აუტიზმი. ხშირი კითხვები

რა არის აუტიზმი?

აუტიზმი — ფსიქიკის ისეთი მდგომარეობა, როცა ინდივიდს ახასიათებს ჩაკეტილი ცხოვრება და გარემო სამყაროსაგან სრული მოწყვეტა. წარმოადგენს ავადმყოფურ კონცენტრაციას თავის თავზე. ავადმყოფი ცხოვრობს მის მიერვე შექმნილ არარეალურ სამყაროში. აუტიზმი გონებრივი მოშლილობა, რომელიც წარმოიშობა ადრეულ ასაკში და ხასიათდება საკუთარ თავში ჩაკეტვით, რომელსაც თან ახლავს რეალობისგან მოწყვეტა, სოციალური ინტერაქტიურობის შესაძლებლობის არქონა, განმეორებითი მოძრაობები და მეტყველების მოშლა.

აუტიზმის სიმპტომები

აუტიზმის სიმპტომები ჩვეულებრივ თავს იჩენენ ბავშვის ცხოვრების პირველი სამი წლის განმავლობაში და თან სდევენ მთელი ცხოვრების მანძილზე. 18 თვის ან 2 წლის ასაკში ბავშვი ვერ აღწევს ჩვეულებრივი განვითარების დონეს. მშობელსა და ბავშვს შორის ნორმალური ურთიერთობა ირღვევა. აუტისტი ბავშვები გაურბიან პირდაპირ მზერას და მათი მეტყველება რუდიმენტულია.

აუტიზმის  გამოხატვის ფორმები

გამოხატვის ხარისხის მიხედვით აუტიზმი მრავალნაირია. ყველაზე ძლიერ ფორმას ახასიათებს განმეორებადი, უჩვეულო, თვითსაზიანო და აგრესიული ქცევა. ასეთი ქცევა დიდხანს გრძელდება და მისი შეცვლა ძალიან რთულია. ყველაზე სუსტი ფორმა ჰგავს პიროვნულ დარღვევებს, რომელნიც დაკავშირებულნი არიან სწავლის უნარის დაქვეითებასთან. აუტისტ ბავშვებს იშვიათად შეუძლიათ დამოუკიდებელი ცხოვრება, ძლიერი თერაპიული ინტერვენციის, მშობლის ზრუნვის და ზოგჯერ ჰოსპიტალიზაციის და წამლების გარეშე.

აუტიზმის დიაგნოზის დასმა

გამოიყოფენ  ნიშანთა ერთობლიობაც, რომლის არსებობის პირობებში აუტიზმის დიაგნოზი ისმება. ეს ტრიადა, როგორც მას სპეციალისტები უწოდებენ, შემდეგია:
● აუტიზმის პირველი ნიშანი — სოციალური ურთიერთობების შემცირება ან ხარისხობრივი გაუარესება;
● აუტიზმის მეორე ნიშანი- სპეციფიკური მეტყველებითი პრობლემები (შეიძლება სიტყვათა მარაგი არც იყოს მცირე, მაგრამ აუტიზმის მეორე ადამიანთან ურთიერთობა მაინც შეუძლებელი ხდება);
● აუტიზმის მესამე ნიშანი  — გამეორებადობა, სიახლისადმი ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება, სტერეოტიპების დამკვიდრება.

>>> აუტიზმი


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.