიმსივნური პროცესი, ინფექციები, ორსულობა, სამკურნალწამლო საშუალებები. პათოფიზიოლოგიური სუბტრატია  –  ფიბრინოთრომბოციტული მიკროთრომბები. სინდრომი იწყება მწვავედ, ცხელებით, ოლიგოანურიით, ჰემორაგიული სინდრომით, აბდომინალგიით. ვითარდება თირკმელების მწვავე უკმარისობა პროტეინურიით. ჰემატურიით, ჰემოლიზური ანემიით. მიმდინარეობა მძიმე. [“3”]  2. ჰემოლიზურ – ურემიული სინდრომი  – (ბერძ. Haima სისხლი + lysis დაშლა, გახსნა; ბერძ. Uron შარდი + Haima სისხლი; სინ.: ჰასერის სინდრომი) სინდრომი, რომელიც ხასიათდება ჰემოლიზური ანემიის შერწყმით თრომბოციტოპენიასთან და თირკმლის მწვავე უკმარისობასთან. ხშირია ბავშვებში სიცოცხლის პირველ წელს, 5 წლის ასაკის ზემოთ აღწერილია ერთეული შემთხვევები. სინდრომი ვითარდება მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციების და კუჭ – ნაწლავის დაავაადებათა ფონზე, რიგ შემთხვევებში თანდაყოლილი იმუნოდეფიციტური მდგომარეობების ფონზე. სინდრომის წარმოქმნის წინასწარგანმწყობ ფაქტორებს მიეკუთვნება შაქრიანი დიაბეტი და ჰიპერლიპოპროტეინემია; გადამწყვეტი ფაქტორები შესაძლოა იყოს წითელას, ყვავილის, დიფტერიის, ტეტანუსის, პოლიომიელიტის საწინააღმდეგო აცრები. სინდრომის განვითარებაში გამოყოფენ პროდრომულ პერიოდს, ავადმყოფობის გაჩაღებისა და გამოჯანმრთელების პერიოდებს. პროდრომული პერიოდი გრძელდება 1 – დან 14 დღემდე და ხასიათდება რესპირაციული ვირუსული ინფექციით ან გასტროენტერიტით; პროდრომული პერიოდის ბოლოს ვლინდება ოლიგურია. დაავადების გაჩაღების პერიოდში კანი ღებულობს მოყვითალო ელფერს, მასზე ჩნდება პეტექიები, ეკქიმოზები; აღინიშნება ტახიკარდია, გულის ტონების მოყრუება, სისტოლური შუილი მწვერვალზე, არტერიული წნევა მატულობს. ავადმყოფთა უმრავლესობას აღენიშნებათ ჰეპატომეგალია, იშვიათად გადიდებულია ელენთა; ვლინდება კრუნჩხვები, შესაძლოა განვითარდეს სოპორი და კომა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა